არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალი მთარგმნელობითი ოფისები და საცხოვრებელი შენობები: ცოცილი (მარცხნივ), საპოტეკური (მარჯვნივ ზემოთ) და ოტომი (მარჯვნივ ქვემოთ).

2022 წლის 31 აგვისტო
მექსიკა

ცენტრალურ ამერიკაში მთარგმნელობითი ოფისების რიცხვმა 25 შეადგინა

ცენტრალურ ამერიკაში მთარგმნელობითი ოფისების რიცხვმა 25 შეადგინა

ამა წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კიდევ ხუთმა ახალმა მთარგმნელობითმა ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება მექსიკაში. ამჟამად ცენტრალური ამერიკის ფილიალის ტერიტორიაზე მთარგმნელობითი ოფისების რიცხვი 25-ს შეადგენს. ტარასკულ, ცოცილ, საპოტეკურ (იშტმუსი), ოტომი და ჩოლ ენებზე არსებული მთარგმნელობითი ჯგუფები იქ გადავიდნენ, სადაც უმეტესობა მათ მშობლიურ ენაზე საუბრობს. მომდევნო თვეების მანძილზე ამ ტერიტორიაზე კიდევ 8 მთარგმნელობითი ოფისი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამას გარდა, ძმები კიდევ 34 მთარგმნელობითი ოფისის პროექტზე მუშაობენ.

ბევრი კარგი შედეგი მოჰყვება, როცა მთარგმნელები იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მუშაობენ, სადაც მათ ენაზე საუბრობენ. ერთი ცოცილენოვანი მთარგმნელი, მარსელა ერნანდესი, რომელიც მანამდე რამდენიმე წელი ფილიალში მსახურობდა, აღნიშნავს: „ფილიალში მსახურების დროს შევნიშნე, რომ აზრებს საკმაოდ რთულად ვაყალიბებდი. თუმცა ახლა, რაც კრებაში და-ძმების საუბარს ვისმენ და მათთან ერთად ვქადაგებ, თარგმნის დროს აზრებს უფრო ბუნებრივად გადმოვცემ“.

მთარგმნელობითი ოფისების სადა, კოხტა და სუფთა შენობები კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ხალხი ხშირად ჩერდება და ფოტოებსაც კი იღებს. ერთ ქალბატონზე, რომელსაც პატარა მაღაზია აქვს ჩვენი ოფისის მოპირდაპირე მხარეს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რა საქმე სრულდებოდა ამ შენობაში. ის ახლა რეგულარულად ასუფთავებს მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიასა და ტროტუარს. აი რას ამბობს ის: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ იმ შენობის სიახლოვეს ვმუშაობ, რომელიც ღვთისთვისაა მიძღვნილი“.

ცხადია, იეჰოვას დახმარების გარეშე ვერ განვახორციელებდით ასეთ პროექტებს. მადლიერები ვართ, რომ ის მხარს უჭერს მთარგმნელობით საქმეს (ფსალმუნი 127:1).