არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაგვიჩენს ვინმე სამართალს?

გაგვიჩენს ვინმე სამართალს?

 დღევანდელ მსოფლიოში უსამართლობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ამას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი შემთხვევებიც:

  •   2018 წლის იანვარში შეერთებულ შტატებში მოსამართლის გადაწყვეტილებით ციხიდან გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელმაც თითქმის 38 წელი გაატარა პატიმრობაში. მისი უდანაშაულობა დნმ-ის ტესტმა დაამტკიცა.

  •   1994 წლის სექტემბერში აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იმ მიზეზით დააპატიმრეს, რომ სინდისის გამო უარი თქვენს სამხედრო სამსახურზე. ამა წლის სექტემბერში 26 წელი შესრულდა, რაც ისინი დაპატიმრებული არიან. აღსანიშნავია, რომ მათთვის ჯერ ოფიციალურად არც ბრალი წაუყენებიათ და არც სასამართლო პროცესი გამართულა.

 თუ თქვენც გამხდარხართ უსამართლობის მსხვერპლი, შესაძლოა თავს ისევე გრძნობთ, როგორც ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახური, იობი: „შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი“ (იობი 19:7). შეიძლება ფიქრობთ, რომ მსოფლიოში სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ოცნებაა და მეტი არაფერი. თუმცა ბიბლიური დაპირების თანახმად, მალე მთელი დედამიწის ზურგზე სამართლიანობა იზეიმებს. ღვთის სიტყვა არა მხოლოდ მომავლის იმედს გვისახავს, არამედ დღესვე გვეხმარება, რომ უსამართლობის მიუხედავად სიხარული არ დავკარგოთ.

რა არის უსამართლობის მიზეზი?

 უსამართლობა ღვთის ნორმების უგულებელყოფის შედეგია. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთია კანონმდებელი და ის უჩენს სამართალს ხალხს (ესაია 51:4). ბიბლიაში გამოყენებული სიტყვები „სიმართლე“ და „სამართლიანობა“ მნიშვნელობით მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს (ფსალმუნი 33:5). სამართლიანობა მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები ღვთის სამართლიანი პრინციპებისა და ნორმების თანახმად მოქმედებენ. უსამართლობის მიზეზი კი, ამ ნორმების უგულებელყოფა ხდება. ვიმსჯელოთ რამდენიმე მხარეზე:

  •   ეგოიზმი. ეგოისტურმა აზროვნებამ შეიძლება ცოდვამდე მიგვიყვანოს (იაკობი 1:14, 15). ზოგი იმდენადაა შეპყრობილი ეგოისტური სურვილებით, რომ არც სხვების დაჩაგვრას ერიდება. არადა, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ თითოეულმა ის ვაკეთოთ, „რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

  •   არცოდნა. ზოგი ვერც კი აცნობიერებს, ისე ექცევა სხვებს უსამართლოდ, თუმცა ღვთის თვალში ეს მათ გამართლებას ვერ უძებნის (რომაელები 10:3). სწორედ არცოდნა გახდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი უსამართლობის — ქრისტეს წამებისა და სიკვდილის მიზეზი (საქმეები 3:15, 17).

  •   ადამიანური ორგანიზაციები. პოლიტიკური, კომერციული თუ რელიგიური ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ თანასწორობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე დგანან; თუმცა რეალობა სულ სხვაა. ხშირად სწორედ ეს ორგანიზაციები ხდებიან დანაშაულის, კორუფციის, მიკერძოების, სიხარბის, ეკონომიკური უთანასწორობისა თუ შეუწყნარებლობის მიზეზი. შესაძლოა ამ ორგანიზაციების მხარდამჭერებს კეთილი სურვილები ამოძრავებდეთ, მაგრამ მათი ყოველი მცდელობა კრახით სრულდება, ვინაიდან ღვთის სამართლიან ნორმებს უგულებელყოფენ (ეკლესიასტე 8:9; იერემია 10:23).

