არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს დასავლეთ აფრიკა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს დასავლეთ აფრიკა

კოტ-დ’ივუარის ღარიბ უბანში ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, სახელად პასკალი. პასკალი კარგ ცხოვრებაზე და ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა. კრივი უყვარდა და მოყვარულის დონეზე მისდევდა საყვარელ სპორტს; ფიქრობდა: „სად წავიდე ნეტა, რომელ ქვეყანაში, სპორტის ვარსკვლავად რომ ვიქცე და მდიდარი გავხდეო?“. დაახლოებით 25 წლისა იყო, როცა გადაწყვიტა, თავისი ოცნება ევროპულ ასპარეზზე აეხდინა. მაგრამ ერთი პრობლემა იყო: არ ჰქონდა სათანადო საბუთები და თუ უარს არ იტყოდა თავის მიზნებზე, მაშინ არალეგალურად, უკანონოდ უნდა გადასულიყო ევროპის საზღვარზე.

1998 წელს 27 წლის ასაკში პასკალმა ევროპისკენ აიღო გეზი. გადაკვეთა განას საზღვარი, გაიარა ტოგო და გადავიდა ბენინში; ბოლოს ჩავიდა ქალაქ ბირნი ნკონიში, ნიგერში. აქედან უნდა დაწყებულიყო მისი სახიფათო და სარისკო მოგზაურობა. ჩრდილოეთით რომ გაეგრძელებინა გზა, უნდა ასულიყო სატვირთო მანქანაზე და გადაეკვეთა საჰარა. იქიდან გემით ხმელთაშუა ზღვა უნდა გადაესერა და ჩასულიყო ევროპაში. ასეთი იყო გეგმა, მაგრამ ნიგერში მოხდა რაღაც, რამაც ყველაფერი „თავდაყირა“ დააყენა.

ერთი ის, რომ ფული გაუთავდა და მეორე, შეხვდა პიონერ ძმას ნოეს, რომელთანაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო. სწავლობდა პასკალი ბიბლიას და ნასწავლი საოცრად ეხებოდა მის გულს. ცოტა ხანში ცხოვრებაზეც კი შეიცვალა შეხედულება. მისი წინანდელი მიზნები სულიერმა ჩაანაცვლა. 1999 წლის დეკემბერში მოინათლა. იეჰოვასადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად 2001 წელს პასკალმა პიონერობა დაიწყო ნიგერში, თანაც ზუსტად იმ ქალაქში, სადაც ჭეშმარიტება გაიგო. დღეს ის ასე აღწერს თავის გრძნობებს: „მშვენიერი ცხოვრება მაქვს. უკეთესს ვერც ვინატრებდი“.

სასიამოვნო ცხოვრება აფრიკაში

ანა-რაკელი

პასკალისა არ იყოს, ბევრი სხვაც ეთანხმება იმ აზრს, რომ გაცილებით ბედნიერი და კმაყოფილია ადამიანი, როცა მისი ცხოვრება სულიერის გარშემო ტრიალებს. ამ მიზნით ზოგიერთი ევროპიდან აფრიკაში გადავიდა მსახურებისთვის. მათ რიცხვში შედის 17—70 წლამდე ასაკის დაახლოებით 65 მოწმე, რომლებიც ევროპიდან გადავიდნენ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში: ბენინში, ბურკინა-ფასოში, ნიგერსა და ტოგოში. * ამ მოწმეებს ხშირად „ძალზე საჭირო ადამიანებს“ უწოდებენ. რატომ მიიღეს მათ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება და რა მოიმკეს შედეგად?

დანიელი ანა-რაკელი ამბობს: „ჩემი მშობლები მისიონერები იყვნენ სენეგალში. ისინი სულ ხალისითა და ენთუზიაზმით ლაპარაკობდნენ თავიანთ მსახურებაზე. მეც გამიჩნდა სურვილი, გამომეცადა, რას ნიშნავდა სხვა ქვეყანაში მსახურება“. 15 წელია უკვე, რაც ანა-რაკელი ტოგოში ჟესტებისენოვან კრებაში მსახურობს. ის ახლა 35 წელსაა  გადაცილებული. როგორ იმოქმედა სხვებზე მისმა გადასვლამ? ის ამბობს: „ცოტა ხანში ჩემი პატარა ძმა და დაც შემომიერთდნენ ტოგოში“.

