არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიოგრაფია

მატერიალურად ღარიბი, მაგრამ სულიერად მდიდარი

მატერიალურად ღარიბი, მაგრამ სულიერად მდიდარი

პაპაჩემი და მამაჩემი მოლდავეთის ჩრდილოეთით მდებარე ღარიბ სოფელ კოტიუჟანში ერთ დაუმთავრებელ სახლში ცხოვრობდნენ. 1939 წლის დეკემბერს იმ სახლში დავიბადე. 1930-იანი წლების დასაწყისში პაპა და მამა იეჰოვას მოწმეები გახდნენ. როცა დედამ დაინახა, რომ პაპამ ბიბლია სოფლის მღვდელზე უკეთ იცოდა, ისიც მოწმე გახდა.

სამი წლის რომ ვიყავი, მამაჩემი, ბიძაჩემი და პაპაჩემი ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო შრომა-გასწორების ბანაკში გადაასახლეს. ცოცხალი მხოლოდ მამაჩემი გადარჩა. 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის სახლში დაბრუნდა. მას ხერხემლის მალები ჰქონდა მოტეხილი. ფიზიკური უძლურების მიუხედავად, მამაჩემი ბოლომდე მტკიცედ იდგა რწმენაში.

დრამატული ცვლილებები

ცხრა წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი სხვა ასობით მოლდაველ მოწმესთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. 1949 წლის 6 ივლისს საქონლის გადასაყვან ვაგონებში შეგვყარეს, 12 დღიანი მგზავრობის შემდეგ მატარებელი ლებიაჟეს სადგურში გაჩერდა. სულ 6 400 კილომეტრზე მეტი ვიმგზავრეთ. სადგურში პოლიციელები დაგვხვდნენ, პატარ-პატარა ჯგუფებად დაგვყვეს და სხვადასხვა ადგილებში დაგვასახლეს. ჩვენს ჯგუფს სკოლის მიტოვებულ შენობაში მოუწია ცხოვრება. ყველანი ძალაგამოცლილი და გულდამძიმებული ვიყავით. ერთმა ხანდაზმულმა ქალმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოწმეების დაწერილი სიმღერა წაიღიღინა. მალე მას ჩვენც შევუერთდით და მთელი გულით ვმღეროდით:

„რამდენი ძმა გადაასახლეს,

ზოგი ჩრდილოეთით, ზოგი აღმოსავლეთით.

ღვთის საქმის გამო მრავალი გაჭირვება აიტანეს,

ბევრჯერ სიკვდილსაც ჩახედეს თვალებში“.

გარკვეული პერიოდის შემდეგ საშუალება მოგვეცა, ქრისტიანულ შეხვედრებს დავსწრებოდით, რომლებიც ჩვენი სახლიდან 13 კილომეტრის მოშორებით ტარდებოდა. კვირაობით ხშირად სახლიდან უთენია გავდიოდით, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა და 40 გრადუსიან ყინვაში მუხლებამდე თოვლში მივდიოდით. 50 ან უფრო მეტი ადამიანი 19 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ვიკრიბებოდით. შეხვედრას სიმღერით ვიწყებდით. ზოგჯერ ორ ან სამ სიმღერას ვმღეროდით, შემდეგ რომელიმე ძმა მხურვალე ლოცვას წარმოთქვამდა, მერე ბიბლიურ კითხვებზე ვიწყებდით მსჯელობას. ეს დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა. მერე ისევ ვმღეროდით და ისევ ბიბლიურ კითხვებს განვიხილავდით. ასეთი შეხვედრები სულიერად გვაძლიერებდა.

ახალი სირთულეების პირისპირ

ჟანკოის რკინიგზის სადგური, 1974 წელი

1960 წელს გადასახლებულმა მოწმეებმა დიდი თავისუფლება მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობდით, მოლდავეთში წასვლა მაინც მოვახერხე. იქ გავიცანი ნინა. მისი მშობლები პაპა-ბებია მოწმეები იყვნენ. ჩვენ მალე დავქორწინდით და საცხოვრებლად ციმბირში გადავედით. 1964 წელს დინა  შეგვეძინა, 1966 წელს კი — ვიქტორი. ორი წლის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავედით და დავსახლდით ქალაქ ჟანკოიში, რომელიც იალტიდან (ყირიმის ნახევარკუნძული) 160 კილომეტრით იყო მოშორებული.

