არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი ოჯახი ერთ სუფრასთან!

მთელი ოჯახი ერთ სუფრასთან!

მთელი ოჯახი ერთ სუფრასთან!

„ცხოვრება მხოლოდ სიხარული, სითბო და კომფორტი არ არის. ტკივილიც და მწუხარებაც ბევრი გვაქვს. მაგრამ გვიჭირს თუ გვილხინს, საჭმელს მაინც ვჭამთ. გემრიელი საჭმელი ყველას უხალისებს გულს“ (ლორი კოლვინი, ამერიკელი მწერალი).

წლების წინ დასავლეთის ქვეყნებში მრავალ ოჯახში ერთი კარგი ტრადიცია არსებობდა. მთელი ოჯახი, დღეში ერთხელ მაინც, სუფრას შემოუსხდებოდა და ერთად მიირთმევდა საჭმელს. ოჯახურ იდილიას არაფერი არღვევდა: არც ტელევიზორი, არც ყურსასმენები და არც მობილური ტელეფონები. მშვიდ გარემოში სუფრასთან მსხდომები გემრიელ საჭმელს შეექცეოდნენ. ამ დროს ისინი ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობდნენ, დღის ამბებს ერთმანეთს უყვებოდნენ და მხიარულობდნენ. ეს კი ოჯახის წევრებს აახლოვებდა.

დღესდღეობით ბევრი თვლის, რომ ოჯახთან ერთად ერთ სუფრასთან ჯდომა მოძველებული ტრადიციაა. ბევრ ოჯახში მხოლოდ იშვიათად თუ შემოუსხდებიან ერთ სუფრას. რატომ უჭირთ ოჯახის წევრებს თავის ერთად მოყრა? ღირს ამ ტრადიციის შენარჩუნება? რას მოუტანს ეს ოჯახის თითოეულ წევრს?

ტრადიცია, რომელიც დავიწყებას ეძლევა

„ის ფაქტი, რომ სულ რაღაც ერთ თაობაში [ერთად ვახშმობის] ტრადიცია თითქმის დავიწყებას მიეცა . . . იმის თვალსაჩინო მტკიცებაა, თუ რა სწრაფად იცვლება ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულება“, — აღნიშნავს ერთი წიგნის ავტორი, რობერტ პუტნამი (Bowling Alone). რამ განაპირობა ეს ცვლილება? პირველ რიგში, ფასების ზრდის გამო, ცოლებსაც და ქმრებსაც უფრო დიდხანს უწევთ მუშაობა. მარტოხელა მშობლებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში არასტაბილურია, უფრო ნაკლები დრო რჩებათ შვილებისთვის. გარდა ამისა, ცხოვრების სწრაფმა ტემპმა ბევრი აიძულა სწრაფ კვებაზე გადასულიყო. არა მარტო უფროსები, ბავშვებიც საკმაოდ დატვირთულები არიან სპორტით ან სხვადასხვა წრეებზე სიარულით.

ზოგ კაცს არ სიამოვნებს სუფრასთან ბავშვების ხმაური, ამიტომ სახლში მაშინ ბრუნდება, როცა ბავშვებს სძინავთ. ზოგი მშობელი სახლში დროულად ბრუნდება, მაგრამ ჯერ ბავშვებს ავახშმებს და აძინებს, რომ შემდეგ მეუღლესთან ერთად მშვიდ გარემოში შეძლოს ყოფნა.

ამის გამო ოჯახის წევრები ცალ-ცალკე მიეჩვივნენ ჭამას. სუფრასთან საუბრები მაცივარზე მიწებებულმა წერილებმა შეცვალა. თითოეული ოჯახის წევრი სახლში მოსვლის შემდეგ წინასწარ მომზადებულ საჭმელს აცხელებს და ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდება. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შეუქცევადი ხდება. ამიტომ სერიოზულად ღირს იმაზე დაფიქრება, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ტენდენციამ ჩვენს ოჯახშიც არ მოიკიდოს ფეხი.

