არჩეულ მასალაზე გადასვლა

სასიხარულო ცნობა კანადის მკვიდრი ხალხების ყურამდეც აღწევს

სასიხარულო ცნობა კანადის მკვიდრი ხალხების ყურამდეც აღწევს

ვინაიდან კანადის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობენ მკვიდრი ხალხები, აბორიგენები, რომლებიც სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები არიან, ქვეყანაში 60-ზე მეტი ენოვანი ჯგუფი არსებობს. დაახლოებით 213 000 კანადელისთვის ამ ენათაგან ერთ-ერთი მშობლიურ ენას წარმოადგენს.

აბორიგენთა გულამდე რომ მიიტანონ სასიხარულო ცნობა, ბევრმა იეჰოვას მოწმემ ისწავლა იმ ენებიდან ერთ-ერთი, რომელზეც აბორიგენები ლაპარაკობენ. 2015 წლის ბოლოსთვის 250-ზე მეტმა მოწმემ გაიარა აბორიგენთა ენების შემსწავლელი კურსები, რომლებსაც თავად იეჰოვას მოწმეები უწევენ ორგანიზებას.

გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები თარგმნიან ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, მათ შორის მოკლე ვიდეორგოლებს კანადის მკვიდრი ხალხების შემდეგ რვა ენაზე: ალგონკინურზე, ბლექფუტზე, დასავლურ კრიზე, ჭაობების დასავლურ კრიზე, ინუკტიტუტზე, მოჰოკიზე, ოდავასა და ჩრდილო-დასავლურ ოჯიბვეზე. a

ისინი, ვინც კანადის მკვიდრი ხალხების ენებს სწავლობენ, აღიარებენ, რომ ეს არ არის ადვილი. კარმა ამბობს: „როდესაც იმ მთარგმნელობითი ჯგუფის დახმარება დამევალა, რომელიც ბიბლიურ ლიტერატურას ბლექფუტზე თარგმნის, ასე მეგონა, თვალახვეული ვიყავი. ამ ენას საკმაოდ ცუდად ვფლობდი; კითხვაც კი არ ვიცოდი“.

ტერენსე კი, რომელიც ჭაობების დასავლურ კრიზე თარგმნის, ამბობს: „ბევრი სიტყვა საკმაოდ გრძელი და რთული წარმოსათქმელია“. დენიელი, რომელიც კუნძულ მანიტულინზე (ონტარიოს პროვინცია) სრული დროით მსახურობს, ასეთ რამეს აღნიშნავს: „ოდავა ენაზე ძალიან ცოტა ლექსიკონი და გრამატიკის სახელმძღვანელოა. ამ ენას ყველაზე კარგად ისწავლი ხანდაზმული ხალხისგან, რომლებიც იმ დასახლებებში ცხოვრობენ, სადაც ოდავა ენაზე ლაპარაკობენ“.

ღირს ამ რთულ საქმესთან შეჭიდება? ოჯიბვეს დასახლებაში მცხოვრებმა ერთმა ქალმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები სხვა რელიგიებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ძალ-ღონეს არ იშურებენ მინდობილი საქმის შესასრულებლად. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ხალხისთვის უფრო სასიამოვნო და საინტერესო ხდება ბიბლიურ თემებზე მსჯელობა, რადგან მოწმეები მათ სახლში აკითხავენ და ბიბლიურ მუხლებს ოჯიბვე ენაზე უკითხავენ.

ერთი მთარგმნელი, ბერტი, რომელიც ალბერტას პროვინციის ერთ-ერთ რეზერვაციაში დასახლებულ კაინას ტომში გაიზარდა, აღნიშნავს: «ჩემი თვალით ვნახე რამდენიმე ბლექფუტელი, რომლებსაც ერთ-ერთი ჩვენი პუბლიკაცია გულში ჰქონდათ ჩახუტებული და ამბობდნენ: „ეს ჩემს ენაზეა. ეს ჩემია!“. ხშირად მინახავს, როგორ უცრემლდებათ ხოლმე თვალები, როცა თავიანთ ენაზე ვიდეორგოლს უყურებენ».

ერთმა კრი ენაზე მოლაპარაკე ქალმა გულწრფელი მადლიერება გამოთქვა იმისთვის, რომ მის მშობლიურ ენაზე არსებობდა ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. როგორც მან თქვა, ამ ვიდეორგოლის ყურების დროს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს საკუთარი დედა ელაპარაკებოდა.

სულიერი სინათლე შორეულ ადგილებამდე აღწევს

ბევრი მოწმე თავს არ ზოგავს და კილომეტრებს გადის იმისთვის, რომ სასიხარულო ცნობამ კანადის მკვიდრი ხალხების ყურამდე მიაღწიოს. ტერენსი და მისი მეუღლე ორლინი იხსენებენ, როგორ ჩააღწიეს ერთ-ერთ დასახლებამდე: „ჩვენ მანქანების კოლონით გავემართეთ პატარა გრანდ-რეპიდსის სახელით წოდებულ დასახლებამდე. დანიშნულების ადგილამდე რომ ჩავსულიყავით, 12 საათი მოვანდომეთ მოყინულ გზაზე მგზავრობას. მაგრამ ეს ღირდა ძალისხმევად — ქადაგებას არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა!“.

სხვა მოწმეები კომფორტულ სახლებს ტოვებენ და აბორიგენების დასახლებებთან ახლოს სახლდებიან. დენიელმა და მისმა მეუღლემ, ლიენმა, მას შემდეგ, რაც კუნძულ მანიტულინზე სამი თვე იქადაგეს, გადაწყვიტეს, საცხოვრებლად ასეთ ადგილას გადასულიყვნენ. დენიელი გვიზიარებს: „გვიხარია, რომ ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს, ხალხს ბიბლიისადმი ინტერესი გავუღვივოთ და შევაყვაროთ იეჰოვა“.

„წრფელი გულით მიყვარს ეს ხალხი“

რატომ არ ზოგავენ იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს, რომ კანადის მკვიდრ ხალხებს, აბორიგენებს, სასიხარულო ცნობა უქადაგონ? ბერტის მეუღლე, როუზი, აღნიშნავს: „მეც ამ ხალხს შორის გავიზარდე და გამოცდილი მაქვს, რა ბედნიერებაა ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრება; სწორედ ეს აღმძრავს, რომ დავეხმარო სხვებს“.

„ძალიან მინდა, რომ კრი ენაზე მოლაპარაკე ხალხიც ჩვენი შემოქმედის პრინციპების თანახმად ცხოვრობდეს, — ამბობს ორლინი. — ჩვენთვის დიდი პატივია, დავეხმაროთ მათ, დაუახლოვდნენ იეჰოვას და გადალახონ ის სირთულეები, რომლებსაც დღეს აწყდებიან“.

მარკი ბლექფუტზე თარგმნის ბიბლიურ ლიტერატურას. რატომ ირჯება მარკი ასე აბორიგენებისთვის? იგი ამბობს: „წრფელი გულით მიყვარს ეს ხალხი“.

a ამ ენებიდან ზოგიერთზე აგრეთვე საუბრობენ შეერთებული შტატების მკვიდრი ხალხებიც.