არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთზე განაწყენებული ხომ არ ხართ?

ღმერთზე განაწყენებული ხომ არ ხართ?

„რატომ მაინცდამაინც მე? რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთი რამ დამმართნოდა?“. ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდა 24 წლის ბრაზილიელ სიდნეს, რომელიც წყლის ატრაქციონზე მიღებული ტრავმის შედეგად სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს.

ტრაგიკული შემთხვევის, ავადმყოფობის, საყვარელი ადამიანის სიკვდილის, სტიქიური უბედურებისა თუ ომის დროს ადამიანები ხშირად ღმერთზე ნაწყენდებიან. ეს ოდითგანვე ასე იყო. დიდი ხნის წინათ მცხოვრებ პატრიარქ იობს ერთიმეორის მიყოლებით დაატყდა თავს საშინელი უბედურებები. მომხდარში ის გაუთვითცნობიერებლად ღმერთს ადანაშაულებდა: „შველასა გთხოვ, მაგრამ არ მპასუხობ; ვდგავარ, რომ ყურადღება მომაქციო. იცვლები, რომ სასტიკად მომეპყრო, მთელი შენი მკლავის ძლიერებით მემტერები“ (იობი 30:20, 21).

იობმა არ იცოდა, ვინ იყო მისი უბედურების წყარო. არც ის უწყოდა, რატომ დაემართა ეს ყოველივე მაინცდამაინც მას ან რატომ არ დაიცვა ღმერთმა. საბედნიეროდ, ბიბლია გვიხსნის, რატომ ხდება უბედურებები და როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ამ დროს.

ღვთის განზრახვაში შედიოდა ადამიანების ტანჯვა?

ღვთის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4). აქედან გამომდინარე, ლოგიკური ან გონივრულია იმის თქმა, რომ „მართალი და სამართლიანი“ ღმერთი განიზრახავდა ადამიანების ტანჯვას, ან მათ დასასჯელად თუ განსაწმენდად თავს უბედურებებს დაატეხდა?

ბიბლია სრულიად საპირისპიროს ამბობს: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა კაცთა მოდგმას სრულყოფილი დასაბამი მისცა. პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, მან იდეალური საცხოვრებელი უბოძა, უზრუნველყო ყოველივე აუცილებლით და მნიშვნელოვანი დავალება მისცა. ღმერთმა მათ უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“. ადამს და ევას ღმერთზე დამდურების არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ (დაბადება 1:28).

მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმ იდეალური პირობებისგან, რომელიც ღმერთმა პირველ ადამიანებს შეუქმნა. კაცობრიობის ისტორია სავსეა ტანჯვითა და მწუხარებით. ბიბლია ზუსტად აღწერს ჩვენს მდგომარეობას: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). რატომ ვართ ასეთ სავალალო მდგომარეობაში?

როგორ მიეცა ტანჯვას დასაბამი?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ედემის ბაღში უნდა გადავინაცვლოთ. ღვთის მოწინააღმდეგე ერთი ანგელოზის წაქეზებით, რომელსაც მოგვიანებით სატანა ეშმაკი ეწოდა, ადამმა და ევამ დაარღვიეს ღვთის კანონი, რომელიც უკრძალავდა მათ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ჭამას. ასეთი მოქმედებით მათ უარყვეს ღვთის ნორმა სწორსა და არასწორთან დაკავშირებით. ეშმაკმა ევას უთხრა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ მოკვდებოდა, რითაც ღმერთი მატყუარა გამოიყვანა. სატანამ ღმერთს იმაშიც დასდო ბრალი, რომ თითქოსდა ის თავის ქვეშევრდომებს ართმევდა უფლებას, თავად გაერჩიათ, რა იყო კარგი და რა — ცუდი (დაბადება 2:17; 3:1—6). სინამდვილეში, ევასთან საუბარში სატანა იმას გულისხმობდა, რომ ადამიანები ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე უკეთესად იცხოვრებდნენ. ამ ყველაფერმა ძალზედ მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი წამოჭრა: იყო თუ არა ღმერთი სამართლიანი მმართველი.

