არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით თანამგრძნობი

იყავით თანამგრძნობი

პრობლემა

თუ მხოლოდ იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ სხვები ჩვენგან განსხვავდებიან, ეს შეიძლება მათ ნაკლად მივიჩნიოთ და ზემოდან დავუწყოთ ყურება. ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ხელს შეგვიშლის თანაგრძნობის გამოვლენაში. თუ გიჭირთ სხვების თანაგრძნობა, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ წინასწარშექმნილი აზრის ტყვეობაში ხართ, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

ბიბლიური პრინციპი

„მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15).

დასკვნა: ამ პრინციპიდან ჩანს, რომ თანამგრძნობები უნდა ვიყოთ, ანუ საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ და მათი გრძნობები გავიზიაროთ.

რაში გვეხმარება თანაგრძნობა?

როცა თანაგრძნობას ვავლენთ, სხვებთან ბევრ საერთოს ვპოულობთ; ვხვდებით, რომ მათაც ჩვენნაირი გრძნობები აქვთ და ჩვენსავით რეაგირებენ; იმასაც ვაცნობიერებთ, რომ წარმომავლობის მიუხედავად ყველა ერთ დიდ ოჯახს მივეკუთვნებით. თუ დავაკვირდებით, სხვებთან რა გვაქვს საერთო, ნაკლებად გაგვიჩნდება მათი განსჯის სურვილი.

თანაგრძნობა სხვების მიმართ პატივისცემით განგვაწყობს. ანა-მარია, რომელიც სენეგალში ცხოვრობს, ზემოდან უყურებდა დაბალი კასტის ხალხს. ის გვიხსნის, როგორ დაეხმარა თანაგრძნობა დამოკიდებულების შეცვლაში: „როცა დავინახე, რამდენ რამეს უძლებდა ეს ხალხი, თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე და მივხვდი, რომ არაფრით ვიყავი მათზე უკეთესი და არც არაფრით ვუპირატესობდი“. რაც მეტად შევალთ სხვების მდგომარეობაში, მით მეტად თანავუგრძნობთ მათ და ნაკლებად კრიტიკულები ვიქნებით.

როგორ უნდა მოიქცეთ?

ეცადეთ, ყურადღება იმაზე კი არ გაამახვილოთ, თუ რით განსხვავდებიან სხვები თქვენგან, არამედ იმაზე, თუ რა საერთო გაქვთ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ ისინი, როცა . . .

თუ თანამგრძნობები ვიქნებით, გაგვიადვილდება, ყველა ერთი დიდი ოჯახის წევრად მივიჩნიოთ.

  • ოჯახთან ერთად სადილობენ.

  • დამქანცველი დღის ბოლოს სახლში ბრუნდებიან.

  • მეგობრებთან ერთად დროს ატარებენ.

  • საყვარელ მუსიკას უსმენენ.

შეეცადეთ, მათ ადგილას დააყენოთ თავი. დაფიქრდით:

  • რას ვიგრძნობდი, თუ სხვები ჩემს ღირსებას გათელავდნენ?

  • რას ვიგრძნობდი, თუ ისეთი ადამიანები განმსჯიდნენ, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ?

  • როგორ მოპყრობას ვისურვებდი, თუ იმ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვიქნებოდი, რომელთა მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს?