არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიგელ სერვეტი ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას

მიგელ სერვეტი ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას

მიგელ სერვეტი ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

1553 წლის 27 ოქტომბერს მიგელ სერვეტი ჟენევაში (შვეიცარია) კოცონზე დაწვეს. ჟან კალვინის მარჯვენა ხელმა გილიომ ფარელმა, რომელმაც სისრულეში მოიყვანა განაჩენი, ირგვლივ მყოფები გააფრთხილა: „[სერვეტი] ჭკვიანი კაცი იყო. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, მაგრამ ეშმაკის მახეში გაება . . . ფრთხილად იყავით, თქვენც იგივე არ დაგემართოთ!“ რა გააკეთა ისეთი მიგელ სერვეტმა, რომ ასე ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლე?

მიგელ სერვეტი დაიბადა 1511 წელს ესპანეთში, სოფელ ვილიანუევა დე სიხენაში. ის პატარაობიდანვე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. როგორც ერთი ბიოგრაფი აღნიშნავს, „14 წლის ასაკში უკვე ფლობდა ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ ენებს და საკმაოდ კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში, მათემატიკასა და თეოლოგიაში“.

ჯერ კიდევ მოზარდი მიგელ სერვეტი ესპანეთის იმპერატორის, კარლ V-ის სულიერმა მოძღვარმა, ხუან დე კინტანამ თანმხლებ მსახურად აიყვანა. ამგვარად, ოფიციალური ვიზიტების დროს სერვეტი საკუთარი თვალით ხედავდა ესპანეთში გაღვივებულ რელიგიურ შუღლს; იუდეველებსა და მუსლიმანებს ქვეყნიდან აძევებდნენ ან ძალით აქცევდნენ კათოლიციზმზე *.

16 წლის მიგელ სერვეტმა ტულუზას უნივერსიტეტში (საფრანგეთი) სამართლისმცოდნეობის შესწავლა დაიწყო. იქ მან პირველად ნახა სრული ბიბლია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის კითხვა მკაცრად იყო აკრძალული, იგი მას მალულად კითხულობდა. ბოლომდე წაკითხვის შემდეგ სერვეტმა დაიფიცა, რომ ბიბლიას „კიდევ ათასჯერ“ წაიკითხავდა. ეს ბიბლია სავარაუდოდ „კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ უნდა ყოფილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წმინდა წერილებს ორიგინალის (ებრაულ და ბერძნულ) ენებზე წაიკითხავდა ლათინურ თარგმანთან ერთად *. ბიბლიის შესწავლამ და სამღვდელოების ზნეობრივმა დაკნინებამ, რისი მომსწრეც თავად იყო ესპანეთში, მას კათოლიკური რელიგიისადმი ნდობა შეურყია.

სერვეტმა კათოლიკურ ეკლესიას უფრო მეტად შეხედა ეჭვის თვალით, როცა კარლ V-ის კორონაციას დაესწრო. პაპმა კლემენტ VII-ემ ესპანეთის მეფე საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად აკურთხა. მეფე პაპთან მივიდა და ფეხები დაუკოცნა. მოგვიანებით სერვეტი წერდა: „საკუთარი თვალით ვნახე, როგორი პომპეზურობით გაატარეს მხრებზე შედგმულ სავარძელზე მჯდომი პაპი და როგორ აღმერთებდა მას ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი“. ასეთ პომპეზურობასა და ექსტრავაგანტურობას სერვეტი ვერაფრით ვერ უთავსებდა სახარებების უბრალოებას.

მიგელ სერვეტი ჭეშმარიტების ძიებას იწყებს

მიგელ სერვეტმა უხმაუროდ დატოვა თავისი სამსახური კინტანასთან და მარტომ დაიწყო ჭეშმარიტების ძიება. ის დარწმუნებული იყო, რომ ქრისტეს მოძღვრება განკუთვნილი იყო არა თეოლოგებისთვის ან ფილოსოფოსებისთვის, არამედ უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასწვდებოდნენ მას და გამოიყენებდნენ ცხოვრებაში. მან გადაწყვიტა, გამოეკვლია ბიბლიის ტექსტი ორიგინალის ენებზე და უარეყო ყველაფერი, რაც არ შეესაბამებოდა წმინდა წერილებს. აღსანიშნავია, რომ მის ნაშრომებში სიტყვა „ჭეშმარიტება“ და მისგან ნაწარმოები სიტყვები ყველაზე ხშირად გვხვდება.

