არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებისთვის

როცა მეუღლეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

როცა მეუღლეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

მას შემდეგ, რაც ექიმებმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დამიდგინეს, ოჯახის რჩენის მთელი ტვირთი ჩემს ქმარს დააწვა. ჩემი მეუღლე რატომღაც თავს არიდებს ჩემთან ოჯახის ხარჯებზე საუბარს. ვერ ვხვდები, რატომ არაფერს მეუბნება. ასე მგონია, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ მისი აზრით, ამის გაგება შოკში ჩამაგდებს (ნენსი). *

ქორწინებას თან ახლავს პრობლემები, მაგრამ პრობლემები უფრო რთულდება, როცა ერთ-ერთი მეუღლე ქრონიკულად ავად ხდება. * თქვენც ხომ არ გიწევთ ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვა? თუ ასეა, შეიძლება თქვენც ფიქრობთ შემდეგ კითხვებზე: როგორ მოვიქცე, თუ ჩემი მეუღლის მდგომარეობა გაუარესდება? რამდენ ხანს მომიწევს არა მარტო მეუღლეზე ზრუნვა, არამედ სამსახურთან ერთად საოჯახო საქმეების კეთება? რატომ ვიდანაშაულებ თავს მეუღლის ავადმყოფობის გამო?

მეორე მხრივ, თუ თქვენ გაწუხებთ ქრონიკული დაავადება, შეიძლება ფიქრობთ: როგორ უნდა შევინარჩუნო ღირსების გრძნობა, როცა ოჯახს ვერაფრით ვეხმარები? ბრაზობს ჩემი მეუღლე ჩემი ავადმყოფობის გამო? წერტილი დაესვა ჩვენს ბედნიერებას?

სამწუხაროდ, ზოგი ოჯახი დაინგრა იმის გამო, რომ ერთ-ერთ მეუღლეს ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახიც განწირულია.

ბევრმა გაუძლო ამგვარ განსაცდელს და სიხარულიც შეინარჩუნა. განვიხილოთ იოშიაკისა და კაზუკოს შემთხვევა. ხერხემლის დაზიანების გამო იოშიაკის დაუხმარებლად უმარტივესი მოძრაობის გაკეთებაც არ შეუძლია. კაზუკო ამბობს: „ჩემი ქმარი დაუხმარებლად ვერაფერს აკეთებს. ყველაფრის გაკეთება მე მიწევს, ამიტომ კისერი, მხრები და მკლავები ისე მტკივა, რომ სისტემატურად ვაკითხავ ორთოპედს კლინიკაში. ზოგჯერ ძალიან მიჭირს“. ამ ყველაფრის მიუხედავად, კაზუკო დასძენს: „ავადმყოფობამ ერთმანეთს უფრო დაგვაახლოვა“.

მაშ, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში ბედნიერი ოჯახის შენარჩუნება? თუ ცოლ-ქმარს ჯანსაღი ურთიერთობა აქვს, ერთი მეუღლის ავადმყოფობა მეორეს ტკივილიც ხდება. მთლიანობაში, ორივე მეუღლე განიცდის ამ პრობლემას, უბრალოდ სხვადასხვანაირად. დაბადების 2:24-ში კარგად არის აღწერილი ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“. ამგვარად, თუ ერთ-ერთი მეუღლე ავადმყოფობს, ამ პრობლემას ორივე ერთად უნდა შეეჭიდოს.

გარდა ამისა, როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, თუ ქრონიკული ავადმყოფობის დროს ცოლ-ქმარი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს, ისინი უფრო ადვილად ეგუებიან სიტუაციას და მასთან გამკლავების ეფექტურ საშუალებებსაც პოულობენ. ამ საშუალებების უმეტესობა ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს ეფუძნება. განვიხილოთ სამი ასეთი რჩევა.

იყავით ყურადღებიანები ერთმანეთის მიმართ

„ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 4:9-ში. რა გაგებით? როგორც მე-10 მუხლშია ნათქვამი: „თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“. აგრძნობინებთ თქვენს მეუღლეს, რომ აფასებთ მას და ამგვარად მას „წამოდგომაში“ ეხმარებით?

ეძებთ პრაქტიკულ გზებს ერთმანეთის დასახმარებლად? იონგი, რომლის ცოლიც პარალიზებულია, ამბობს: „ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო ჩემს მეუღლეს. როცა მწყურია, ვფიქრობ, რომ იმ მომენტში შეიძლება მასაც სწყურია. თუ ბუნებაში გასვლა და ლამაზი ხედების ნახვა მინდა, ჩემს ცოლს ვეკითხები, მასაც ხომ არ უნდა წამოსვლა. ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის ტკივილს და მდგომარეობას ერთად ვუმკლავდებით“.

მეორე მხრივ, თუ მეუღლეს უწევს თქვენზე ზრუნვა, დაფიქრდით, თქვენც ხომ არ შეგიძლიათ ელემენტარული რამის გაკეთება. ამგვარად არ დაკარგავთ ღირსების გრძნობას და მეუღლესაც გაუადვილებთ საქმეს.

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ისედაც კარგად იცით, რა ესიამოვნება თქვენს მეუღლეს. აჯობებს, თავად მას ჰკითხოთ, რა ურჩევნია. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა ნენსიმ უთხრა მეუღლეს, როგორ განიცდიდა, ის რომ არაფერს ეუბნებოდა ოჯახის ფინანსებზე. ახლა მისი ქმარი ცდილობს, რომ ნენსიც ჩააყენოს საქმის კურსში.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაწერეთ, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მეუღლემ, მდგომარეობა რომ შეგიმსუბუქოთ. მასაც სთხოვეთ, იგივე გააკეთოს. შემდეგ გაცვალეთ ფურცლები. თითოეულმა შეარჩიეთ ერთი ან ორი აზრი, რომელიც რეალურად შეიძლება განახორციელოთ.