ერთად ჭამის დადებითი მხარეები

ერთ სუფრასთან ჭამა მშობლებისთვის საუკეთესო საშუალებაა, იზრუნონ შვილების ემოციურ კეთილდღეობაზე. „ერთად ვახშმობა ბავშვებს საშუალებას აძლევს მშობლების გვერდით თავი მშვიდად და ლაღად იგრძნონ. მართალია ერთად ვახშმობა ოჯახური პრობლემების მოგვარების უნივერსალური საშუალება არ არის, მაგრამ აშკარად ბევრ რამეს აიოლებს“, — ამბობს მირიამ ვაინშტაინი თავის წიგნში (The Surprising Power of Family Meals).

ედუარდო შუახნის მამაკაცია, ესპანეთში ცხოვრობს და ოჯახი ჰყავს. ის იხსენებს: „ოჯახში ყოველდღიურად სუფრას 11 კაცი ვუსხედით. მამაჩემი ყველანაირად ცდილობდა, შუადღეს სახლში ყოფილიყო, მთელ ოჯახს ერთად რომ გვესადილა. ეს თავყრილობები რაღაც განსაკუთრებული იყო. ერთმანეთს ახალ ამბებს ვეკითხებოდით, ვხუმრობდით და ვიცინოდით. ამ დაუვიწყარმა დღეებმა დამარწმუნა, რომ ამ მხრივ მამაჩემისთვის უნდა მიმებაძა“.

ოჯახთან ერთად სადილი ბავშვების ჯანმრთელობასაც უწყობს ხელს. როგორც შეერთებული შტატების ერთ-ერთი ეროვნული ცენტრის გამოკვლევებიდან ჩანს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად კვირაში დაახლოებით ხუთჯერ მიირთმევენ საჭმელს, ნაკლებად აწუხებთ მოწყენილობა, დარდი და აპათია. მათ სკოლაშიც კარგი მოსწრება აქვთ (U.S. National Center on Addiction and Substance Abuse at Columbia University).

ზემოხსენებული ედუარდო დასძენს: „ვფიქრობ, ბავშვებს ემოციური თვალსაზრისით ძალიან სჭირდებათ ოჯახთან ერთად ერთ სუფრასთან ჯდომა. ჩემი ქალიშვილები არ ფიქრობენ იმაზე, თუ როდის დაგველაპარაკონ ამა თუ იმ საკითხზე. ერთად ჭამის დროს მათ ყოველდღე ეძლევათ ამის შესაძლებლობა. მეც, როგორც მამამ, ყოველთვის ვიცი, რა აწუხებთ ჩემს შვილებს“.

როგორც ჩანს, ერთად ჭამის დროს ბავშვები კარგ მანერებსაც სწავლობენ. ესპანეთში, ნავარას უნივერსიტეტის ცნობით, მარტო ჭამა ზრდის კვების მოშლილობის საფრთხეს. მართალია, კვების მოშლილობა ადამიანს სხვა რამის გამოც შეიძლება დაემართოს, მაგრამ რისკ-ფაქტორი უფრო იზრდება, თუ ისინი ყოველთვის მარტო შეექცევიან საჭმელს. „როცა ერთად ჭამა ოჯახებს ჩვევად აქვთ, ბავშვები გრძნობენ, რომ მათზე ზრუნავენ. თბილ გარემოში ერთ სუფრასთან ჯდომა, შვილების ემოციურ სტაბილურობას უწყობს ხელს“, — აღნიშნავს ესმერალდა, ორი ქალიშვილის დედა.

ერთად ჭამა მშობლებს შვილების სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვის შესაძლებლობასაც აძლევს. დაახლოებით 3 500 წლის წინათ ღმერთმა ისრაელებს უთხრა, რომ შვილებისთვის დრო გამოეყოთ და მათთვის შთაენერგათ სულიერი ფასეულობები (კანონი 6:6, 7). „ერთად ჭამა, როცა ოჯახი ერთად ლოცულობს და ყოველდღიურ მუხლს განიხილავს, სულიერი ღონისძიება ხდება“, — ამბობს ანხელი, ორი შვილის მამა. ბევრი ოჯახი მიხვდა, რომ ერთად შეკრება დადებითად მოქმედებს ოჯახის თითოეულ წევრზე, ამიტომ მათ მიზნად დაისახეს, რომ ყოველდღიურად შეკრებილიყვნენ ერთ სუფრასთან.