ალბერტ-ფეიეტი და ორელი

ერთი 70 წლის ფრანგი ძმა ორელი გვიამბობს: „ხუთი წლის წინ პენსიაზე გავედი; არჩევნის წინაშე დავდექი: ან მეცხოვრა მშვიდად და წყნარად საფრანგეთში და დავლოდებოდი სამოთხეს, ან გამეფართოებინა მსახურება“. ორელმა გადაწყვიტა, რომ თავის ცოლთან, ალბერტ-ფეიეტთან, ერთად ბენინში გადასულიყო. აი, უკვე სამი წელია, რაც ისინი ბენინში მსახურობენ. „ჩვენ დღეს აქ ვართ და ასე ვემსახურებით იეჰოვას. ეს ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, — აღნიშნავს ორელი. „სხვათა შორის, ის სანაპირო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ჰგავს სამოთხეს“, — ღიმილიანი სახით ამბობს ის.

კლოდომირი და მისი ცოლი ლისიანი 16 წლის წინ გადავიდნენ საფრანგეთიდან ბენინში მსახურებისთვის. თავიდან ძალიან ენატრებოდათ ოჯახის წევრები და მეგობრები; ფიქრობდნენ, რომ ვერ შეეგუებოდნენ ახალ ცხოვრებას. თუმცა ნამდვილად არ ჰქონდათ შიშის საფუძველი. მათ იქ უდიდესი სიხარული განიცადეს. კლოდომირი იხსენებს: „მთელი ამ 16 წლის განმავლობაში ყოველ წელს თითო ადამიანს ვეხმარებოდით ჭეშმარიტების მიღებაში. ეს უდიდესი პატივია ჩვენთვის“.

ლისიანი და კლოდომირი სულიერ შვილებთან ერთად

ჟოანა და სებასტიანი

2010 წელს საფრანგეთიდან სებასტიანი და ჟოანაც ბენინში გადავიდნენ ამავე მიზნით. სებასტიანი ამბობს: „კრებაში იმდენი საქმეა, რომ აქ მსახურებით, შეიძლება ითქვას, თეოკრატიული მსახურების გაძლიერებულ კურსს გავდივართ“. როგორ ეხმაურება საზოგადოება მათ მსახურებას? ჟოანა ამბობს: „ხალხი მოწყურებულია ჭეშმარიტებას. ხანდახან მაშინაც გვაჩერებენ ქუჩაში, როცა მსახურებაში არა ვართ; ბიბლიურ კითხვებს გვისვამენ და პუბლიკაციებს გვთხოვენ“. ბენინში მათმა გადასვლამ არა მარტო მსახურებას შეუწყო ხელი, არამედ მათ ოჯახზეც დადებითად აისახა. სებასტიანი ამბობს: „ამ ყველაფერმა ჩვენი ოჯახი გააძლიერა. მსიამოვნებს, როცა მთელ დღეებს მსახურებაში ჩემს ცოლთან ვატარებ“.

ერიკი და კატი პიონერებად მსახურობენ ჩრდილოეთ ბენინის მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე. დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ, ხშირად კითხულობდნენ სტატიებს, რომლებშიც საუბარი იყო სრული დროით მსახურებზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ მსახურობდნენ და-ძმები დაშორებულ ტერიტორიებზე. ამან მათ საზღვარგარეთ მსახურების სურვილი აღუძრა და 2005 წელს გადავიდნენ კიდეც ბენინში. ისინი საოცარი ზრდის მოწმენი გახდნენ. ერიკი ამბობს: „ორი წლის წინ ტანგიეტაში ჩვენი ჯგუფი 9 მაუწყებელს ითვლიდა; დღეს კი აქ 30 მაუწყებელია. კვირაობით კრების შეხვედრას 50—80 ადამიანი ესწრება ხოლმე. უსაზღვრო სიხარული გვეუფლება, როცა ასეთ ზრდას ვხედავთ“.

