არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“

„ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“

წარმოიდგინე, რომ გვიან ღამით მარტო მიდიხარ ქუჩაში. უეცრად გრძნობ, რომ უკან ვიღაც მოგყვება. ჩერდები თუ არა, ისიც ჩერდება. ააჩქარებ ფეხს და ისიც უჩქარებს ნაბიჯს. შეშინებული იქვე მცხოვრები მეგობრის სახლისკენ გარბიხარ. როცა მეგობარი კარს გიღებს და სახლში გეპატიჟება, მაშინვე მშვიდდები.

შესაძლოა მსგავს სიტუაციაში არასდროს ყოფილხარ, მაგრამ სხვა ცხოვრებისეული სიტუაციები გაშინებს. ებრძვი სისუსტეს, რომლის დაძლევაც ძალიან გინდა, მაგრამ ის დროდადრო ისევ იჩენს თავს? დიდი ხანია, უმუშევარი ხარ და, არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამსახურს მაინც ვერ შოულობ? გემატება ასაკი და გაშინებს ჯანმრთელობის გაუარესება? ან იქნებ სხვა პრობლემებს ებრძვი?

რაც უნდა იყოს, ალბათ, მადლიერი იქნებოდი, თუ გვერდით გეყოლებოდა ვინმე, ვინც შენს საწუხარს გაიზიარებდა და საჭირო დახმარებას აღმოგიჩენდა. გყავს ასეთი მეგობარი? რა თქმა უნდა, გყავს. იეჰოვაა შენი მეგობარი ისევე, როგორც პატრიარქ აბრაამის მეგობარი იყო, რის შესახებაც ესაიას 41:8—13-ში ვკითხულობთ. მე-10 და მე-13 მუხლებში იეჰოვა გეუბნება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ . . . მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“.

ჩემს „მარჯვენას ჩაგჭიდებ“

განა არ გამშვიდებს ეს სიტყვები?! წარმოიდგინე შენი თავი ამ სიტუაციაში. ამ მუხლებში საუბარი არ არის იმაზე, რომ შენ იეჰოვასთან ხელიხელჩაკიდებული დადიხარ, თუმცა ამის წარმოდგენაც სასიამოვნო იქნებოდა. ამ შემთხვევაში ის თავის მარჯვენას მარცხენა ხელზე ჩაგჭიდებდა. მაგრამ იეჰოვას თავისი „სიმართლის მარჯვენით“ „შენი მარჯვენა“ უჭირავს, თითქოს რთული ცხოვრებისეული სიტუაციიდან ამოჰყავხარ. ამ დროს ის გარწმუნებს: „ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“.

არის იეჰოვა შენთვის მოსიყვარულე მამა და მეგობარი, რომელიც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელს გამოგიწვდის? ის ფიქრობს შენზე, დაინტერესებულია შენი კეთილდღეობით და გადაწყვეტილი აქვს, დაგეხმაროს. როცა გასაჭირში ხარ, იეჰოვას უნდა, რომ მშვიდად იგრძნო თავი, რადგან ძალიან უყვარხარ. ის მოგგვრის შვებას, „რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (ფსალმ. 46:1).

წუხილი წარსულში დაშვებული შეცდომების გამო

ზოგს მოსვენებას არ აძლევს წარსულის შეცდომები და ეჭვი ეპარება, რომ ღმერთმა აპატია ისინი. თუ ეს შენს შემთხვევაშიც ასეა, დაფიქრდი ერთგულ იობზე, რომელმაც აღიარა, რომ ახალგაზრდობაში შეცდომებს უშვებდა (იობ. 13:26). მსგავსი გრძნობები ჰქონდა ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელიც ევედრებოდა იეჰოვას: „ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობაში ჩადენილ ცოდვებსა და ურჩობას“ (ფსალმ. 25:7). არასრულყოფილების გამო ყველანი ვცოდავთ და მოკლებულნი ვართ „ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23).

