არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რაზე მოწმობს სამყარო?

რაზე მოწმობს სამყარო?

სამყაროს ასტრონომები დღემდე აღტაცებაში მოჰყავს. ამიტომ ახალ-ახალ ხელსაწყოებს ქმნიან, რომ უკეთ შეისწავლონ ის. მაინც რა აღმოაჩინეს მათ?

სამყაროში სრული წესრიგია. „გალაქტიკები ქაოსურად კი არ არის მიმოფანტული, არამედ მოწესრიგებულადაა განლაგებული“, — აღნიშნულია ჟურნალში „ასტრონომია“. რა განაპირობებს ასეთ წესრიგს? მეცნიერების აზრით, ეს უხილავი მატერიის დამსახურებაა, რომელსაც „ბნელ მატერიას“ უწოდებენ. იმავე ჟურნალში ნათქვამია: „ბნელი მატერია უხილავი ძალაა, . . რომელიც ერთად უყრის თავს . . . გალაქტიკებს, გალაქტიკათა გროვებსა და ზეგროვებს“.

რა განაპირობებს სამყაროში ასეთ წესრიგს? შეიძლება ეს შემთხვევითობას მივაწეროთ? მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ასტრონომმა, ალან სანდიჯიმ, რომელიც არ უარყოფდა შემოქმედის არსებობას, თქვა:

„დაუჯერებლად მიმაჩნია, რომ ასეთი წესრიგი ქაოსისგან წარმოქმნილიყო. ფაქტია, ეს ყველაფერი რაღაც ძალით იმართება“.

სამყაროში სასიცოცხლოდ ყველანაირი პირობა არსებობს. მაგალითისთვის ვიმსჯელოთ სუსტი ურთიერთქმედების პროცესზე. სუსტი ურთიერთქმედების შედეგად მზე სტაბილური ტემპით იწვის. ურთიერთქმედება უფრო სუსტი რომ ყოფილიყო, მზე ამხელა ენერგიის წყარო არ იქნებოდა, ხოლო უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, ის დიდი ხნის წინ ჩაქრებოდა.

სუსტი ურთიერთქმედება ერთ-ერთია იმ ფიზიკური კანონებიდან, რომლებიც სამყაროში სიცოცხლის არსებობას უწყობს ხელს. მეცნიერი ენილ ანანთასვამი აღნიშნავს: „ერთი ფიზიკური კანონიც რომ ყოფილიყო განსხვავებული, ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები უბრალოდ არ იარსებებდნენ და არც სიცოცხლე იქნებოდა შესაძლებელი“.

სამყარო იდეალური საცხოვრებელია ადამიანებისთვის. გარდა იმისა, რომ დედამიწაზე საკმარისი რაოდენობის წყალია, მას უნიკალური გარსი, ატმოსფერო აკრავს. ამასთანავე, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი, მთვარე ზუსტად იმ მოცულობისაა, რაც საჭიროა, რომ დედამიწამ კოსმოსში სათანადო მდებარეობა შეინარჩუნოს. „მხოლოდ ჩვენს პლანეტაზეა სასიცოცხლოდ აუცილებელი გეოლოგიური, ეკოლოგიური და ბიოლოგიური გარემო“, — აღნიშნულია ერთ ჟურნალში (National Geographic). *

როგორც ერთი მეცნიერი წერს, მზის სისტემა საკმაოდ დაშორებულია სხვა ვარსკვლავებისგან, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას განაპირობებს. დედამიწა ვარსკვლავებთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, მაგალითად ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ან ეგრეთ წოდებულ „სპირალურ მკლავში“, სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. თუმცა მზის სისტემას იდეალური მდებარეობა აქვს, რომელსაც მეცნიერები „გალაქტიკურ სასიცოცხლო ზონას“ უწოდებენ.

არაერთი დაკვირვების შემდეგ ფიზიკოსმა პოლ დეივისმა დაასკვნა, რომ შეუძლებელია, სამყარო შემთხვევით გაჩენილიყო. მისი თქმით, სიცოცხლის არსებობას თავისი მიზანი აქვს. პოლ დეივისი იმ აზრს როდი უჭერს მხარს, რომ სამყარო და ადამიანი ღმერთმა შექმნა. თქვენ რას ფიქრობთ? შემოქმედის არსებობაზე ხომ არ მოწმობს ის ფაქტი, რომ სამყაროში თუ ჩვენს პლანეტაზე სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველანაირი პირობაა შექმნილი?

^ აბზ. 8 ჟურნალში დაბეჭდილი სტატიის მიზანი შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა არ ყოფილა. სტატიაში საუბარი იყო, რამდენად კომფორტული საცხოვრებელია დედამიწა ადამიანებისთვის.