კატი და ერიკი

 სირთულეების დაძლევა

ბენიამინი

რა სირთულეებს შეხვდნენ ეს ჩვენი „ძალზე საჭირო ადამიანები“? 33 წლის ბენიამინი (ზემოხსენებული ანა-რაკელის ძმა) 2000 წელს დანიაში შეხვდა მისიონერს, რომელიც ერთ დროს ტოგოში მსახურობდა. ბენიამინი იხსენებს: «როდესაც ამ ძმას ვუთხარი, რომ პიონერობა მინდოდა, მიპასუხა: „კარგი აზრია. წადი ტოგოში და იმსახურე“». ბენიამინს ჭკუაში დაუჯდა ეს სიტყვები. „იმ დროს 20-ისაც არ ვიყავი. ჩემი ორი და უკვე მსახურობდა ტოგოში, რამაც უფრო დიდი ბიძგი მომცა, რომ გადავსულიყავი იქ“. თუმცა საქმეს სირთულეების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ბენიამინი ამბობს: „ფრანგულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. ვერავისთან ვერ შევდიოდი ურთიერთობაში, ამიტომ პირველი ექვსი თვე ენის სწავლას დავუთმე“. გავიდა დრო და ბენიამინი უკვე ახერხებდა ფრანგულ ენაზე ლაპარაკს. ის ახლა ბენინის ბეთელში მსახურობს, ლიტერატურა მიაქვს კრებებში და კომპიუტერულ განყოფილებასაც ეხმარება.

Marie-Agnès and Michel

ზემოთ მოხსენიებული ერიკი და კატი ბენინში გადასვლამდე უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურობდნენ საფრანგეთში. კატი გვიამბობს, თუ რა განსხვავებაა ამ ტერიტორიასა და დასავლეთ აფრიკას შორის: „ძალიან რთული იყო ნორმალური საცხოვრებელი ადგილის შოვნა. თვეების განმავლობაში ვცხოვრობდით სახლში, სადაც არც შუქი იყო და არც წყალი“. ერიკი ამატებს: „სამეზობლოში შუაღამემდე ისმოდა მუსიკის გამაყრუებელი ხმა. მოთმინება და შეგუება იყო საჭირო“. ერიკიცა და კატიც ერთხმად ამბობენ: «ასეთ „ყამირ მიწაზე“ ქადაგების სიხარულმა სრულიად გადაწონა ყოველგვარი სირთულე“».

მიშელი და მარი-აგნესი ხუთი წლის წინ გადავიდნენ საფრანგეთიდან ბენინში. ისინი უკვე 50 წელს არიან გადაცილებულები. თავიდან ძალიან ღელავდნენ. ქმარი იხსენებს: „ზოგმა ჩვენი აქ გადმოსვლა შეადარა იმ ურიკაში ჩასხდომას, რომელიც თოკზე მოსიარულეს თოკზე გაჰყავს. ეს შეიძლებოდა მართლაც საშიში ყოფილიყო; მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ თოკზე მოსიარულე გადატანითი მნიშვნელობით იეჰოვა იყო. ასე რომ, ჩვენ იეჰოვასთვის გადავედით და იეჰოვასთან ერთად ვაკეთებდით ამ საქმეს“.

როგორ მოვემზადოთ

ამ სფეროში გამოცდილი მსახურები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მომზადება, რაშიც შედის: წინასწარ დაგეგმვა, იეჰოვაზე მინდობა და იმის სწავლა, თუ როგორ გავხდეთ შემგუებლები და როგორ ვიცხოვროთ ხელმომჭირნედ (ლუკ. 14:28—30).