ისტორიისა და ბიბლიური ტექსტების გამოკვლევამ სერვეტი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობამ თავისი სახე დაკარგა. მან დაინახა, რომ კონსტანტინემ და მისმა მემკვიდრეებმა ქრისტიანობაში შეიტანეს ცრუსწავლებები, რამაც თანდათანობით ხელი შეუწყო სამების სწავლების ოფიციალურ დოგმატად ჩამოყალიბებას. 20 წლის ასაკში სერვეტმა გამოაქვეყნა წიგნი „სამების შეცდომების კვალდაკვალ“. ამ ნაშრომმა იგი ინკვიზიციის სამიზნე გახადა.

სერვეტი სწორი გზით მიდიოდა. ის წერდა: „ბიბლიაში სამება საერთოდ არ არის მოხსენიებული. . . ჩვენ ღმერთს ფილოსოფიური იდეებით კი არ ვეცნობით, არამედ ქრისტეს მეშვეობით“ *. მას ასევე სწამდა, რომ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალა იყო და არა პიროვნება.

სერვეტის ნაშრომს დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. პროტესტანტი რეფორმატორი სებასტიან ფრანკი წერდა: „ესპანელი სერვეტი თავის ნაშრომში ამტკიცებს, რომ ღმერთი ერთპიროვანია. კათოლიკური ეკლესიისთვის კი ის სამპიროვანია. მე უფრო ესპანელისკენ ვიხრები“. მიუხედავად ამისა, ვერც კათოლიკურმა და ვერც პროტესტანტულმა ეკლესიამ სერვეტს ვერ აპატია ის, რომ მათი ძირითადი დოგმატი კამათის საგნად აქცია.

ბიბლიის გამოკვლევის შედეგად სერვეტმა ეკლესიის სხვა სწავლებებიც უარყო. ის მიიჩნევდა, რომ გამოსახულებების გამოყენება არაბიბლიური იყო. ნაშრომის „სამების შეცდომების კვალდაკვალ“ გამოქვეყნებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, კათოლიკეებსა და პროტესტანტებზე საუბრისას სერვეტმა თქვა: „არც ერთ და არც მეორე მხარეს მე სრულად არც ვეთანხმები და არც უარვყოფ. ორივეგან არის სწორიც და არასწორიც. სხვების შეცდომებს ყველა აღიარებს, თავისას კი ვერავინ ხედავს“. ჭეშმარიტებას ის მარტო ეძებდა *.

გულწრფელობის მიუხედავად, სერვეტი ზოგ მცდარ დასკვნამდეც მივიდა. მაგალითად, სერვეტის გამოთვლებით, არმაგედონი და ქრისტეს ათასწლიანი მეფობა მისი სიცოცხლის პერიოდში უნდა დაწყებულიყო.

მეცნიერული ჭეშმარიტების ძიება

მდევნელებისგან შევიწროებულმა მიგელ სერვეტმა სახელი შეიცვალა და ვილანოვანუსის სახელით გახდა ცნობილი. ის დასახლდა პარიზში, სადაც მან ხელოვნებასა და მედიცინაში სამეცნიერო ხარისხები მიიღო. იმის გაგების სურვილით, თუ როგორ ფუნქციონირებდა ადამიანის ორგანიზმი, მან გვამების გაკვეთა დაიწყო. როგორც ჩანს, სერვეტი პირველი ევროპელი იყო, რომელმაც აღწერა სისხლის მიმოქცევის მცირე წრე. ეს მან მოიხსენია თავის ნაშრომში „ქრისტიანობის დაბრუნება“. ამით მან 75 წლით გაუსწრო უილიამ ჰარვეის, რომელმაც პირველმა აღწერა სისხლის მიმოქცევის სისტემა მთლიანად.

სერვეტმა მოამზადა პტოლემეს „გეოგრაფიის“ ახალი გამოცემა. ამ ნაშრომმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ სერვეტს ზოგი შედარებითი გეოგრაფიისა და ეთნოგრაფიის მამად მოიხსენიებს. მოგვიანებით, ჟენევაში სასამართლო პროცესზე მას ბრალი დასდეს იმაში, რომ პალესტინას ცუდად ათვისებული და უნაყოფო მიწა უწოდა. თავის დაცვისას სერვეტმა თქვა, რომ მას მხედველობაში ჰქონდა მაშინდელი პალესტინა და არა მოსეს დროინდელი, როცა იქ რძე და თაფლი მოედინებოდა.

მიგელ სერვეტმა ასევე დაწერა წიგნი „უნივერსალური ნაშრომი სიროფების შესახებ“, რომლითაც საზოგადოებას მკურნალობის ახალი გაწონასწორებული მეთოდები შესთავაზა. მედიცინის ღრმა ცოდნამ ის პიონერად აქცია ფარმაკოლოგიასა და ვიტამინების გამოყენებაში. იმის გამო, რომ სერვეტი შესანიშნავად ერკვეოდა ბევრ სფეროში, ერთმა ისტორიკოსმა მას უწოდა „ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის ცოდნის საგანძურში“.