როგორ დავგეგმოთ?

„მთავარია მონდომება და კარგი ორგანიზება. ვახშამი ოჯახის თითოეული წევრისთვის მოსახერხებელ დროს უნდა დანიშნოთ“, — აღნიშნა ესმერალდამ. მარიბელი, ორი შვილის დედა, ამბობს: „რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ საღამოს ჩვენ ერთად ვვახშმობთ“. ზოგი ოჯახი შაბათ-კვირა ერთად ამზადებს ნახევარფაბრიკატებს ან მთლიან კერძებს მთელი კვირის ვახშმისთვის.

თუ თვლით, რომ ერთ სუფრასთან შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებით ამ საკითხს. „სამუშაო განრიგის შეცვლა მომიწია იმისთვის, რომ ვახშმის დროს ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ღირდა. ახლა უფრო კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს ოჯახში. თუ სამსახურში საათობით სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული, განა ჩემი ოჯახი არ იმსახურებს იმას, რომ ვახშმის დროს მათ ყურადღება არ მოვაკლო?“ — ამბობს ედუარდო.

რა მოვუხერხოთ ხელის შემშლელ ფაქტორებს? „სასადილო ოთახში ტელევიზორი არ გვიდგას. ამიტომ ჭამის დროს მშობლებს თავისუფლად ვუყვებით, რა გადაგვხდა იმ დღეს თავს. ისინი კარგ რჩევებს გვაძლევენ. დღეს ახალგაზრდები მშობლებთან ნაკლებად იხსნებიან. მაშინაც კი, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლშია, ისინი ცალ-ცალკე ჭამენ და თან ტელევიზორს უყურებენ. ისინი ვერც კი ხვდებიან, რამდენს კარგავენ“, — აღნიშნავს 16 წლის დავიდი. 17 წლის სანდრა იზიარებს დავიდის აზრს: „არ მომწონს, როცა ჩემი კლასელები ამბობენ, ნეტავ დედამ დღეს რა დამიტოვა მაცივარშიო. ჩემთვის ოჯახთან ერთად სადილობა მხოლოდ საჭმლის ჭამა არ არის. ჩვენ ამ დროს ვიცინით, ვსაუბრობთ და ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ვავლენთ“.

„ერთ სუფრასთან შეკრება ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (The Surprising Power of Family Meals). ერთად ჭამა თქვენი ოჯახის წევრებსაც დააახლოებს ერთმანეთს. თუ გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, ერთ სუფრასთან შეკრება და საყვარელ ადამიანებთან საუბარი განმუხტვის კარგი საშუალებაა. დაგეგმეთ ოჯახთან ერთად ვახშამი და თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.

[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]

ოჯახთან ერთად ჭამის დროს, შეგიძლიათ ისწავლოთ . . .

საუბარი. ბავშვები სწავლობენ საუბარს და მოსმენის კულტურას. საუბრები ამდიდრებს მათ ლექსიკას, შედეგად ბავშვები სწავლობენ საკუთარი აზრების გამოთქმას.

ჯანსაღი საკვების რეგულარული მიღება.

კარგი მანერები. ისწავლეთ გულუხვობა და ჭამის დროს ნუ დაიჟინებთ, რომ საუკეთესო პორცია ყოველთვის თქვენ შეგხვდეთ. ჭამის დროს ოჯახის სხვა წევრებიც გაითვალისწინეთ.

თანამშრომლობა. ბავშვები სწავლობენ შრომას. ისინი ეხმარებიან მშობლებს მაგიდის გაშლა-ალაგებაში ან სუფრის მომსახურებაში. დროთა განმავლობაში ისინი მშობლებს საჭმლის მომზადებაშიც ეხმარებიან.