ესაიას 41-ე თავში ჩაწერილი სიტყვებით იეჰოვამ თავიდან ისრაელ ერს მიმართა. ისინი მძიმედ სცოდავდნენ. ამიტომ იეჰოვამ გადაწყვიტა, დაესაჯა ისინი და ბაბილონში გადაესახლებინა (ეს. 39:6, 7). თუმცა იეჰოვამ წინასწარ განჭვრიტა დრო, როცა დაიხსნიდა იმ ისრაელებს, რომლებიც მოინანიებდნენ და დაუბრუნდებოდნენ მას (ეს. 41:8, 9; 49:8). იეჰოვა დღესაც დიდსულოვნად ექცევა მათ, ვისაც გულწრფელად სურს მისგან წყალობის მიღება (ფსალმ. 51:1).

განვიხილოთ ერთი იაპონელი ძმის, ტაროს * შემთხვევა, რომელიც ცდილობდა, თავი დაენებებინა პორნოგრაფიის ყურებისა და მასტურბაციის უწმინდური ჩვევისთვის. ამ ცუდმა ჩვევებმა არაერთხელ იჩინა თავი. რას გრძნობდა ის? „თავს უვარგისად ვგრძნობდი, მაგრამ იეჰოვასთვის ლოცვაში პატიების თხოვნის შემდეგ ის ყოველთვის წამომაყენებდა ხოლმე ფეხზე“. როგორ აკეთებდა იეჰოვა ამას? ტაროს თავისი კრების უხუცესებმა უთხრეს, რომ მათთვის დაერეკა, როცა ეს სისუსტეები სძლევდა. ტარო აღიარებს, რომ ამის გაკეთება ადვილი არ იყო, თუმცა მათთან საუბარი ძალებს მატებდა. უხუცესებმა იზრუნეს, რომ სარაიონო ზედამხედველს მოენახულებინა ტარო. სარაიონო ზედამხედველმა უთხრა მას: „შენთან შემთხვევით არ მოვსულვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ უხუცესებს უნდოდათ, შენთან მოვსულიყავი. მათ აგირჩიეს, რომ სამწყემსო მონახულება გქონოდა“. ტარო იხსენებს: „მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ჩავდიოდი, იეჰოვას უარი არ უთქვამს უხუცესების მეშვეობით ჩემს დახმარებაზე“. მან დროთა განმავლობაში სულიერად წინ წაიწია და პიონერადაც დაიწყო მსახურება. ამჟამად ის ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს. როგორც ეს ძმა წამოაყენა იეჰოვამ დაცემული მდგომარეობიდან, ისე წამოგაყენებს შენც.

წუხილი სამსახურის არქონის გამო

უმუშევრობა ბევრისთვის წუხილის მიზეზია. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ბევრს გაუჭირდა ახალი სამუშაოს პოვნა. წარმოიდგინე, რას იგრძნობდი, თუ ერთიმეორის მიყოლებით ყველა დამსაქმებელი უარით გაგისტუმრებდა! ასეთ დროს ბევრი პირადი ღირსების გრძნობას კარგავს. როგორ შეუძლია იეჰოვას ამ დროს დაგეხმაროს? მან შეიძლება მაშინვე არ გაშოვნინოს იდეალური სამუშაო, თუმცა შეუძლია შეგახსენოს მეფე დავითის სიტყვები: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25). იეჰოვასთვის ძვირფასი ხარ და თავისი „სიმართლის მარჯვენით“ შეუძლია დაგეხმაროს, იშოვო ის, რაც მის მსახურებაში დაგჭირდება.

თუ სამსახური დაკარგე, როგორ შეუძლია იეჰოვას შენი დახმარება?

