არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საკმარისია სიკეთის კეთება, რომ კარგი მომავალი გქონდეთ?

საკმარისია სიკეთის კეთება, რომ კარგი მომავალი გქონდეთ?

საუკუნეების განმავლობაში ხალხს მიაჩნდა, რომ სიკეთის კეთება და მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავდა. მაგალითად, აღმოსავლელი ხალხი იზიარებდა ფილოსოფოს კონფუცის (ძვ. წ. 551—479) იდეებს, რომელმაც თქვა: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ“.

ᲠᲐ ᲒᲖᲐᲡ ᲘᲠᲩᲔᲕᲡ ᲑᲔᲕᲠᲘ

ზემოხსენებულ შეხედულებას დღესაც ბევრი იზიარებს. ისინი ცდილობენ, სხვებს პატივისცემით მოეპყრონ, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და პატიოსნად იცხოვრონ. ვიეტნამში მცხოვრები ლინი ამბობს: „მჯეროდა, რომ თუ პატიოსნად ვიცხოვრებდი, კარგი მომავალი მექნებოდა“.

ბევრს თავისი რელიგია მოუწოდებს, რომ სიკეთე აკეთოს. შუ იუნი, რომელიც ტაივანში ცხოვრობს, გვიყვება: „მასწავლიდნენ, რომ ჩემს საქმეებზე იქნებოდა დამოკიდებული, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოვხვდებოდი თუ მარადიულ სატანჯველში“.

ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲚᲓᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲘ?

ფაქტია, სიკეთის კეთება სიხარულს გვანიჭებს, მაგრამ ხშირად იმედგაცრუებულები ვრჩებით, რადგან საპასუხოდ იმავეს ვერ ვიღებთ. „მივხვდი, რომ სიკეთის კეთებას ყოველთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს. ოჯახისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ქმარმა არ დამიფასა. მან ჩემს პატარა ბიჭთან ერთად სრულიად მარტო დამტოვა“, — გვიზიარებს ჰონკონგში მცხოვრები შიუ პინგი.

სამწუხაროდ, ბევრმა ისიც შენიშნა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანი არ ავლენს კარგ თვისებებს. იაპონელი ქალი, ეცუკო აღნიშნავს: „რელიგიურ საქმიანობაში აქტიურად ვიყავი ჩაბმული; ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა ღონისძიებას. ძალიან გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ ჩემი რელიგიის ხალხი მაღალზნეობრივ ნორმებს არაფრად აგდებდა, ძალაუფლებისთვის იბრძოდა და შეწირულ თანხებს ბოროტად იყენებდა“.

„ოჯახისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ქმარმა არ დამიფასა. მან ჩემს პატარა ბიჭთან ერთად სრულიად მარტო დამტოვა“ (ᲨᲘᲣ ᲞᲘᲜᲒᲘ, ᲰᲝᲜᲙᲝᲜᲒᲘ).

ხშირად იმედგაცრუება მათაც ეუფლებათ, ვინც მთელი გულით იცავს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ასე მოხდა ვიეტნამში მცხოვრები ვანის შემთხვევაში. ის იხსენებს: „წლების მანძილზე გარდაცვლილი წინაპრების საკურთხეველზე ყოველდღე ვაწყობდი ყვავილებს, ხილსა და საკვებს. ვიმედოვნებდი, რომ ეს ჩემს მომავალზე სასიკეთოდ აისახებოდა. მიუხედავად ამისა, ჩემი ქმარი მძიმედ დაავადდა. მოგვიანებით კი ქალიშვილი გარდამეცვალა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა“.

თუ სიკეთის კეთება და კარგი თვისებების გამოვლენა საკმარისი არაა, მაშ რაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სანდო წყაროს უნდა მივმართოთ. არსებობს წიგნი, რომელსაც ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია?