არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

რწმენის გამო დაპატიმრებულები — ყირიმი

რწმენის გამო დაპატიმრებულები — ყირიმი

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სასტიკი დევნის ობიექტები ამჯერად ყირიმში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები აღმოჩნდნენ. რუსეთში მთავრობამ არა მხოლოდ აკრძალა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების საქმიანობა, არამედ ის ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ბოლომდე აღკვეთოს მათი მშვიდობიანი თაყვანისმცემლობა. აკრძალვის შემდეგ, 2017 წლის აპრილიდან მოყოლებული, რუსეთში არაერთხელ დაარბიეს იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი შეკრებები, რის შედეგადაც არაერთი იეჰოვას მოწმე დააკავეს და დააპატიმრეს. ახლა კი მსგავს წინააღმდეგობას ყირიმში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ხვდებიან.

პირველი მასობრივი ჩხრეკა ყირიმში 2018 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ჯანკოიში ჩაატარეს, როდესაც 200-მდე სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში შეიჭრა. მოწმეები იქ პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ ბიბლიის განსახილველად. სულ მცირე, 35 შეიარაღებული ჯარისკაცი, ძალის გამოყენებით შეიჭრა ძმა სერგეი ფილატოვის სახლში, სადაც მოწმეთა 6-კაციანი ჯგუფი იყო შეკრებილი. ოფიცრებმა იარაღის მუქარით კედელთან მიაყენეს 78 წლის მამაკაცი, შემდეგ ძირს დააწვინეს, ხელბორკილები დაადეს და ისე სცემეს, რომ მისი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. უკიდურესი სტრესის შედეგად გამოწვეული მაღალი არტერიული წნევის გამო, საჭირო გახდა კიდევ ორი ხანდაზმული ძმის საავადმყოფოში გადაყვანა. ერთ ახალგაზრდა დას, რომლის სახლშიც რეიდი მოაწყვეს, სამწუხაროდ, მუცელი მოეშალა.

რეიდის შემდგომ ძმა სერგეი ფილატოვს ბრალად წაუყენეს „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის ორგანიზება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე. 2020 წლის 5 მარტს ყირიმის საოლქო სასამართლომ ძმა სერგეის 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა საერთო რეჟიმის კოლონიაში. განაჩენის გამოტანისთანავე ის ციხეში გადაიყვანეს.

2018 წელს ჯანკოიში ჩატარებული რეიდის შემდეგ სპეცრაზმი კვლავაც აგრძელებს რეიდების მოწყობას იმ იეჰოვას მოწმეთა სახლებში, რომლებიც ექსტრემიზმში არიან ეჭვმიტანილი. ბოლოს ამ ტერიტორიაზე 2023 წლის 22 მაისს ჩატარდა რეიდი. დილის 06:30-ზე ათზე მეტი სამართალდამცავი შეიჭრა ფეოდოსიაში მდებარე სახლში. სამართალდამცავებს შორის 5 მათგანი შეიარაღებული იყო. მათ მოწმეებს იატაკზე დაწოლა აიძულეს და უბრძანეს, რომ სანამ სახლის ჩხრეკას არ დაასრულებდნენ, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ამ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. ერთი ძმა დააკავეს და დასაკითხად სევასტოპოლში გადაიყვანეს.

რეიდებისა და სასამართლო საქმეების შედეგად ამჟამად 9 იეჰოვას მოწმე იხდის სასჯელს, რომელთა პატიმრობის ვადა ექვსწელიწად-ნახევარს შეადგენს. ყველა მათგანს ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა.

დროის დიაგრამა

  1. 2024 წლის 17 აპრილი

    ყირიმში 9 იეჰოვას მოწმე იმყოფება პატიმრობაში.

  2. 2023 წლის 22 მაისი

    სამართალდამცავებმა ფეოდოსიაში მოწმეების სახლში რეიდი მოაწყვეს. დააკავეს 1 ძმა და მოახდინეს ელექტრონული მოწყობილობების კონფისკაცია.

  3. 2021 წლის 5 აგვისტო

    ჩხრეკა ჩატარდა იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში. დააკავეს ალექსანდრე დუბოვენკო და ალექსანდრე ლიტვინიუკი.

  4. 2020 წლის 1 ოქტომბერი

    ქალაქ სევასტოპოლში 9 სახლი გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დააკავეს ძმა იგორ შმიდტი და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  5. 2019 წლის 4 ივნისი

    სევასტოპოლში სპეცრაზმელებმა ათ ბინაში ჩაატარეს რეიდი. მოგვიანებით ძმა ვიქტორ სტაშევსკის ბრალად წაუყენეს ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზება.

  6. 2019 წლის 20 მარტი

    სპეცრაზმმა ქალაქებში ალუპკსა და იალტაში იეჰოვას მოწმეთა 8 სახლში რეიდები მოაწყვეს. არტემ გერასიმოვი დაკითხეს და ბრალი დასდეს ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზებაში.

  7. 2018 წლის 15 ნოემბერი

    ყირიმში სამართალდამცავებმა და უსაფრთხოების სამსახურის 200-ზე მეტმა ჯარისკაცმა ჩხრეკა ჩაატარა იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში, მათ შორის, ძმა სერგეის სახლში.