არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | განიჭებთ სამუშაო სიამოვნებას?

სათაკილოა ფიზიკური შრომა?

სათაკილოა ფიზიკური შრომა?

ალექსი, რომელიც გადამზიდავ კომპანიაში მუშაობს, ყუთს ოხვრით სწევს და სატვირთო მანქანაზე დებს. ის საკუთარ თავს ეკითხება: „რატომ შემოვრჩი ამ უპერსპექტივო სამუშაოს? როდის ვაპირებ უკეთესი სამსახურის შოვნას? ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ფიზიკური შრომა რომ არ მიწევდეს!“.

ალექსის მსგავსად, მრავალს არ მოსწონს ფიზიკურად მუშაობა. ავტო-მექანიკოსი, სახელად აარონი, თავის აზრს გვიზიარებს: «ბევრი თვლის, რომ მათ არ ეკადრებათ ფიზიკურად მუშაობა, რადგან ეს მონურ სამუშაოდ მიაჩნიათ. ისინი ფიქრობენ: „აქ მანამ ვარ, სანამ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება“».

რატომ ფიქრობს ბევრი, რომ ფიზიკურად მუშაობა მათი საქმე არ არის? მათზე შესაძლოა მასმედია ახდენს გავლენას, რომელიც ხშირად „იდეალურ“ ცხოვრებას ფუფუნებასა და უდარდელობასთან აიგივებს. მეთიუ, რომელიც ხელოსანია, ამბობს: „ხალხის აზრით, თუ თავის სარჩენად მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება გიწევს, ესე იგი, წარუმატებელი ხარ“. მსგავსი დამოკიდებულება შენიშნა შანიმაც, რომელიც შვეიცარად მუშაობს. ის ამბობს: „დღეს ადამიანებს ფული კი სჭირდებათ, მაგრამ სრულ განაკვეთზე მუშაობა აღარავის უნდა“.

თუმცა მრავალ წარმატებულ ადამიანს სიამოვნებს ფიზიკური სამუშაოს შესრულება. „ვფიქრობ, ფიზიკური შრომა უაღრესად დასაფასებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ღირებული მიზნების მიღწევას ემსახურება“, — ამბობს 25 წლის დანიელი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს. 23 წლის ანდრეც მსგავს აზრს ამბობს: „დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაოს შეუძლია ბედნიერება და კმაყოფილება მოგვანიჭოს. ნაკლებ შრომასა და ფიზიკურ უმოქმედობას ხანგრძლივი ბედნიერების ნაცვლად, ხანგრძლივი მოწყენილობა მოაქვს!“.

როგორ შეძლეს დანიელმა და ანდრემ, რომ სამუშაოსთვის დადებითი კუთხით შეეხედათ? მარტივად რომ ვთქვათ, მათ ცხოვრებაში ბიბლიური რჩევები გამოიყენეს. სამუშაო მოსაბეზრებელი და დამამძიმებელი რომ არ გახდეს, ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ შრომისმოყვარეები და შეუპოვრები. თუმცა ბიბლია მხოლოდ შრომისკენ არ მოგვიწოდებს; ის გვასწავლის, თუ როგორ მივიღოთ სიამოვნება სამუშაოსგან.

რომელი ბიბლიურ პრინციპები დაგეხმარებათ, რომ სამუშაომ კმაყოფილება მოგანიჭოთ? მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს.