არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

ესაიას 40:31 — „იეჰოვაზე მინდობილები ძალ-ღონეს მოიკრებენ“

ესაიას 40:31 — „იეჰოვაზე მინდობილები ძალ-ღონეს მოიკრებენ“

 „იეჰოვაზე მინდობილები კი ძალ-ღონეს მოიკრებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს, ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ესაია 40:31; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ესაია 40:31; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 იეჰოვა a არწმუნებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ ნებისმიერი პრობლემის ასატანად ძალას მისცემს.

 „იეჰოვაზე მინდობილები კი ძალ-ღონეს მოიკრებენ“. ისინი, ვინც ენდობიან ღმერთს, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის მხარში ამოუდგება მათ სირთულეების დროს (იგავები 3:5, 6). ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს თავისი წმინდა სულით ანუ მოქმედი ძალით აძლიერებს (ლუკა 11:13).

 „არწივივით გაშლიან ფრთებს“. ეს სიტყვები კარგად აღწერს, როგორ მოქმედებს ღვთის ძალა ადამიანზე. ფრენის დროს არწივი ჰაერის მაღლა ამავალი თბილი ნაკადით სარგებლობს, რომელსაც უფრო და უფრო მაღლა აჰყავს. არწივი შლის ფრთებს და ჰაერის ნაკადს მიჰყვება. ამგვარად ეს ფრინველი დიდ მანძილზე ფრენისა და ლივლივისას საკუთარ ენერგიას ზოგავს.

 „ირბენენ და არ დაიქანცებიან“. ცხოვრებისეული სირთულეები ფიზიკურად და ემოციურად გვასუსტებს, თუმცა ღმერთი ძალას გვაძლევს, რომ სვლა განვაგრძოთ და ბევრი პრობლემის მიუხედავად სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. მოციქულმა პავლემ, რომელმაც უამრავი სირთულე გადაიტანა, დაწერა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

კონტექსტი

 მართალია, წინასწარმეტყველმა ესაიამ ეს სიტყვები 2 700 წლის წინ დაწერა ღვთივშთაგონებით, მაგრამ დღესაც აძლიერებს ღვთის ერთგულ მსახურებს. შესაძლოა იეჰოვამ იმიტომ დააწერინა ესაიას ეს სიტყვები, რომ ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი თავისი ხალხი განემტკიცებინა. ებრაელებმა სამოცდაათწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იხილეს, როგორ შეასრულა ღმერთმა თავისი დაპირება (ესაია 40:1—3). ღვთის ძალის დახმარებით, ძვ. წ. 537 წელს მათ ბაბილონიდან იერუსალიმამდე უსაფრთხოდ ჩააღწიეს (ესაია 40:29). b

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).

b ისრაელებმა დაახლოებით 1 600 კილომეტრი გაიარეს იერუსალიმში ჩასასვლელად.