არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

რა ზომები უნდა მიიღოთ საგანგებო სიტუაციების დროს

რა ზომები უნდა მიიღოთ საგანგებო სიტუაციების დროს

„აფეთქების ხმა იმდენად გამაყრუებელი იყო, რომ კინაღამ იატაკს დავენარცხე. ცოტა ხანში ჩვენს მრავალსართულიან საოფისე შენობაში სავენტილაციო სისტემიდან კვამლი შემოვიდა; შენობა მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა“ (ჯოშუა).

მიწისძვრა, ქარიშხალი, ტერორისტული თავდასხმა, შემზარავი ტრაგედია სკოლაში — ხშირად ამ სიტყვებითაა დასათაურებული ჟურნალ-გაზეთების სტატიები. ერთია, წაიკითხო ამის შესახებ, მაგრამ სულ სხვაა, თავად გამოსცადო მსგავსი რამ. რის გაკეთება შეგიძლიათ საგანგებო სიტუაციის შექმნამდე, მის დროს და მის შემდეგ გადარჩენის შანსის გასაზრდელად?

საგანგებო სიტუაციამდე მოემზადეთ!

არავინაა დაზღვეული უბედური შემთხვევისგან. სიცოცხლის გადასარჩენად წინასწარ მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია. რა შედის მომზადებაში?

  • ფსიქოლოგიურად მოემზადეთ. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ უბედური შემთხვევები მწარე რეალობაა და ადრე თუ გვიან სავსებით შესაძლებელია, თქვენ და თქვენი ახლობლები დადგეთ ამ საფრთხის წინაშე. ამიტომ მომზადება წინასწარ უნდა დაიწყოთ, თორემ მერე გვიან იქნება.

  • მიიღეთ ინფორმაცია იმ საგანგებო სიტუაციების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენს რაიონში შეიქმნას. გაიგეთ, სად არის თავშესაფრები. შეამოწმეთ, რამდენად მდგრადი და უსაფრთხოა თქვენი საცხოვრებელი სახლი და რამდენად უსაფრთხო ადგილას მდებარეობს. მინიმუმამდე დაიყვანეთ ხანძრის გაჩენის ალბათობა. დაამონტაჟეთ კვამლის დეტექტორები და, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ ელემენტები.

  • წინასწარ მოიმარაგეთ პირველადი მოხმარების ნივთები. საგანგებო სიტუაციის დროს შეიძლება გაწყდეს სატელეფონო კავშირი, შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ელექტროენერგიისა თუ წყლის მიწოდება. თუ მანქანა გყავთ, შეეცადეთ, ავზი ნახევრად მაინც გქონდეთ საწვავით სავსე. მოიმარაგეთ საკვები და წყალი, თავი მოუყარეთ პირველადი საჭიროების ნივთებს (იხილეთ ჩარჩო „ მოუყარეთ თავი ყველა აუცილებელ ნივთს?“).

    მომზადება აუცილებელია თქვენი გადარჩენისთვის

  • გქონდეთ ახლოს თუ შორს მცხოვრები მეგობრების ტელეფონის ნომრები.

  • შეიმუშავეთ ევაკუაციის გეგმა და შესაბამისად მოემზადეთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად არის უახლოესი გასასვლელები შენობაში, სადაც იმყოფებით. გაეცანით იმ სკოლის ევაკუაციის გეგმას, სადაც თქვენი შვილი სწავლობს. წინასწარ შეთანხმდით, სად შეიკრიბებით ოჯახის წევრები საგანგებო სიტუაციის დროს. ამისთვის შეარჩიეთ ორი ადგილი, მაგალითად სკოლა ან პარკი, რომელთაგან ერთი საცხოვრებელთან ახლოს იქნება, მეორე კი — მოშორებით. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები გვირჩევენ, კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან ერთად წინასწარ გაივარჯიშებთ, როგორ მიხვიდეთ შეხვედრის ადგილამდე.

  • დაგეგმეთ, როგორ დაეხმარებით სხვებს, მაგალითად ხანდაზმულებს, ინვალიდებს ან მათ, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ იმოქმედეთ!