აღელვებს ღმერთს უსამართლობა?

 დიახ. მეტიც, ღმერთს სძულს უსამართლობა და ყოველივე ის, რასაც უსამართლობამდე მივყავართ (იგავები 6:16—18). წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა: „მე, იეჰოვას, a მიყვარს სამართლიანობა და მძულს ძარცვა და უსამართლობა“ (ესაია 61:8).

 მოსეს კანონიდან აშკარად ჩანს, რომ ისრაელი ერისგან ღმერთი სამართლიანობას მოითხოვდა. მან უბრძანა მსაჯულებს, ქრთამი არ აეღოთ და სამართალი არ გაემრუდებინათ (კანონი 16:18—20). ღმერთი პასუხს სთხოვდა ყველას, ვინც არ ემორჩილებოდა მას და ღარიბებსა და ჩაგრულებს უსამართლოდ ეპყრობოდა. თავიანთი ბოროტი საქმეების გამო ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ საბოლოოდ, ღმერთმა უარყო ეს ერი (ესაია 10:1—3).

დაუსვამს ღმერთი უსამართლობას წერტილს?

 დიახ. თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთი ადამიანებს ცოდვის მონობისგან გაათავისუფლებს და ამგვარად, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს უსამართლობას. ის თავის ქმნილებებს სრულყოფილებას დაუბრუნებს (იოანე 1:29; რომაელები 6:23). ღმერთმა დააფუძნა სამეფო, რომელიც მთელ დედამიწაზე სამართლიანობას აღადგენს. იქ აღარავინ გახდება უსამართლობის მსხვერპლი (ესაია 32:1; 2 პეტრე 3:13). ზეციერი სამეფოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ვიდეორგოლს „რა არის ღვთის სამეფო?“.

როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე, სადაც უსამართლობა აღარ იარსებებს?

 როცა დედამიწაზე სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ აღდგება, თავს ყველა მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს (ესაია 32:16—18). ღვთის თვალში ყველანი თანასწორები ვართ, ამიტომ ის მიუკერძოებლად გაგვიჩენს სამართალს. დარდი და მწუხარება, რაც ხშირად უსამართლობას სდევს თან, წარსულს ჩაჰბარდება. მტკივნეული მოგონებები კი, დროის სვლასთან ერთად ჩვენი მეხსიერებიდან სამუდამოდ წაიშლება (ესაია 65:17; გამოცხადება 21:3, 4). გაეცანით სტატიას „რას გააკეთებს ღვთის სამეფო?“, რომელშიც უფრო ვრცლადაა განხილული ეს საკითხი.

ნამდვილად სანდოა ღვთის ეს დაპირება?

 დიახ. ამის მყარ საფუძველს თავად ღვთის სიტყვა, ბიბლია გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ბიბლიის წიგნები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გასაოცარი სიზუსტით სრულდება. ამ წიგნისადმი ნდობას ისიც გვიღრმავებს, რომ ის ისტორიულად და მეცნიერულად ზუსტ ფაქტებს გადმოგვცემს. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ წყაროებს:

ღირს უსამართლობასთან ბრძოლა?

 უსამართლობის მსხვერპლი ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის მსახურებიც ხდებოდნენ, თუმცა ისინი ადვილად არ ნებდებოდნენ. მაგალითად, როცა პავლე მოციქულს უსამართლოდ დასდეს ბრალი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, ის უბრალოდ ბედს კი არ შეეგუა, არამედ კანონის ძალით სცადა თავის დაცვა და ბრალდება კეისართან გაასაჩივრა (საქმეები 25:8—12).

 მსოფლიოში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ადამიანები ვერაფერს ხდებიან, რადგან ეს მათ ძალებს აღემატება (ეკლესიასტე 1:15). თუმცა ღვთის დანაპირებისადმი ძლიერი რწმენა ბევრს დაეხმარა, მწვავე რეაქცია არ ჰქონოდათ უსამართლობაზე და შინაგანი სიმშვიდე არ დაეკარგათ.

a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).