არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არა ვარ მკვდარი“

„არა ვარ მკვდარი“

„არა ვარ მკვდარი“

„ნუ ჩამოდგები შენ ჩემს საფლავთან და ნუ მიტირებ,

თითქოს ვარ მკვდარი.

მე იქ არა ვარ და მინდა გითხრა, რომ ცოცხალი ვარ, არა ვარ მკვდარი!“

● ეს არის იმ ლექსის ბოლო სტროფი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ინგლისურენოვან ხალხში. ამ ლექსზე სიმღერაც კი დაიწერა. ბოლო ათწლეულებია, რაც ის დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მრავალი ადამიანისთვის ნუგეშის წყაროდაა ქცეული. წლების განმავლობაში ამ ლექსის ავტორობას ხან რომელ პოეტს მიაწერდნენ და ხან რომელს. იმასაც ამბობენ, ეს ნავახოს ტომის სამგლოვიარო ლოცვააო.

ამ რამდენიმე წლის წინ ამ ლექსზე შექმნილი სიმღერა იაპონიაში საკმაოდ პოპულარულ ჰიტად იქცა. თუმცა ამან გარკვეული დაბნეულობაც გამოიწვია ხალხში. იაპონელები ხშირად გადიან თავიანთი ოჯახის წევრების საფლავებზე და პატივს მიაგებენ გარდაცვლილ ნათესავებს. მათ სჯერათ, რომ ისინი იქ აგრძელებენ სიცოცხლეს. და რა გამოდის — ეს სიმღერა ერთს ამბობს, ხალხს კი სულ სხვა რამის სჯერა. ამიტომ ბევრს უჩნდება კითხვა: სად არიან სინამდვილეში მკვდრები?

იაპონელ ბუდისტებს მიცვალებულის დაკრძალვის, ცერემონიალებისა და პატივის მიგების საუკუნოვანი ტრადიციები გააჩნიათ. თუმცა ბუდისტთა უმეტესობას არა აქვს პასუხი კითხვაზე, სად არიან მკვდრები. ჩნდება სხვა კითხვებიც, მაგალითად, სიკვდილის შემდეგ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები ერთი და იმავე ადგილას მიდიან თუ არა და რატომ არ გვეხმიანებიან მიცვალებულები.

ბევრი თვლის, რომ არ ღირს ამ კითხვებზე პასუხების ძიება, ვინაიდან ეს უპასუხო კითხვებია. თუმცა თქვენ შესაძლოა გაინტერესებთ, რა ემართება ადამიანს მას შემდეგ, რაც კვდება. ვინ გაგვცემს პასუხს? ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა შექმნა სრულყოფილი ქალი და კაცი და ულამაზეს ბაღში დაასახლა. მათ შეეძლოთ ეცხოვრათ მარადიულად დედამიწაზე სამოთხეში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მიჰყვებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას. მაგრამ მათ სულ სხვა გზა აირჩიეს.

ღმერთმა გადამწყვეტ ზომებს მიმართა. განდევნა ეს წყვილი თავიანთი სახლიდან, სამოთხიდან, და წაართვა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. ურჩობის შედეგები კი ასე აუხსნა: „დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები“. ადამიანი იყო მიწისგან შექმნილი და სიკვდილის შემდეგ კვლავინდებურად მიწას დაუბრუნდა (დაბადება 2:7; 3:19 „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“).

ერთი კოფუელი მამაკაცი (კოფუ არის ქალაქი იაპონიაში), რომელიც დიდ სასაფლაოს უვლის, აღნიშნავს: „სანამ მიცვალებულს მიწას მივაბარებ, ყუთი სავსეა ფერფლით და ძვლებით. გავა ხუთი წელი და ყუთი ნახევრად დაცარიელდება. ათი წლის შემდეგ კი იქ საერთოდ არაფერი აღარ დარჩება“. ჩვენი ორგანიზმი შედგება მიწის ელემენტებისგან და დროთა განმავლობაში ის კვლავ მიწად იქცევა. მაშ, რაღა რჩება?

სიკვდილით კი მთავრდება სიცოცხლე, მაგრამ ჩვენს შემოქმედს, რომელმაც ისიც კი იცის, როდის კვდება თითოეული ბეღურა, არ ვავიწყდებით (მათე 10:29—31). ღმერთი გვპირდება, რომ აღგვადგენს, დიახ, ხელახლა დაგვიბრუნებს სიცოცხლეს. ის გამოგვიხმობს სიკვდილის ძილიდან (იობი 14:13—15; იოანე 11:21—23, 38—44).

თუ გნებავთ, უფრო მეტი იცოდეთ ამ თემაზე, მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს და ისინი სიამოვნებით მოგაწვდიან ვრცელ ინფორმაციას. შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.watchtower.org.