არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა

შეგიძლიათ ენდოთ მასმედიას?

შეგიძლიათ ენდოთ მასმედიას?

ბევრი არ ენდობა მასმედიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მაგალითად, 2012 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარდა გამოკითხვა. კითხვაზე, სჯეროდათ თუ არა, რომ ჟურნალ-გაზეთებში, სატელევიზიო და რადიოგადაცემებში ახალი ამბები ზუსტად, ობიექტურად და ამომწურავად იყო გაშუქებული, ათიდან ექვსმა უპასუხა, რომ „დიდად არ სჯეროდა“ ან „საერთოდ არ სჯეროდა“. არსებობს საფუძვლიანი მიზეზი ასეთი უნდობლობისთვის?

ბევრი ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო ირწმუნება, რომ მათი მიზანია საზოგადოებისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მიზეზი:

  • მედია-მაგნატები. რამდენიმე მსხვილი კომპანია გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელიცაა. ეს სააგენტოები დიდ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რის შესახებ მომზადდება რეპორტაჟი, როგორ იქნება ესა თუ ის ამბავი გაშუქებული და რამდენად პრიორიტეტულად ჩაითვლება ის. კომპანიების უმეტესობა ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული, ამიტომ საინფორმაციო სააგენტოები ხშირად გადაწყვეტილებებს ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. ზოგჯერ საზოგადოებას არ აწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება სააგენტოების მფლობელების მოგებაზე უარყოფითად აისახოს.

  • ხელისუფლება. მასმედია ინფორმაციას, ძირითადად, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ავრცელებს. ჩვეულებრივ, ხელისუფლების მიზანია, აღძრას მოსახლეობა, მხარი დაუჭიროს მის პოლიტიკასა და წარმომადგენლებს. ვინაიდან მასმედია ინფორმაციას მთავრობისგან იღებს, ჟურნალისტები და მთავრობის პრეს-სამსახური ზოგჯერ ერთმანეთთან შეკრულები არიან.

  • რეკლამა. უმეტეს ქვეყანაში საინფორმაციო სააგენტოებმა თავიანთი საქმიანობის უზრუნველსაყოფად ფული უნდა იშოვონ, რასაც უმთავრესად რეკლამების საშუალებით ახერხებენ. შეერთებულ შტატებში პრესა შემოსავლის 50—80 პროცენტს რეკლამებიდან იღებს, კომერციული სატელევიზიო თუ რადიომაუწყებლობის შემოსავალი კი მთლიანად არის დამოკიდებული რეკლამებზე. ცხადია, რეკლამის დამკვეთები ისეთ გადაცემებს არ დააფინანსებენ, რომლებიც უარყოფითად გააშუქებს მათ პროდუქციასა და კომპანიას. თუ მათ არ მოსწონთ საინფორმაციო სააგენტოს პროგრამები, შეუძლიათ თავიანთი რეკლამის განსათავსებლად სხვა სააგენტოებს მიმართონ. ამის გამო, ზოგმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა შეიძლება უარი თქვას იმ ამბების გაშუქებაზე, რომლებიც უარყოფითად წარმოაჩენდა სპონსორებს.

  • უპატიოსნობა. სამწუხაროდ, ყველა რეპორტიორი პატიოსანი არ არის. ზოგიერთი თვითონ თხზავს ახალ ამბებს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იაპონიაში ერთ რეპორტიორს უნდოდა დოკუმენტური სიუჟეტის გადაღება მყვინთავებზე, რომლებიც ოკინავის მარჯნის რიფებს აზიანებდნენ. მან ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა, ამიტომ თვითონ დააზიანა მარჯანი და ფოტოები გადაუღო. საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ზოგჯერ ფოტომონტაჟს იყენებენ. დღეს ეს ტექნოლოგია იმდენად დახვეწილია, რომ ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია იმის დადგენა, სურათი გაყალბებულია თუ არა.

  • ფაქტებით მანიპულირება. უტყუარი ფაქტების არსებობის მიუხედავად, ჟურნალისტმა შეიძლება ისინი სხვადასხვანაირად წარმოაჩინოს. ის წყვეტს, რომელ ფაქტებს მოიხსენიებს და რომელს — არა. დაუშვათ, ფეხბურთის გუნდმა თამაში ორი გოლით წააგო. ეს ფაქტია, მაგრამ წაგების მიზეზი ჟურნალისტმა შეიძლება სხვადასხვანაირად ახსნას.