შეეცადეთ, იყოთ გაწონასწორებული

„ყველაფერს თავისი დრო აქვს“, — წერდა ბრძენი მეფე სოლომონი (ეკლესიასტე 3:1). მაგრამ შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ შემთხვევაში არარეალურია გონივრული განრიგით ცხოვრება, რადგან ავადმყოფობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ მეტ-ნაკლებად გააწონასწოროთ ყველაფერი?

ყოველთვის ნუ იფიქრებთ ავადმყოფობაზე. შეეცადეთ, იმ საქმეებით დაკავდეთ, რასაც ავადმყოფობამდე ერთად სიამოვნებით აკეთებდით. თუ ეს შეუძლებელია, სხვა რამე მოიფიქრეთ. მაგალითად, ერთად იკითხეთ ან უცხო ენა ისწავლეთ. თუ ავადმყოფობის მიუხედავად ერთად დაკავდებით სასიამოვნო საქმით, განიმტკიცებთ ოჯახურ კვანძებს და ხელს შეუწყობთ თქვენს ბედნიერებას.

გაწონასწორებულობაში სხვებთან ურთიერთობაც დაგეხმარებათ. ბიბლიაში იგავების 18:1-ში ნათქვამია: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“. ამ მუხლიდან კარგად ჩანს, რომ განმარტოებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. სხვებთან ურთიერთობა გუნება-განწყობილებას აგიმაღლებთ და მოვლენების სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ. ამიტომ კარგს იზამთ, თუ თავად მოიპატიჟებთ სხვებს.

ყველაფრის გაწონასწორება განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვინც მეუღლეს უვლის. ისინი ბევრ საქმეს არიან შეჭიდებული, რის გამოც ნელ-ნელა იფიტებიან და თავიანთ ჯანმრთელობასაც იგდებენ საფრთხეში. დროთა განმავლობაში მათ შეიძლება ვეღარც კი შეძლონ საყვარელ მეუღლეზე ზრუნვა. ამიტომ, როცა ავადმყოფ მეუღლეს უვლით, თქვენს თავზეც იფიქრეთ. შიგადაშიგ დრო გამონახეთ ძალების აღსადგენად. * ბევრს დიდ შვებას ჰგვრის თავისივე სქესის სანდო მეგობრისთვის გულის გადაშლა.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ფურცელზე ჩამოწერეთ, რატომ გიჭირთ მეუღლის მოვლა. შემდეგ ჩამოწერეთ, რისი გაკეთება შეიძლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ნუ გაართულებთ სიტუაციას. უბრალოდ დაფიქრდით: ყველაზე მარტივად როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება?

შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა

ბიბლია გვაფრთხილებს: „ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო“ (ეკლესიასტე 7:10). ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება ყოფილიყო. გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნიერებაში სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. მთავარია, შეეგუოთ საკუთარ მდგომარეობას და შეეცადოთ, მაქსიმალურად გაილამაზოთ ცხოვრება.

რა დაგეხმარებათ ამაში თქვენ და თქვენს მეუღლეს? ისაუბრეთ იმ კურთხევების შესახებ, რაც გაქვთ. ჯანმრთელობის ოდნავი გაუმჯობესებაც კი სიხარულის მიზეზად აქციეთ. იფიქრეთ იმ სასიამოვნო წუთებზე, რომლებიც ახლო მომავალში გელით და დაისახეთ რეალური მიზნები.

შოჯიმ და აკიკომ გამოიყენეს ზემოხსენებული რჩევა და შედეგმაც არ დააყოვნა. როცა აკიკოს ფიბრომიალგიის დიაგნოზი დაუსვეს, მათ მოუწიათ სპეციალური სრული დროით მსახურების შეწყვეტა. მართალია, თავიდან გული გაუტყდათ, მაგრამ დღეს შოჯი მსგავს სიტუაციაში მყოფებს ურჩევს: „გულს ნუ გაიტეხთ იმაზე ფიქრით, რომ ბევრ რამეს უკვე ვეღარ გააკეთებთ. შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. თუნდაც იმის იმედი გქონდეთ, რომ მომავალში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებით, უფრო მეტად დღევანდელ მდგომარეობაზე იფიქრეთ. ჩემს სიტუაციაში ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლს ყურადღება მივაქციო და მხარში ამოვუდგე“. ეს პრაქტიკული რჩევა შეიძლება თქვენც გამოგადგეთ, თუ მეუღლეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 4 ამ სტატიაში საუბარია იმ სიტუაციებზე, როცა მეუღლეს პროგრესირებადი დაავადება აქვს. მაგრამ ქვემოთ მოცემული რჩევები იმ წყვილებსაც დაეხმარება, რომლებსაც უწევთ სხვა სახის პრობლემებთან გამკლავება, მაგალითად უბედური შემთხვევით გამოწვეულ ტრავმასთან ან დეპრესიასთან.

^ აბზ. 20 სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ღირდეს დროდადრო კერძო სამედიცინო პერსონალისგან დახმარების მიღება.

დაფიქრდით . . .

მე და ჩემს მეუღლეს რისი გაკეთება გვმართებს ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?

  • უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ მეუღლის ავადმყოფობაზე

  • უფრო ნაკლები უნდა ვისაუბროთ მეუღლის ავადმყოფობაზე

  • ბევრი არ უნდა ვინერვიულოთ

  • ერთმანეთის მიმართ უფრო ყურადღებიანები უნდა ვიყოთ

  • ერთად უნდა ვაკეთოთ სასიამოვნო საქმე

  • უფრო მეტად უნდა გვქონდეს სხვებთან ურთიერთობა

  • ერთობლივი მიზნები უნდა დავისახოთ