არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის სიცოცხლის აზრი?

რა არის სიცოცხლის აზრი?

ბიბლია გვპასუხობს:

 სიცოცხლის აზრთან დაკავშირებული კითხვის დასმა სხვადასხვაგვარად შეიძლება — „რატომ ვარსებობთ?“ ან „რისთვის გავჩნდით?“. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ჩვენი სიცოცხლე აზრს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ღმერთს დავუმეგობრდებით. მოდი, გავეცნოთ რამდენიმე ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებას:

  •   ღმერთი ჩვენი შემოქმედია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან [ღმერთმა] შეგვქმნა“ (ფსალმუნი 100:3; გამოცხადება 4:11).

  •   ღმერთს უმიზნოდ არაფერი შეუქმნია, მათ შორის, არც ჩვენ (ესაია 45:18).

  •   ღმერთმა ჩვენში სულიერი მოთხოვნილება და იმის სურვილი ჩადო, რომ გვეპოვა ცხოვრების აზრი (მათე 5:3). მას სურს, დავიკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილება (ფსალმუნი 145:16).

  •   სულიერ მოთხოვნილებას იმ შემთხვევაში დავიკმაყოფილებთ, თუ ღმერთს დავუმეგობრდებით. შესაძლოა ღმერთთან დამეგობრება ვინმეს შეუძლებლად მიაჩნდეს, მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8; 2:23).

  •   ღმერთს რომ დავუახლოვდეთ, მისი განზრახვების თანახმად უნდა ვიცხოვროთ. იმას კი, თუ რა არის მისი განზრახვა, ბიბლია ეკლესიასტეს 12:13-ში გვიცხადებს: „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“.

  •   მომავალში ღვთის განზრახვის სრულად შესრულებას მაშინ ვიხილავთ, როცა ღმერთი აღმოფხვრის ტანჯვას და მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს თავის მეგობრებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან (ფსალმუნი 37:10, 11).