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯოშუა იხსენებს: „როცა ხანძარი გაჩნდა, უმეტესობა პანიკაში არ ჩავარდნილა, პირიქით, აყოვნებდნენ გასვლას. ზოგი კომპიუტერს რთავდა, ზოგი კი ბოთლს წყლით ავსებდა. ერთი კაცი იმასაც კი ამბობდა, ხომ არ ჯობია, ცოტა მოვიცადოთო“. სხვების პასიურობამ ჯოშუა არ დააბნია. ის გამალებით ყვიროდა: „ახლავე უნდა დავტოვოთ აქაურობა!“. ამან მისი თანამშრომლები გამოაფხიზლა და ისინიც მასთან ერთად კიბეებისკენ გაიქცნენ. გზადაგზა ჯოშუა მათ ეუბნებოდა: „თუ ვინმე დაეცემა, წამოაყენეთ და სვლა განაგრძეთ! ნუ გეშინიათ, ყველანი გადავრჩებით!“.

  • ხანძრის დროს. გაწექით იატაკზე და რაც შეიძლება სწრაფად მიხოხდით უახლოესი გასასვლელისკენ. როცა ოთახი კვამლით ივსება, რთულია რამის დანახვა. ხანძრის დროს, ძირითადად, კვამლის ჩასუნთქვის შედეგად იღუპებიან. ნუ შეეცდებით პირადი ნივთების გატანას. გახსოვდეთ, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში წამებიც კი გადამწყვეტია!

  • მიწისძვრის დროს. შეძვერით მასიური ავეჯის ქვეშ ან დადექით საყრდენ კედელთან. ვინაიდან განმეორებითი ბიძგები მოსალოდნელია, გარეთ გადით და რაც შეიძლება შორს იყავით შენობებისგან. შეიძლება საათები გავიდეს, სანამ მაშველები მოვლენ, ამიტომ შეეცადეთ, გადაარჩინოთ სხვები.

  • ცუნამის დროს. თუ სანაპიროდან წყალი სწრაფად იხევს უკან, საჩქაროდ გაიქეცით შემაღლებული ადგილისკენ, რადგან მოსალოდნელია, რომ ნაპირს გიგანტური ტალღები მოასკდეს.

  • ქარიშხლის ან ქარბორბალას დროს. დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი უსაფრთხო ადგილს.

  • წყალდიდობის დროს. თავი შორს დაიჭირეთ დატბორილი შენობებისგან. ნურც ივლით და ნურც მანქანით გადაადგილდებით გამდინარე წყალში, რადგან წყლის ნაკადს მოყვება ფეკალიები და ათასგვარი ნაგავი თუ ნარჩენი; ამასთანავე, წყლის ქვეშ შეიძლება მოქცეული იყოს ღია საკანალიზაციო ჭები ან ელექტროგადამცემი კაბელები.

  • იცოდით, რომ ნახევარი მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადსაც კი შეუძლია მანქანა წაიღოს? წყალდიდობის დროს ადამიანები, ძირითადად, გამდინარე წყალში მანქანით გადაადგილებისას იღუპებიან.

  • თუ შესაბამისი სამსახურები ევაკუაციისკენ მოგიწოდებენ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ! შეატყობინეთ მეგობრებს თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება თქვენი ძებნა დაიწყონ და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ.

    თუ შესაბამისი სამსახურები ევაკუაციისკენ მოგიწოდებენ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ

  • იცოდით, რომ ასეთ დროს ტექსტური შეტყობინება შეიძლება უფრო ადვილად მივიდეს ადრესატამდე, ვიდრე ხმოვანი შეტყობინება?

  • თუ შესაბამისი სამსახურები მოგიწოდებენ, დარჩეთ სახლში ან თავშესაფარში, ნუ გახვალთ გარეთ! ქიმიური, ბიოლოგიური თუ ბირთვული კატასტროფის ან თავდასხმის დროს დარჩით შენობაში, გამორთეთ სავენტილაციო სისტემა და ამოქოლეთ კარებისა და ფანჯრების ღრიჭოები. ბირთვული კატასტროფის დროს დასხივების დოზის შესამცირებლად რეკომენდებულია ყველაზე დაბალ სართულზე, შენობის შუა ნაწილში მოქცეულ ოთახებში ყოფნა. მოუსმინეთ ან უყურეთ ახალ ამბებს. არ გამოხვიდეთ გარეთ, სანამ არ გამოცხადდება, რომ საფრთხემ გადაიარა.