  • ინფორმაციის გამოტოვება. რეპორტაჟი რომ უფრო შთამბეჭდავი იყოს, ჟურნალისტები ხშირად ისეთ დეტალებს მალავენ, რომლებიც რეპორტაჟის მომზადებას გაართულებდა ან კითხვებს წამოჭრიდა. შედეგად, ისინი ზოგ ფაქტს აზვიადებენ, ზოგს კი ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩენენ. ხშირად ტელეწამყვანებსა და რეპორტიორებს ძალიან მცირე დროში უწევთ ბევრი ინფორმაციის გადმოცემა, ამიტომ მათ შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალები მხედველობიდან გამორჩეთ.

  • კონკურენცია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტელეკომპანიების რაოდენობამ იმატა, რის გამოც საგრძნობლად იკლო იმ მაყურებელთა რიცხვმა, რომლებიც მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის გადაცემებს უყურებდნენ. მაყურებლის შესანარჩუნებლად ტელეკოპმანიები იძულებული გახდნენ, თავიანთი გადაცემები განსხვავებული და გასართობი გაეხადათ. ამ ტენდენციის შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: „[სატელევიზიო] საინფორმაციო გადაცემები ფოტოკოლაჟს დაემსგავსა, რომლის მიზანია მაყურებელი გააოგნოს და მასში ცნობისმოყვარეობა გააღვივოს. რეპორტაჟებს ამოკლებენ, რომ თავი არ მოაბეზრონ მაყურებელს, რომელსაც უჭირს დიდხანს ერთ რამეზე კონცენტრირება“ (Media Bias).

  • შეცდომები. როგორც ყველას, შეცდომები ჟურნალისტებსაც მოსდით. ორთოგრაფიულმა თუ გრამატიკულმა შეცდომამ ან მძიმის არასწორად დასმამ შეიძლება წინადადების მნიშვნელობა შეცვალოს. შესაძლოა, ფაქტები კარგად არ იყოს გადამოწმებული. რამდენადაც ჟურნალისტს შეზღუდული დრო აქვს, სიჩქარეში მან შეიძლება ციფრები შეცდომით დაბეჭდოს, მაგალითად, 100 000-ის ნაცვლად 10 000.

  • მცდარი დასკვნები. ინფორმაციის ზუსტად გადმოცემა არცთუ ისე ადვილია. რაც დღეს ფაქტად ითვლება, ხვალ შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მაგალითად, ერთ დროს დედამიწას მზის სისტემის ცენტრად მიიჩნევდნენ. დღეს კი ყველამ ვიცით, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.

 იყავით გაწონასწორებული

არაგონივრულია, ყველაფერი დავიჯეროთ, რასაც ვკითხულობთ და ვისმენთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვენდოთ. საჭიროა, ვიყოთ ფრთხილები და, ამავე დროს, მიუკერძოებლები.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს, და სასა — საჭმლის გემოს?!“ (იობი 12:11). ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგვეხმარება ინფორმაციის გადამოწმებაში.

  • ავტორი: რამდენად სანდო და ავტორიტეტულია ინფორმაციის მომწოდებელი? როგორი რეპუტაცია აქვს გადაცემას ან ჟურნალ-გაზეთს? სერიოზულობითაა ცნობილი თუ სენსაციურობით? ვინ არის საინფორმაციო სააგენტოს დამფინანსებელი?

  • წყაროები: ჩანს, რომ ინფორმაცია ბოლომდეა გამოკვლეული? მხოლოდ ერთ წყაროზე ხომ არ არის დაფუძნებული? არის წყაროები სანდო, მიუკერძოებელი და ობიექტური? საკითხი სხვადასხვა კუთხით არის გაშუქებული თუ მხოლოდ ერთი მხარის გათვალისწინებით?

  • მიზანი: ინფორმაციის მიზანი საზოგადოებისთვის ახალი ამბის მიწოდებაა თუ გართობა? რაიმე პროდუქციას ხომ არ უკეთებს რეკლამას ან რომელიმე იდეოლოგიას ხომ არ უჭერს მხარს?

  • ტონი: როდესაც ამა თუ იმ საკითხს მკაცრი, ცინიკური ან მეტისმეტად კრიტიკული ტონით გადმოსცემენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინფორმაცია არაობიექტურია და საფუძვლიან ფაქტებს მოკლებული.

  • თანმიმდევრობა: ეთანხმება მოყვანილი ფაქტები სხვა სტატიებსა თუ რეპორტაჟებში მოცემულ ინფორმაციას? ფრთხილად იყავით, თუ სტატიებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია წერია.

  • თანამედროვეობა: რამდენად ახალია ეს ინფორმაცია? მაგალითად, 20 წლის წინანდელი ინფორმაცია დღეს შეიძლება მოძველებული იყოს. მაგრამ, თუ საუბარი მიმდინარე მოვლენებზეა, ინფორმაცია შეიძლება არ იყოს სრული და ამომწურავი.

შეგიძლიათ ენდოთ მასმედიას? სოლომონ ბრძენი გონივრულ რჩევას გვაძლევს: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).