არჩეულ მასალაზე გადასვლა

სიყვარულით გაერთიანებულნი

სიყვარულით გაერთიანებულნი

„თითქოს ოჯახი შეკრებილა სადღესასწაულოდ“. ასე იყო დასათაურებული ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში (Frankfurter Rundschau) დაბეჭდილი სტატია. ამ სიტყვებს სრულად იზიარებენ ისინი, რომლებიც შეკრებილთა შორის იყვნენ.

„თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში“, — ამბობს კარლა, რომელიც პუერტო-რიკოდანაა.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ ოჯახს ვსტუმრობდი, ოღონდ დედამიწის სხვა კუთხეში“, — გვიზიარებს ავსტრალიაში მცხოვრები სარა.

რამ გამოიწვია მათში ასეთი თბილი გრძნობები? იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 2014 წლის 18—20 ივლისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კომერცბანკ-არენის სტადიონზე ჩატარდა. ამ კონგრესს დაახლოებით 37 000 ადამიანი დაესწრო.

კონგრესზე დამსწრეებს ბიბლიური ცოდნის მიღება ეწადათ. პროგრამაში ჩართული იყო ბიბლიის კითხვა, ღვთის სადიდებელი სიმღერები, ლოცვა, ორი კოსტიუმირებული დრამა და ბიბლიური მოხსენებები.

დამსწრეთა უმეტესობას, ძირითადად, ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები წარმოადგენდნენ. ხოლო ჩამოსულ სტუმრებს შორის იყო 3 000-ზე მეტი დელეგატი ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, ლიბანიდან, სამხრეთ აფრიკიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან და შეერთებული შტატებიდან; აგრეთვე 70 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 234 სპეციალური სრული დროით მსახური, რომლებიც მისიონერებად მსახურობენ.

კონგრესის პროგრამის ზოგიერთი ნაწილი ვებ-ტრანსლაციით გადაიცემოდა 19 სხვადასხვა ადგილას გერმანიაში; ასევე ავსტრალიასა და შვეიცარიაში. საერთო ჯამში პროგრამა 204 046 ადამიანმა მოისმინა.

ბარიერების გადალახვა

ფრანკფურტში კონგრესის პროგრამა მიმდინარეობდა ბერძნულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. სხვაგან კი მოხსენებები სინქრონულად ითარგმნებოდა 17 ენაზე, მათ შორის არაბულზე, თურქულზე, ტამილურზე, ჩინურზე და ორ ჟესტურ ენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეები განსხვავებული კულტურის იყვნენ და სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, მათ შორის არ შეიმჩნეოდა დაყოფა, რადგან სიყვარულით იყვნენ გაერთიანებულნი (იოანე 13:34, 35). ისინი და-ძმებივით ურთიერთობდნენ ერთმანეთთან.

„საკუთარი თვალით ვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ ჩვენს მსოფლიო საძმოში არაფერი წარმოადგენს ურთიერთობაში ხელის შემშლელ გადაულახავ დაბრკოლებას“, — ამბობს ტობიასი, რომელიც ბრიტანეთიდანაა.

„გავიცანი 20-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული გვაერთიანებს“, — თავის აზრს გამოხატავს პუერტო-რიკოში მცხოვრები დავიანა.

მალკომი, რომელიც ავსტრალიიდანაა, გვიყვება: „მე ერთ პატარა ქალაქში გავიცანი იეჰოვა და თავი მივუძღვენი მას. აქამდე ჩვენს მსოფლიო საძმოზე ჩემი წარმოდგენა მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რაც პუბლიკაციებიდან ვიცოდი და ვიდეორგოლებში მქონდა ნანახი, მაგრამ ახლა სრულად შევიგრძენი, რას ნიშნავს იყო ამ საძმოს ნაწილი. აქ ყოფნა რწმენას მიათკეცებს“.

დაუვიწყარი სტუმართმოყვარეობა

ფრანკფურტში და მის შემოგარენში არსებული 58 კრების და-ძმებმა კონგრესის დელეგატებს საჩუქრები მოუმზადეს და გასართობი საღამო მოუწყვეს.

შეერთებულ შტატებში მცხოვრები სინტია ამბობს: „და-ძმებმა გასაოცარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენდამი. მათ მიერ გამოვლენილი ძმური სიყვარული, სიკეთე და გულუხვობა მუდამ თან გამყვება“.

„ყველა უშურველად ავლენდა გულწრფელ სიყვარულს ერთიმეორის მიმართ. ვიცინოდით, ვხალისობდით. ერთმანეთისგან მართლაც ბევრი რამ ვისწავლეთ“, — გვიზიარებს საიმონი, რომელიც გერმანიიდანაა.

„გასართობი საღამოს პროგრამამ დამარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები არ ვართ ფანატიკოსები და ასკეტურ ცხოვრებას არ ვეწევით. ჩვენ ვიცით, როგორ შევიქციოთ თავი ჯანსაღი გართობით“, — აღნიშნავს ავსტრალიაში მცხოვრები ემი.

სასიამოვნო მოგონებები

ფრანკფურტი ერთ-ერთი იყო იმ 9 ქვეყანას შორის, სადაც საერთაშორისო კონგრესები ჩატარდა.

ერთი მოწმე, რომელიც ფრანკფურტში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესს დაესწრო, თავის შთაბეჭდილებებს ასე გამოხატავს: „წარმოიდგინეთ, რომ იპოვეთ ახლო ნათესავი, ვთქვათ ძმა, რომლის არსებობის შესახებაც მანამდე არაფერი გსმენოდათ. შეხვედრისთანავე ის გულში გიხუტებთ და შინ გეპატიჟებათ. ამ დროს ისეთი სიხარული გეუფლებათ, რომლის გამოსახატავადაც სიტყვები არ გყოფნით. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მეგრძნო თავი 37 000 და-ძმას შორის. სწორედ ასეთი ენით აუწერელი სიხარული განვიცადე საერთაშორისო კონგრესზე ყოფნის დროს“.