კოლუმბიაში მცხოვრებმა სარამ საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას მფარველი ძალა. მას პრესტიჟულ კომპანიაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა, რომელიც მთელ მის დროს ითხოვდა. მაგრამ მას სურდა, მეტი გაეკეთებინა იეჰოვასთვის, ამიტომ სამსახურს თავი დაანება და პიონერად მსახურება დაიწყო. თუმცა ნახევარგანაკვეთიანი სამსახურის შოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მან პატარა სანაყინე გახსნა, რომელიც ფინანსების უქონლობის გამო ცოტა ხანში დაკეტა. სარა ამბობს: „სამი წელი გავიდა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით ყველაფერს გავუძელი“. მან დაინახა განსხვავება „მინდასა“ და „მჭირდებას“ შორის და მიხვდა, რომ ხვალინდელ დღეზე არ უნდა ეწუხა (მათ. 6:33, 34). ბოლოს მას ყოფილმა დამსაქმებელმა დაურეკა და იგივე სამუშაო შესთავაზა, რაც მანამდე ჰქონდა. სარამ უთხრა, რომ მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე დათანხმდებოდა და თანაც იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სულიერ საქმეებში ხელს არ შეუშლიდა. მიუხედავად იმისა, რომ სარას იმხელა შემოსავალი აღარ აქვს, რამდენიც მანამდე ჰქონდა, მას პიონერად მსახურება შეუძლია. ის ამბობს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე გრძნობდა იეჰოვას მზრუნველ ხელს.

წუხილი ასაკის მატების გამო

სხვა დიდი საწუხარი ასაკის მატებაა. საპენსიო ასაკს მიღწეული ბევრი ადამიანი წუხს, იქნება თუ არა მისი შემოსავალი საკმარისი, რომ სიცოცხლის დარჩენილი წლები უზრუნველად გალიოს. ისინი წუხან ჯანმრთელობაზე, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება გაუარესდეს. შემდეგი სიტყვებით, სავარაუდოდ, დავითი სთხოვდა იეჰოვას: „ნუ მიმაგდებ სიბერეში, ნუ მიმატოვებ, როცა ძალა გამომეცლება“ (ფსალმ. 71:9, 18).

როგორ შეუძლიათ იეჰოვას ხანდაზმულ მსახურებს დაცულად იგრძნონ თავი? მათ კვლავაც უნდა განივითარონ ღვთისადმი რწმენა და ნდობა, რომ ის იზრუნებს მათ საჭიროებებზე. თუ ისინი წლების მანძილზე კარგად ცხოვრობდნენ, შეიძლება ახლა ცხოვრების გამარტივება და მცირე შემოსავლით დაკმაყოფილება მოუწიოთ. მათ შეიძლება დაინახონ, რომ „ბოსტნეულის კერძი“ „ნასუქ ხარს“ სჯობია და მათი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა (იგავ. 15:17). თუ თქვენი მთავარი საზრუნავი იეჰოვას გულის გახარებაა, ის სიბერეშიც იზრუნებს თქვენზე.

ხოსე, როუზი, ტონი და უენდი

დაფიქრდით ხოსესა და როუზის შემთხვევაზე, რომლებიც 65 წელზე მეტია სრული დროით ემსახურებიან იეჰოვას. წლების მანძილზე ისინი ზრუნავდნენ როუზის მამაზე, რომელსაც 24-საათიანი მოვლა სჭირდებოდა. ამასთან, ხოსეს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს. როგორ გაუწოდა იეჰოვამ დახმარების ხელი ამ ერთგულ წყვილს? კრებაში ერთმა წყვილმა, ტონიმ და უენდიმ, მათ ბინა შესთავაზა. ტონისა და უენდის უნდოდათ, რომ ეს ბინა უფასოდ დაეთმოთ პიონერებისთვის. წლების წინ, როცა ტონი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ის სკოლის ფანჯრიდან ხედავდა, რომ ხოსე და როუზი რეგულარულად დადიოდნენ მსახურებაში. მას უყვარდა ეს წყვილი მათი ენთუზიაზმის გამო, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. იმაზე ფიქრმა, რომ ამ ასაკოვანმა წყვილმა მთელი სიცოცხლე იეჰოვას მსახურებას მიუძღვნა, აღძრა ტონი და უენდი, რომ ისინი თავისთან გადაეყვანათ. ისინი უკვე 15 წელია, ეხმარებიან ხოსესა და როუზის, რომლებიც 85 წელს მიტანებულები არიან. ამ ხანდაზმული ცოლ-ქმრისთვის ტონისა და უენდის დახმარება ძღვენია იეჰოვასგან.

იეჰოვა თქვენც გამოგიწვდით თავისი „სიმართლის მარჯვენას“. ჩაეჭიდებით მის ხელს, ვინც გპირდებათ: „ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“?

^ აბზ. 11 ზოგი სახელი შეცვლილია.