არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას მოგვითხრობს ბიბლია დანიელზე?

რას მოგვითხრობს ბიბლია დანიელზე?

ბიბლია გვპასუხობს:

 დანიელი ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში მოღვაწე გამორჩეული იუდეველი წინასწარმეტყველი იყო. ღმერთმა მას სიზმრების ახსნის ძალა მისცა, ახილვინა მომავალი მოვლენები და მისივე სახელით წოდებული ბიბლიის წიგნი დააწერინა (დანიელი 1:17; 2:19).

დანიელის ისტორია

 დანიელი იუდას სამეფოში გაიზარდა, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იყო. სწორედ იქ მდებარეობდა იუდეველთა ტაძარი. ძვ. წ. 617 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო იერუსალიმი და „ქვეყნის დიდებულები“ ბაბილონში გადაასახლა (2 მეფეები 24:15; დანიელი 1:1). გადასახლებულთა შორის იყო დანიელიც, რომელიც იმ დროისთვის მოზარდი იქნებოდა.

 დანიელი და სხვა ახალგაზრდები, მათ შორის შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო, სასახლეში წაიყვანეს, რათა სამეფო კარზე მსახურებისთვის მოემზადებინათ. დიდი ზეწოლის მიუხედავად, დანიელი და მისი სამი მეგობარი თავიანთი ღვთის, იეჰოვას, ერთგულნი დარჩნენ (დანიელი 1:3—8). სამწლიანი დასწავლების შემდეგ მეფე ნაბუქოდონოსორი აღფრთოვანდა მათი გონიერებითა და სიბრძნით, რადგან „დაინახა, რომ ისინი ათჯერ აღემატებოდნენ მისი სამეფოს გრძნეულ ქურუმებსა და შემლოცველებს“. მეფის განკარგულებით, ამის შემდეგ დანიელი და მისი მეგობრები სამეფო კარზე მსახურობდნენ (დანიელი 1:18—20).

 ათწლეულების შემდეგ, როცა დანიელი 90 წელს იქნებოდა გადაცილებული, ბაბილონის იმდროინდელმა მმართველმა, მეფე ბელშაცარმა, კედელზე სასწაულებრივად გაკეთებული წარწერის ასახსნელად, ის სამეფო კარზე მოიხმო. ღვთის დახმარებით დანიელმა მას გაუმჟღავნა, რომ ბაბილონს მიდია-სპარსეთი დაიპყრობდა. ეს წინასწარმეტყველური სიტყვები იმავე ღამეს შესრულდა (დანიელი 5:1, 13—31).

 მიდია-სპარსეთის მმართველობის დროს დანიელი უმაღლეს მოხელედ დანიშნეს. მეფე დარიოსს მისი მეტად აღზევება ჰქონდა განზრახული (დანიელი 6:1—3). უმაღლეს მოხელეებს ძალიან შეშურდათ დანიელის და მისი მოკვლა განიზრახეს, თუმცა იეჰოვამ იხსნა ის ლომების ხაროდან (დანიელი 6:4—23). სიცოცხლის ბოლოს დანიელს ანგელოზი გამოეცხადა და ორჯერ უწოდა ძვირფასი ადამიანი (დანიელი 10:11, 19).

 დანიელის ცხოვრების შესახებ მეტის გასაგებად უყურეთ ორნაწილიან ფილმს „დანიელი — ურყევი რწმენის მაგალითი“.