ამას კიდევ ერთი საკამათო საკითხი მოჰყვა. ეშმაკმა ახლა უკვე ადამიანებს დასდო ბრალი იმაში, რომ თითქოს ისინი ღმერთს არასწორი მოტივით — გამორჩენის გამო — ემსახურებოდნენ. ერთგულ იობზე ეშმაკმა ღმერთს უთხრა: „შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? . . . აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:10, 11). მართალია, სატანა უშუალოდ იობზე საუბრობდა, მაგრამ თავის ნათქვამში ის მთელ კაცობრიობას გულისხმობდა და ამტკიცებდა, რომ არავინ ემსახურებოდა ღმერთს უანგაროდ.

როგორ გადაჭრის ღმერთი საკამათო საკითხებს?

რა იქნებოდა საუკეთესო გზა წამოჭრილი საკამათო საკითხების ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად? ყოვლადბრძენმა ღმერთმა საუკეთესო გამოსავალი გამონახა, რომელიც გულს არავის დასწყვეტს (რომაელები 11:33). მან გარკვეული დროით ადამიანები თავის ნებაზე მიუშვა, რათა საკუთარი თვალით დაენახათ, ვისი მმართველობა იქნებოდა უკეთესი.

დღევანდელი სავალალო მდგომარეობა აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ ადამიანთა მმართველობამ კრახი განიცადა. ვერც ერთმა მიწიერმა ხელისუფლებამ ვერ დაამყარა მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერება; უფრო მეტიც, მათ დედამიწა განადგურების პირას მიიყვანეს. ეს კი ცალსახად ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). მხოლოდ ღვთის მმართველობა მოიტანს უსასრულო მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას, რადგან ღვთის თავდაპირველი განზრახვა სწორედ ეს იყო (ესაია 45:18).

როგორ შეასრულებს ღმერთი თავის განზრახვას? გავიხსენოთ ლოცვა, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). დანიშნულ დროს ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით ბოლოს მოუღებს ადამიანთა ტანჯვას (დანიელი 2:44). სიღარიბე, ავადმყოფობა და სიკვდილი წარსულს ჩაჰბარდება. სიღარიბესთან დაკავშირებით ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს“ (ფსალმუნი 72:12—14). რაც შეეხება ავადმყოფობას, ბიბლია გვპირდება: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). გარდაცვლილებზე კი, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). რა შესანიშნავი დაპირებაა!

ღვთის დაპირებებისადმი რწმენის გამოვლენა დაგვეხმარება, არ გავნაწყენდეთ მასზე

რა დაგვეხმარება, რომ არ გავნაწყენდეთ ღმერთზე?

უბედური შემთხვევიდან 17 წლის შემდეგ სტატიის შესავალში მოხსენიებული სიდნე ამბობს: «მომხდარში ღმერთი არასოდეს დამიდანაშაულებია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თავიდან განაწყენებული ვიყავი მასზე. ზოგჯერ, როცა ჩემს მდგომარეობას ვაანალიზებ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ და ვტირი. თუმცა ბიბლიიდან გავიგე, რომ თავსგადამხდარი უბედურება ღვთის სასჯელი არ ყოფილა. როგორც ბიბლია ამბობს, „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. ლოცვა და ბიბლიური მუხლების კითხვა სულიერად მაძლიერებს და დადებითი განწყობის შენარჩუნებაში მეხმარება» (ეკლესიასტე 9:11; ფსალმუნი 145:18; 2 კორინთელები 4:8, 9, 16).

ღმერთზე არ გავნაწყენდებით, თუ გვემახსოვრება, რატომ დაუშვა მან ადამიანთა ტანჯვა და ის, რომ მალე ამ ყოველივეს ბოლო მოეღება. დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი დააჯილდოვებს „თავის გულმოდგინედ მძებნელს“. თუ რწმენას გამოვავლენთ ღვთისა და მისი ძის მიმართ, ღმერთი არასოდეს გაგვიცრუებს იმედებს (ებრაელები 11:6; რომაელები 10:11).