ყირიმში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, რადგან ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა აკრძალვა არ იყო მაინცდამაინც მკაცრი და არც დევნები იყო ძლიერი. ამიტომ ზოგს გაუნელდა ენთუზიაზმი იეჰოვას მსახურებაში. ამის მიზეზად ის მოჰყავდათ, რომ ციმბირში დიდი გაჭირვება გადაიტანეს და ახლა დადგა დრო, რომ ბევრი ემუშავათ და კომფორტული ცხოვრება მოეწყოთ.

მოვლენების საოცარი განვითარება

1991 წლის 27 მარტს საბჭოთა კავშირში ჩვენი საქმიანობა კანონიერად იქნა აღიარებული. მალევე დაიგეგმა 7 ორდღიანი კონგრესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ კონგრესს 24 აგვისტოს ოდესაში უნდა დავსწრებოდით. ადგილზე ერთი თვით ადრე ჩავედი, რათა ძმებს დავხმარებოდი, რომ უზარმაზარი ფეხბურთის სტადიონი კონგრესისთვის მოგვემზადებინა.

მთელი დღე მუშაობით დაღლილებს ღამე სტადიონის სკამებზე გვეძინა. უამრავი და სტადიონის მიდამოებს ასუფთავებდა. დაახლოებით 70 ტონა ნაგავი გავიტანეთ. დელეგატების დაბინავებაზე პასუხისმგებელმა ძმებმა მთელი ქალაქი შემოიარეს, რომ 15 000 დელეგატისთვის საცხოვრებელი მოემზადებინათ. მაგრამ უეცრად თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ.

კონგრესამდე ხუთი დღით ადრე, 19 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი დააპატიმრეს. ის შვებულებით იმყოფებოდა იალტასთან ახლოს, არცთუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც კონგრესი უნდა ჩაგვეტარებინა. ამის გამო, კონგრესის ჩატარებაზე უარი გვითხრეს. დელეგატები რეკავდნენ კონგრესების განყოფილებაში და ძმებს ეკითხებოდნენ: „რა ვუყოთ დაჯავშნილ ავტობუსებსა და ბილეთებს“? მხურვალე ლოცვების შემდეგ ძმებმა მათ უთხრეს: „რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩამოდით“.

ძმები განაგრძობდნენ ლოცვას და კონგრესისთვის მზადებას. სატრანსპორტო განყოფილებაში მომსახურე ძმები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოსულ დელეგატებს ხვდებოდნენ და აბინავებდნენ. ყოველდღე კონგრესის კომიტეტში მომსახურე ძმები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ყოველთვის უარყოფითი პასუხით ბრუნდებოდნენ.

ლოცვებზე პასუხი

ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, კონგრესამდე ორი დღით ადრე ძმებმა კარგი ამბავი მოიტანეს. კონგრესის ჩატარების ნებართვა მივიღეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კონგრესი სიმღერითა და ლოცვით დავიწყეთ. შაბათს, პროგრამის დამთავრების შემდეგ, გვიანობამდე დავრჩით, რომ ერთმანეთთან გვესაუბრა და ახალი მეგობრები შეგვეძინა. ჩვენ გვერდით იყვნენ ის ქრისტიანები, რომლებმაც რწმენის უდიდესი განსაცდელები მტკიცედ გადაიტანეს.

კონგრესი ოდესაში, 1991 წელი

მომდევნო 22 წლის განმავლობაში უკრაინას არნახული სულიერი ზრდის პერიოდი დაუდგა. დაიწყო სამეფო დარბაზების მშენებლობა. თუ 1991 წელს მაუწყებელთა რიცხვი 25 000 იყო, დღეს მათი რაოდენობა 150 000-ზე მეტს ითვლის.

დღემდე სულიერად მდიდარი

დღეს ჩვენი ოჯახი ჟანკოიში ისევ იმ სახლში ცხოვრობს. აქ მოსახლეობა დაახლოებით 40 000-ია. 1968 წელს, როცა ციმბირიდან ჩამოვედით, ჟანკოიში იეჰოვას მოწმეების რამდენიმე ოჯახი იყო, მაგრამ ახლა უკვე 6 კრებაა.

ბუნებრივია, ჩვენი ოჯახიც გაიზარდა რიცხობრივად. უკვე ოთხი თაობა ვართ. ჩემს შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად სიხარულით ვემსახურები იეჰოვას.