არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ

გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ!

გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ!

ალბათ, გახსოვთ სტატიათა ამ სერიაში მოხსენიებული გეილი, რომელიც ამბობდა, რომ ვერასოდეს შეეგუებოდა მეუღლის სიკვდილს. დღეს კი ის სულმოუთმენლად ელის დროს, როცა ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში კვლავ იხილავს თავის მეუღლეს, რობერტს. გეილი ამბობს: «ჩემი საყვარელი მუხლებია გამოცხადების 21:3, 4, სადაც წერია: „თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“».

გეილი განაგრძობს: „ღვთის ამ დაპირებით ყველაფერია ნათქვამი. ძალიან ვწუხვარ მათზე, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და დღემდე არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ღმერთი სიცოცხლეს დაუბრუნებს გარდაცვლილებს“. გეილი ამ რწმენით ცხოვრობს; ის სრული დროით მსახურობს და სამეზობლოში ქადაგებს, რომ მალე ღვთის დაპირების თანახმად, „აღარ იქნება სიკვდილი“.

იობს მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთი სიცოცხლეს დაუბრუნებდა

ამის დაჯერება შეიძლება გაგიჭირდეთ. მაგრამ დაფიქრდით იობის მაგალითზე, რომელსაც საშინელი დაავადება ტანჯავდა (იობი 2:7). იობი სიკვდილს ნატრობდა, მაგრამ ის კი მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთს შეეძლო მისი გაცოცხლება. იგი დარწმუნებით ამბობდა: „ნეტავ დამმალავდე სამარეში, დამიფარავდე . . . დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:13, 15). იობი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთს მოენატრებოდა და მკვდრეთით აღადგენდა დედამიწაზე საცხოვრებლად.

ეს დროც მალე დადგება. სამოთხედქცეულ დედამიწაზე ღმერთი მკვდრეთით აღადგენს არა მარტო იობს, არამედ უთვალავ გარდაცვლილს (ლუკა 23:42, 43). საქმეების 24:15-ც ადასტურებს, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა“. იესომ თქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მკვდრეთით აღდგენილი იობი დაინახავს ღვთის ამ დანაპირების შესრულებას. მას „ახალგაზრდული ძლიერება“ დაუბრუნდება და განუახლდება „ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად“ (იობი 33:24, 25). ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდიან ისინიც, რომლებიც ირწმუნებენ ღვთის დაპირებას, რომ იგი სიცოცხლეს დაუბრუნებს გარდაცვლილებს დედამიწაზე გაშენებულ სამოთხეში.

თუ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი გტანჯავთ, შესაძლოა ამ სტატიებში განხილულმა აზრებმა ბოლომდე ვერ მოგიშუშოთ ჭრილობა, თუმცა ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის დანაპირებზე ფიქრი, უტყუარ იმედს ჩაგისახავთ გულში და მხნეობას შეგმატებთ (1 თესალონიკელები 4:13).

გსურთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა დაგეხმარებათ დარდის გაქარვებაში? ან შესაძლოა ამ თემის ირგვლივ სხვა კითხვები გაწუხებთ, მაგალითად, „რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?“. ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს jw.org და თქვენ აუცილებლად მიიღებთ მანუგეშებელ პასუხებს ბიბლიიდან!