არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 16 იანვარი
გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთის ბეთელი გადადის ჩელმსფორდში

ბრიტანეთის ბეთელი გადადის ჩელმსფორდში

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ბრიტანეთის ბეთელის ოჯახმა დაიწყო გადასვლა ახალ კომპლექსში, რომელიც ჩელმსფორდის მახლობლად, ესექსში მდებარეობს. 2020 წლის მარტის დასაწყისისთვის ბეთელის ოჯახის წევრები უკვე იცხოვრებენ და იმუშავებენ ახალ ფილიალში.

ბრიტანეთის ფილიალი 1959 წლიდან ლონდონში, მილ ჰილში მდებარეობდა. სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბების ზრდასთან ერთად, ფილიალი უფრო და უფრო მეტ შენობას ყიდულობდა, რომლებიც ლონდონის სხვადასხვა უბანში იყო განთავსებული და შესაბამისად, მათი მოვლა-პატრონობაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული; ამასთანავე ბეთელელ და-ძმებსაც ბევრი სიარული უწევდათ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ სხვადასხვა შენობაში. გარკვეული ხნის განმავლობაში ბრიტანეთის ფილიალში იბეჭდებოდა მსოფლიოში გამოცემული ჩვენი პუბლიკაციების 10 პროცენტი. თუმცა 2018 წლის მარტში, 92-წლიანი ბეჭდვითი საქმიანობის შემდეგ, ბრიტანეთის ფილიალმა შეწყვიტა პუბლიკაციების ბეჭდვა და სტამბა გაყიდა. a

სამშენებლო პროექტში მონაწილე და-ძმები ეგებებიან ბეთელელებს, რომლებიც გადადიან ახალ ფილიალში (2020 წლის 1 იანვარი)

ახალი ფილიალის მშენებლობა 5 წელს გაგრძელდა. დღესდღეობით ფილიალის საკუთრებაში არსებული ყველა შენობა ერთ ტერიტორიაზეა განთავსებული; ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ბეთელელების შრომისუნარიანობის ამაღლებას და შემოწირული თანხების დაზოგვას. ახალი კომპლექსი მოიცავს აუდიო-ვიდეო მომსახურების ორ შენობას, ოფისებს და ექვს საცხოვრებელ შენობას 400-ზე მეტი ბეთელელისთვის. კომპლექსში აგრეთვე შედის ერთი შენობა, რომელშიც განთავსებულია დარბაზი, სასადილო და სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილი სივრცე.

ამჟამად ბრიტანეთის ფილიალი ზედამხედველობას უწევს სამქადაგებლო საქმეს სხვადასხვა ტერიტორიაზე მათ შორის, ფოლკლენდის კუნძულებზე, გორნზე, ირლანდიაში, მენის კუნძულებზე, ჯერსიში და მალტაზე. ახალ ფილიალში მომზადდება აუდიო-ვიდეო მასალები და ელექტრონული პუბლიკაციები. გარდა ამისა, ფილიალი ზედამხედველობას გაუწევს 1 800-ზე მეტ კრებაში მომსახურე 150 000-ზე მეტი მაუწყებლის სამქადაგებლო საქმეს.

ექსკურსიები ფილიალში დაიწყება 2020 წლის 6 აპრილიდან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ სხვადასხვა გამოფენა ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიბლიის ისტორია ბრიტანეთსა და ირლანდიაში და ბეთელის როლი იეჰოვას მზარდ ორგანიზაციაში.

ფილიალის კომიტეტის წევრი, ძმა სტივენ ჰარდი, დაწყების დღიდანვე იყო ჩართული ახალი ფილიალის მშენებლობის საქმეში. მან თქვა: „იეჰოვას სულმა აღძრა უამრავი და-ძმა ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ პროექტში. შედეგებმა ბევრად გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს, რისთვისაც ვაქებთ და ვადიდებთ იეჰოვას“ (ეფესოელები 3:20).

a ამჟამად ცენტრალური ევროპის ფილიალი, რომელიც განთავსებულია ზელტერსში (გერმანია), ბეჭდავს ლიტერატურას ბრიტანეთის ფილიალისთვის.

 

ბრიტანეთის ფილიალის გამწვანებული ეზოს ხედი.

და მიმღებში თაროებზე აწყობს ლიტერატურას სტუმრებისთვის.

შტატგარეშე მოხალისეები ესწრებიან საორიენტაციო შეხვედრას ერთ-ერთ ახალ საკონფერენციო დარბაზში.

და-ძმები სადილობენ სასადილო ოთახში.

მიმღების შესასვლელთან განთავსებული წარწერა „სამეფო გზა“.