გავლენიანი მოწინააღმდეგის პირისპირ

ჭეშმარიტების მაძიებლებს ყოველთვის ჰყავდათ მოწინააღმდეგეები (ლუკა 21:15). მიგელ სერვეტის ერთ-ერთი ძლიერი მეტოქე იყო ჟან კალვინი, რომელმაც ჟენევაში პროტესტანტიზმის ახალი მიმართულება ჩამოაყალიბა. ისტორიკოსი ვილ დიურანტი აღნიშნავს, რომ კალვინის „დიქტატურა გამოიხატებოდა არა კანონით ან ძალით, არამედ სხვებზე გავლენის მოხდენითა და პრინციპულობით. ის არაფრით ჩამოუვარდებოდა რომის პაპებს, რომლებიც ხალხს რწმენის არჩევნის უფლებას ართმევდნენ“.

სერვეტი და კალვინი ერთმანეთს პირველად შესაძლოა პარიზში შეხვდნენ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ. ისინი თავიდანვე უარყოფითად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ და მალე კალვინი სერვეტის დაუძინებელ მტრად იქცა. მიუხედვად იმისა, რომ კალვინი რეფორმაციის ლიდერი იყო, მან სერვეტი კათოლიკური ინკვიზიციის წინაშე დაასმინა. სერვეტმა როგორღაც მოახერხა საფრანგეთიდან გაქცევა, სადაც მისი პორტრეტები საჯაროდ დაწვეს. მაგრამ ის მაინც იპოვეს და დააპატიმრეს ჟენევაში, სადაც კალვინის სიტყვა კანონი იყო.

კალვინის მითითებით, სერვეტს საპატიმროში სასტიკად ეპყრობოდნენ. მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესზე გამართული დებატების დროს სერვეტი კალვინს ეუბნებოდა, შეეცვალა თვალსაზრისი და მის დარწმუნებას ბიბლიის საშუალებით ცდილობდა. თუმცა სერვეტის მცდელობა ამაო იყო. სასამართლომ სერვეტს კოცონზე დაწვის განაჩენი გამოუტანა. ზოგი ისტორიკოსის თქმით, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო ვერც კათოლიკეების რისხვას გადაურჩა და ვერც პროტესტანტებისას — კათოლიკეებმა მისი პორტრეტები ცეცხლს მისცეს, ხოლო პროტესტანტებმა იგი ცოცხლად დაწვეს.

რელიგიური თავისუფლების მაუწყებელი

მართალია, კალვინი გაუსწორდა თავის მეტოქეს, მაგრამ მან ხალხის თვალში ავტორიტეტი დაკარგა. სერვეტის უსამართლოდ დასჯამ მთელი ევროპა აღაშფოთა. ამ შემთხვევას მოჰყვა თავისუფლების მებრძოლთა გააქტიურება, რომელთა მოთხოვნითაც, რელიგიური შეხედულებების გამო არც ერთი ადამიანი არ უნდა დასჯილიყო სიკვდილით. ახლა ისინი — ისე, როგორც არასდროს — მზად იყვნენ, ებრძოლათ რელიგიური თავისუფლებისათვის.

იტალიელი პოეტი კამილო რენატო თავის პროტესტს ასე გამოხატავდა: „ასეთი მოქმედება მიუღებელია ღვთისთვისაც და მისი სულისთვისაც. ქრისტე არ ექცეოდა ასე მათ, ვინც მის გზას უარყოფდა“. ფრანგი ჰუმანისტი სებასტიენ შატეიონი წერდა: „ადამიანის მოკვლით მხოლოდ მკვლელობას ჩავდივართ. ამით რელიგიურ დოქტრინას ვერ დავიცავთ“. თავად სერვეტი ამბობდა: „სერიოზულ ცოდვად მიმაჩნია ადამიანის მოკვლა იმის გამო, რომ მას არასწორად ესმის რომელიმე ბიბლიური საკითხი. თვით რჩეულნიც კი შეიძლება ასცდნენ სწორ გზას“.

იმ გავლენის შესახებ, რაც სერვეტის სიკვდილით დასჯამ იქონია მომავალ თაობებზე, წიგნში „მიგელ სერვეტი — დიდი მოაზროვნე, ჰუმანისტი და წამებული“ ნათქვამია: „სერვეტის სიკვდილმა გარდატეხა მოახდინა მეოთხე საუკუნიდან გაბატონებულ იდეოლოგიასა და მენტალიტეტში . . . ისტორიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, სერვეტი იმისთვის მოკვდა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ადამიანს ჰქონოდა სინდისის თავისუფლების უფლება“.

