არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია ალკოჰოლზე? ცოდვაა დალევა?

რას ამბობს ბიბლია ალკოჰოლზე? ცოდვაა დალევა?

ბიბლია გვპასუხობს:

 ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევა ცოდვა ნამდვილად არ არის. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვინო ღვთის საჩუქარია, რაც ჩვენს ცხოვრებას ხალისს სძენს (ფსალმუნი 104:14, 15; ეკლესიასტე 3:13; 9:7). ღვთის სიტყვა იმასაც უსვამს ხაზს, რომ ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს (1 ტიმოთე 5:23).

 დედამიწაზე ყოფნისას ღვინოს იესოც სვამდა (მათე 26:29; ლუკა 7:34). მის მიერ მოხდენილი ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი სასწაული ის იყო, რომ მან ქორწილში წყალი ღვინოდ აქცია და ამგვარად მექორწილეებს გულუხვი საჩუქარი გაუკეთა (იოანე 2:1—10).

რატომ არის მავნე გადაჭარბებული სმა

 მართალია, ბიბლია მოიხსენიებს ღვინის დადებით ნიშან-თვისებებს, მაგრამ განსჯის გადაჭარბებულ სმასა და ლოთობას. ასე რომ, ქრისტიანი, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებს სვამს, ზომიერების ფარგლებს არ უნდა გასცდეს (1 ტიმოთე 3:8; ტიტე 2:2, 3). ბიბლიაში მოყვანილია რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თავი უნდა ავარიდოთ გადაჭარბებულ სმას.

  •   ალკოჰოლის ჭარბად მიღება ადამიანს განსჯისა და საღად აზროვნების უნარს უქვეითებს (იგავები 23:29—35). სასმლით გაბრუებული ადამიანი ვერ ასრულებს შემდეგ ბიბლიურ მითითებას: „წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომაელები 12:1).

  •   ალკოჰოლის უზომოდ მიღება თავშეკავებას აკარგვინებს ადამიანს და „კეთილ ზრახვებს ახშობს“ მასში (ოსია 4:11; ეფესოელები 5:18).

  •   ის, ვინც ალკოჰოლზე ხდება დამოკიდებული, შეიძლება გაღარიბდეს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას (იგავები 23:21, 31, 32).

  •   უზომოდ სმა და ლოთობა ღვთის უკმაყოფილებას იწვევს (იგავები 23:20; გალატელები 5:19—21).

რას ნიშნავს ზომაზე მეტი?

 ადამიანს მაშინ აქვს ზომაზე მეტი დალეული, თუ ის საკუთარ თავს ან სხვებს საფრთხეს უქმნის ან ვნებს. ბიბლიის თანახმად, სიმთვრალე არ ნიშნავს იმას, რომ დალევის შემდეგ ვიღაცა უბრალოდ გონებას კარგავს და ითიშება; სინამდვილეში ამ დროს ადამიანი კარგავს წონასწორობას, კონტროლს საკუთარ თავზე, იწყებს ბარბაცით სიარულს, კამათს ან გაუგებრად ლაპარაკს (იობი 12:25; ფსალმუნი 107:27; იგავები 23:29, 30, 33). ისინი, ვინც დღეს უკვე ერიდება უზომოდ სმას, შესაძლოა ჯერ კიდევ დამძიმებულნი არიან იმის გამო, რომ ერთ დროს ეს მავნე ჩვევა ჰქონდათ, და სერიოზულ შედეგებსაც იმკიან (ლუკა 21:34, 35).

სრული თავშეკავება

 ბიბლია აგრეთვე ასახელებს ისეთ შემთხვევებს, როცა ქრისტიანებმა სრულიად უნდა შეიკავონ თავი ალკოჰოლის მიღებისგან:

  •   თუ ალკოჰოლის მიღებით სხვები დაბრკოლდებიან (რომაელები 14:21).

  •   თუ ალკოჰოლის მიღებით ირღვევა ქვეყნის კანონი (რომაელები 13:1).

  •   თუ ადამიანი ვერ აკონტროლებს თავს ალკოჰოლის მიღების დროს. ის, ვინც ალკოჰოლიკია ან დროდადრო ალკოჰოლს გადამეტებულად სვამს, ამ პრობლემის გადასალახავად გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს (მათე 5:29, 30).