მარია-ტერეზა

სებასტიანი, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ჰყვება: „ბენინში გადასვლამდე მე და ჟოანა ორი წლის განმავლობაში ვზოგავდით იმ თანხას, რასაც ადრე გართობასა და ისეთი ნივთების ყიდვაში ვხარჯავდით, რომელიც მაინცდამაინც აუცილებელი არ იყო“. ყოველწლიურად წელიწადში რამდენიმე თვე ისინი ევროპაში მუშაობენ, მიღებული ანაზღაურება კი სავსებით საკმარისია  ბენინში წლის დარჩენილ პერიოდში პიონერებად მსახურებისთვის.

მარია-ტერეზა არის იმ 20 დაუქორწინებელ დას შორის, რომლებიც დასავლეთ აფრიკაში მსახურობენ, როგორც „მეტად საჭირო ადამიანები“. ის საფრანგეთში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა; 2006 წელს ერთი წლით დაეთხოვა სამსახურიდან, გადავიდა ნიგერში და პიონერობა დაიწყო. მალევე მიხვდა, რომ ეს იყო ის, რაზეც ოცნებობდა. აი, რას ამბობს ის: „დავბრუნდი თუ არა საფრანგეთში, დაველაპარაკე ჩემს უფროსს სამსახურის განრიგის შეცვლაზე. უფროსი დამთანხმდა. მას შემდეგ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით საფრანგეთში ვმუშაობ ავტობუსის მძღოლად, ხოლო სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით პიონერად ვმსახურობ ნიგერში“.

საფირა

მათ, ვინც „უპირველესად ეძებს სამეფოს“, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვა მისცემს „სხვა დანარჩენს“ (მთ. 6:33). ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს 30 წლამდე ასაკის გასათხოვარი დის საფირას შემთხვევა. ის საფრანგეთიდან ბენინში გადავიდა და ამჟამად პიონერად მსახურობს. 2011 წელს საფირა დაბრუნდა საფრანგეთში, რათა ემუშავა და დაგროვილი თანხით კვლავ გაეგრძელებინა აფრიკაში მსახურება (ეს იყო მისი ბენინში მსახურების მე-5 წელი). ის იხსენებს: „პარასკევი დღე იყო, ჩემი ბოლო სამუშაო დღე. არადა კიდევ 10 დღე მინდოდა მემუშავა იმისათვის, რომ მომდევნო წლისთვის საკმარისი თანხა მქონოდა. ორი კვირაღა მიწევდა საფრანგეთში ყოფნა. ვილოცე და იეჰოვას ავუხსენი ჩემი სიტუაცია. ცოტა ხანში დასაქმების სააგენტოდან დამირეკეს; მკითხეს, ხომ არ შემეძლო ორი კვირით შემეცვალა ერთ-ერთ სამსახურში თანამშრომელი“. ორშაბათს საფირა გაეშურა სამსახურში და შეხვდა იმ თანამშრომელს, რომელსაც ის ცვლიდა, რათა მას აეხსნა მისთვის სამუშაო პირობები. ის ყვება: „საოცარი ის იყო, რომ ეს თანამშრომელი ჩვენი ქრისტიანი და აღმოჩნდა, რომელსაც ათი დღით სჭირდებოდა სამსახურიდან გათავისუფლება, რათა პიონერული სკოლა გაევლო. უფროსს უთქვამს, რომ თუ შემცვლელს ვერ ნახავდა, სამსახურიდან არ გაათავისუფლებდა. თურმე ეს დაც ლოცულობდა ჩემსავით და ღმერთს დახმარებას სთხოვდა“.

წყარო ჭეშმარიტი კმაყოფილებისა

დასავლეთ აფრიკა ბევრი უცხოელი და-ძმისთვის იქცა მშობლიურ მხარედ. ბევრმაც რამდენიმე წელი გაატარა ამ მხარეში და შემდეგ კვლავ თავის სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა მათთვის დღემდე მოაქვს შედეგი სხვა ქვეყანაში გატარებულ მსახურების წლებს. მათ ისწავლეს ერთი რამ: ჭეშმარიტი კმაყოფილება სხვას არაფერს მოაქვს, თუ არა იეჰოვას მსახურებას.

^ აბზ. 6 ბენინის ფილიალი ზედამხედველობას უწევს ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ოთხ ქვეყანას.