არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 115

უკანასკნელი პასექისთვის მზადება

უკანასკნელი პასექისთვის მზადება

მათე 26:1—5, 14—19; მარკოზი 14:1, 2, 10—16; ლუკა 22:1—13

  • იუდა ისკარიოტელს იესოს გაცემისთვის 30 ვერცხლს ჰპირდებიან

  • იესო ორ მოციქულს ავალებს, ყველაფერი მოამზადონ პასექისთვის

იესომ დაასრულა ზეთისხილის მთაზე ოთხ მოციქულთან მსჯელობა თავის მოსვლასა და ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით.

11 ნისანი მართლაც დატვირთული იყო იესოსა და მისი მოწაფეებისთვის. ახლა ისინი შესაძლოა ბეთანიაში ღამის გასათევად ბრუნდებიან და სწორედ ამ დროს ეუბნება იესო მათ: „თქვენ იცით, რომ ორ დღეში პასექი იქნება და კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“ (მათე 26:2).

როგორც ჩანს, მომდევნო დღეს, ოთხშაბათს, იესო მხოლოდ მოციქულების გარემოცვაშია. სამშაბათს მან ფარისევლები და მწიგნობრები გაკიცხა და ყველას თვალწინ ამხილა; ისინი მის მოკვლას ცდილობენ. ამიტომ იესო 12 ნისანს ხალხში არ ჩნდება, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი მოციქულებთან ერთად პასექის აღნიშვნაში 14 ნისანს, რომელიც მომდევნო საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყება.

მაგრამ უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები პასექის დადგომამდე დროს ფუჭად არ კარგავენ. ისინი მღვდელმთავარ კაიაფას ეზოში იკრიბებიან. ეს მამაკაცები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ იესომ ასე საჯაროდ ამხილა, ამიტომ მოილაპარაკებენ, მზაკვრულად შეიპყრონ იგი და მოკლან. საინტერესოა, როდის და როგორ აპირებენ ისინი თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებას. „დღესასწაულზე არა, ხალხში აურზაური რომ არ ატყდეს“, — ამბობენ ისინი (მათე 26:4, 5). მათ იმიტომ ეშინიათ, რომ ბევრი პატივისცემითაა განწყობილი იესოს მიმართ.

ამასობაში რელიგიურ წინამძღოლებთან ერთი კაცი მიდის. მათდა გასაკვირად, ეს კაცი თავად იესოს მოციქული, იუდა ისკარიოტელია. სატანამ შთააგონა მას, რომ გაეცა თავისი მოძღვარი. იუდა ეკითხება მათ: „რას მომცემთ, ის რომ გადმოგცეთ?“ (მათე 26:15). ამ მამაკაცებს უხარიათ ამის გაგონება და ჰპირდებიან, რომ ვერცხლის ფულს მისცემენ (ლუკა 22:5). რა თანხაზე რიგდებიან? მათ 30 ვერცხლი უნდა მისცენ იუდას. საგულისხმოა, რომ მონის საფასური 30 შეკელია (გამოსვლა 21:32). ამგვარად ეს კაცები ცხადყოფენ, რომ სძულთ იესო და არაფრად აგდებენ. ამის შემდეგ იუდა ხელსაყრელი შემთხვევის ძებნას იწყებს, რათა ისე გადასცეს მათ იესო, რომ ახლომახლო ხალხი არ იყოს (ლუკა 22:6).

ოთხშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ, 13 ნისანი დგება. იესო უკვე მეექვსე ღამეს ათევს ბეთანიაში; ის აქ უკანასკნელად რჩება. მომდევნო დღეს პასექისთვის მზადება უნდა დაასრულონ. მათ უნდა იყიდონ კრავი და 14 ნისანის დადგომის შემდეგ დაკლან და მთლიანად შეწვან. საინტერესოა, სად შეიკრიბებიან ისინი პასექის აღსანიშნავად და ვინ მოამზადებს ყველაფერს ამ საღამოსთვის. იესოს ამ დეტალების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს მოციქულებისთვის. ამიტომ იუდას არ შეუძლია რაიმე აცნობოს უფროს მღვდლებს მათი გეგმების შესახებ.

როგორც ჩანს, ხუთშაბათს, ნაშუადღევის დადგომისთანავე იესო ბეთანიიდან ქალაქში პეტრესა და იოანეს გზავნის: „წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რომ ვჭამოთ“. ისინი ეკითხებიან: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ?“. იესო უხსნის: «ქალაქში რომ შეხვალთ, შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც თიხის ჭურჭლით მიაქვს წყალი. შეჰყევით მას სახლში, სადაც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: „მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო-თქო პასექი?“ ის კაცი გაჩვენებთ დიდ ზემოთა ოთახს, გაწყობილს. იქ მოამზადეთ» (ლუკა 22:8—12).

აშკარაა, სახლის პატრონი იესოს მოწაფეა. ის შესაძლოა ელოდება, როდის სთხოვს იესო, რომ პასექი მის სახლში აღნიშნოს. როდესაც ორი მოციქული იერუსალიმში მიდის, ყველაფერი იესოს ნათქვამისამებრ ხდება. ისინი ზრუნავენ, რომ მოამზადონ კრავი და სხვა ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ 13-მა კაცმა ანუ იესომ თავის 12 მოციქულთან ერთად აღნიშნოს პასექი.