1908 წელს სერვეტს ძეგლი დაუდგეს ქალაქ ანმასში (საფრანგეთი), მისი სიკვდილის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. იქვე გაკეთებულია წარწერა: „მიგელ სერვეტი . . . გეოგრაფი, ექიმი, ფიზიოლოგი. მან საზოგადოების კეთილდღეობას დიდად შეუწყო ხელი მეცნიერული აღმოჩენებით, ავადმყოფებისა და ღარიბების დახმარებით და მტკიცე პოზიციით, არ მოქცეულიყო სხვების გავლენაში . . . მას მრწამსი ვერაფერმა შეურყია. მან საკუთარი სიცოცხლე ჭეშმარიტების დასაცავად გაიღო“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ესპანეთის მთავრობამ ქვეყნიდან განდევნა 120 000 ებრაელი, რომლებმაც უარი თქვეს კათოლიციზმის მიღებაზე; ათასობით მავრი კი კოცონზე დაწვეს.

^ აბზ. 6 იხილეთ 2004 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „კომპლუტენსიონ პოლიგლოტი — ნაშრომი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თარგმანის ისტორიაში“.

^ აბზ. 11 თავის ნაშრომში „სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ“ სერვეტმა სამების დოგმატს რთული და დამაბნეველი უწოდა, და აღნიშნა, რომ ბიბლიაში მის მხარდასაჭერად „ერთი სიტყვაც კი არ არის“.

^ აბზ. 13 პატიმრობაში ყოფნისას თავისი უკანასკნელი წერილი სერვეტმა ასეთი სიტყვებით დაამთავრა: „მიგელ სერვეტი, მარტოდ დარჩენილი, მაგრამ ქრისტეს მფარველობაზე დაიმედებული“.

[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]

მიგელ სერვეტი და ღვთის სახელი

ჭეშმარიტების ძიებამ სერვეტი იმ დასკვნამდეც მიიყვანა, რომ საჭირო იყო ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენება. უილიამ ტინდალის მიერ ნათარგმნ ხუთწიგნეულში ღვთის სახელის გამოყენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სერვეტმა გამოაქვეყნა წიგნი „სამების შეცდომების კვალდაკვალ“, სადაც ყველგან სახელი „იეჰოვა“ გამოიყენა. ამ ნაშრომში ის განმარტავდა: «სხვა, უწმინდესი სახელი יהוה შეიძლება განიმარტოს როგორც „აქცევინებს“, „ის, ვისაც არსებობაში მოჰყავს“, „არსებობის საწყისი“». იგი აღნიშნავდა: «სახელი „იეჰოვა“ მხოლოდ მამასთან მიმართებაში გამოიყენება».

1542 წელს სერვეტმა გამოსცა სანტეს პანინოს მიერ ლათინურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გადამუშავებული ვარიანტი (ნაჩვენებია ქვემოთ). ღვთის სახელი სერვეტმა ვრცელ მარგინალურ შენიშვნებში მოიხსენია. მაგალითად, მან სახელი „იეჰოვა“ დაურთო ისეთ ძირითად მუხლებს, როგორიცაა ფსალმუნების 82:19, სადაც ძირითად ტექსტში „უფალი“ ეწერა.

თავის უკანასკნელ ნაშრომში „ქრისტიანობის დაბრუნება“, ღვთის სახელთან, იეჰოვასთან დაკავშირებით სერვეტმა დაწერა: „აშკარაა, რომ . . . ძველ დროში ბევრი წარმოთქვამდა ამ სახელს“.

[სურათი]

მიგელ სერვეტის ძეგლი ანმასში (საფრანგეთი).

[სურათი 18 გვერდზე]

მე-15 საუკუნის გრავიურა: ესპანეთში მცხოვრებ მუსლიმანთა იძულებითი ნათლობა.

[სურათი 18 გვერდზე]

Capilla Real, Granada

[საავტორო უფლება]

Capilla Real, Granada

[სურათი 19 გვერდზე]

პირველი გვერდი წიგნიდან „სამების შეცდომების კვალდაკვალ“.

[საავტორო უფლება]

From the book De Trinitatis Erroribus, by Michael Servetus, 1531

[სურათი 20 გვერდზე]

სერვეტმა შეისწავლა სისხლის მიმოქცევის მცირე წრე.

[საავტორო უფლება]

Anatomie descriptive et physiologique, Paris, 1866-7, L. Guérin, Editor

[სურათი 20 გვერდზე]

სერვეტის წიგნმა „უნივერსალური ნაშრომი სიროფების შესახებ“ ფარმაკოლოგიაში ახალ მეთოდებს მისცა დასაბამი.

[სურათი 21 გვერდზე]

ჟან კალვინი სერვეტის დაუძინებელი მტერი იყო.

[საავტორო უფლება]

Biblioteca Nacional, Madrid

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Biblioteca Nacional, Madrid