საგანგებო სიტუაციის შემდეგ გაუფრთხილდით თავს!

დაინფიცირებისა თუ სხვადასხვა საფრთხისგან თავის დასაცავად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

  • თუ შესაძლებელია, დარჩით მეგობრებთან და არა თავშესაფარში.

  • დაიცავით სისუფთავე!

  • ნაგვისა თუ ნარჩენების გატანის დროს გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა, მაგალითად, დამცავი ხელთათმანები, გამძლე ფეხსაცმელი, ჩაფხუტი და რესპირატორი. ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით არ წააწყდეთ ცხელ კერებს, რომლებიც შეიძლება ადვილად აალდეს. აგრეთვე ერიდეთ ელექტროკაბელებს.

  • შეეცადეთ, მიჰყვეთ ჩვეულ განრიგს. თქვენმა შვილებმა არ უნდა იგრძნონ, რომ ღელავთ; პირიქით, დაანახვეთ მათ, რომ მშვიდად და იმედიანად ხართ. როგორც ყოველთვის, ამეცადინეთ, ათამაშეთ, ერთად შეისწავლეთ ბიბლია და ილოცეთ. გამუდმებით ნუ ადევნებთ თვალს ახალ ამბებს, რომელიც შექმნილ სიტუაციას ეხება. თავს ნუ მოახვევთ ოჯახის წევრებს თქვენს უარყოფით გრძნობებს. მზად იყავით, მიიღოთ დახმარება და სხვებსაც გაუწოდოთ დახმარების ხელი.

    საგანგებო სიტუაციის შემდეგ შეეცადეთ, მიჰყვეთ ჩვეულ განრიგს

  • შეეგუეთ დანაკარგს. შესაბამისი სამსახურებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიზანი ადამიანთა გადარჩენაა და არა ზარალის მთლიანად ანაზღაურება. მთავარია, გქონდეთ სუფთა წყალი, საკვები, ტანსაცმელი და თავშესაფარი (1 ტიმოთე 6:7, 8).

  • ამოიცანით ფსიქოლოგიური ტრავმის სიმპტომები და მიიღეთ ზომები. ხშირად ასეთი სიმპტომები პირველი შოკის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. ეს სიმპტომებია: შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ხასიათის ცვალებადობა, კონცენტრირების უნარისა თუ შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვა. ამ დროს კარგია, თუ გულს გადაუშლით თანამგრძნობ მეგობრებს.

მართალია, სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯოშუა ხანძრის დროს გადარჩა, მაგრამ ბევრი მისი თანამშრომელი დაიღუპა. მან დახმარება მიიღო ქრისტიანული კრების უხუცესებისა და ფსიქოთერაპევტებისგან. ჯოშუა იხსენებს: „მათ ამიხსნეს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში სავსებით ბუნებრივია, ძლიერ ემოციურ ტკივილს გრძნობდე, რაც დროთა განმავლობაში გამივლიდა. ექვსი თვის შემდეგ თითქმის აღარ მესიზმრებოდა კოშმარები, თუმცა სხვა სიმპტომები უფრო დიდხანს გამიგრძელდა“.

ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანს პროტესტის გრძნობა უჩნდება. ზოგი არასწორად ასკვნის, რომ მომხდარში ღმერთია დამნაშავე, ბევრი კი თავს იდანაშაულებს. ასე იყო ჯოშუას შემთხვევაშიც. ის ამბობს: „დღემდე მოსვენებას მიკარგავს იმაზე ფიქრი, ხომ არ შემეძლო უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა. მანუგეშებს იმის ცოდნა, რომ მალე ღმერთი მდგომარეობას გამოასწორებს და სამართლიანობას აღადგენს. ვიდრე ეს დრო დადგება, მინდა, მადლიერი ვიყო ყოველი დღისთვის და ყველანაირად გავუფრთხილდე სიცოცხლეს“ (გამოცხადება 21:4, 5). *

^ აბზ. 33 თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მომავალს გვპირდება ღმერთი და რატომ უშვებს ადამიანთა ტანჯვას, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან www.dan124.com.