მარკოზის სახარება 1:1—45

  • იოანე ნათლისმცემლის ქადაგება (1—8).

  • იესოს ნათლობა (9—11).

  • სატანის მიერ იესოს გამოცდა (12, 13).

  • იესო ქადაგებას გალილეაში იწყებს (14, 15).

  • პირველი მოციქულების არჩევა (16—20).

  • უწმინდური სულის განდევნა (21—28).

  • იესო კაპერნაუმში ბევრს კურნავს (29—34).

  • ლოცვა უკაცრიელ ადგილას (35—39).

  • კეთროვნის განკურნება (40—45).

1  ასე იწყება სახარება იესო ქრისტეს, ღვთის ძის, შესახებ.  ესაია წინასწარმეტყველს უწერია: «(აი, შენ წინ ვგზავნი ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს.)+  უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის: „მოამზადეთ იეჰოვას* გზა, მოასწორეთ მისი სავალი!“»+  იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ქადაგებდა, რომ ხალხს ცოდვების მისატევებლად მოენანიებინა და მონათლულიყო.+  მთელი იუდეისა და იერუსალიმის მკვიდრნი მასთან მიდიოდნენ, საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს და ისიც ნათლავდა მათ მდინარე იორდანეში.+  იოანეს აქლემის ბეწვის სამოსი ეცვა, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა+ და კალიებითა და ველური თაფლით იკვებებოდა.+  ის ასე ქადაგებდა: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია და მე იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ დავიხარო და სანდლის თასმები შევუხსნა.+  მე წყლით მოგნათლეთ, ის კი წმინდა სულით მოგნათლავთ“.+  იმ დღეებში გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან ჩამოვიდა იესო და იოანემ ის იორდანეში მონათლა.+ 10  წყლიდან რომ ამოდიოდა, დაინახა, რომ გაიხსნა ცა და ღვთის სული მასზე მტრედის სახით ეშვებოდა.+ 11  და აი, ხმაც გაისმა ციდან: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე! მე მოგიწონე!“+ 12  სულმა* იესო მაშინვე უდაბნოში წაიყვანა. 13  იესო უდაბნოში 40 დღე იყო, სადაც იგი სატანამ გამოსცადა.+ იქ მხეცებიც ბინადრობდნენ; ანგელოზები გვერდში ედგნენ მას.+ 14  იოანეს დაპატიმრების შემდეგ იესო გალილეაში+ წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა:+ 15  „დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო. მოინანიეთ+ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა!“ 16  ერთხელ, როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა, რომ სიმონი და მისი ძმა ანდრია,+ რომლებიც მებადურები იყვნენ,+ ბადეებს ისროდნენ ზღვაში.+ 17  იესომ მათ უთხრა: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“+ 18  მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+ 19  ცოტა გაიარა და დაინახა ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ნავში ბადეებს აკერებდნენ,+ 20  და მაშინვე მოუხმო მათ. მათაც დატოვეს თავიანთი მამა ზებედე და ნავში მყოფი მოჯამაგირეები და გაჰყვნენ მას. 21  ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ. შაბათის დადგომისთანავე ის სინაგოგაში შევიდა და ხალხს ასწავლიდა.+ 22  ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან მწიგნობრებისგან განსხვავებით იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.+ 23  იმ დროს სინაგოგაში ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი იყო, რომელიც ყვიროდა: 24  „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ვიცი, ვინცა ხარ; ღვთის წმინდა ხარ!“+ 25  იესომ შერისხა ის და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ 26  უწმინდურმა სულმა ის კაცი კრუნჩხვებში ჩააგდო, მთელი ხმით დაიყვირა და გამოვიდა. 27  ხალხი ამან იმდენად განაცვიფრა, რომ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა: „ეს რა არის? რაღაც ახალი მოძღვრებაა! უწმინდურ სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“. 28  მისი ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ გალილეაში. 29  გამოვიდნენ სინაგოგიდან იესო, იაკობი, იოანე, სიმონი და ანდრია და ყველანი სიმონისა და ანდრიას სახლში წავიდნენ.+ 30  სიმონის სიდედრი+ სიცხიანი იწვა. ეს მაშინვე აცნობეს იესოს. 31  იგი მივიდა მასთან, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქალს სიცხემ დაუწია, ადგა და მოემსახურა მათ. 32  საღამო ხანს, მზე რომ ჩავიდა, ხალხმა მასთან ავადმყოფებისა და დემონებით შეპყრობილთა მიყვანა დაიწყო.+ 33  მთელმა ქალაქმა კართან მოიყარა თავი. 34  ის კი სხვადასხვა სნეულებით დაავადებულ უამრავ ავადმყოფს კურნავდა+ და დემონებს დევნიდა, თუმცა მათ ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა, რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო*. 35  დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ადგა, გარეთ გავიდა, ერთ უკაცრიელ ადგილას მივიდა და ლოცვა დაიწყო.+ 36  სიმონმა და მასთან ერთად მყოფებმა ძებნა დაუწყეს მას 37  და, როცა იპოვეს, უთხრეს: „ყველანი შენ გეძებთ“. 38  მან უთხრა მათ: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო ქალაქებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“.+ 39  წავიდა, მთელი გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა და დემონებს დევნიდა.+ 40  მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა და შეევედრა: „თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“.+ 41  იესოს გული დაეწვა, ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიკურნე!“+ 42  მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიკურნა. 43  იესომ გაუშვა და თან მკაცრად გააფრთხილა: 44  „იცოდე, არავის არაფერი მოუყვე. წადი, მღვდელს ეჩვენე და შენი განკურნებისთვის შესწირე ის, რაც მოსემ დააწესა,+ და ეს მოწმობა იქნება მღვდლებისთვის“.+ 45  ის კი წავიდა და იქაურობას მოსდო ეს ამბავი, ყველას ამაზე ელაპარაკებოდა. იესო თავისუფლად ვეღარ შედიოდა ქალაქში და ამიტომ გარეთ, უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა, ხალხი კი ყოველი მხრიდან მაინც მიდიოდა მასთან.+

სქოლიოები

იგულისხმება ღვთის სული.
ან შესაძლოა: „იცოდნენ, ვინ იყო“.