არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრძნე, რომელიც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საწინდარია!

სიბრძნე, რომელიც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საწინდარია!

მეუღლე და შვილები ჩვენი შემოქმედის ძვირფასი საჩუქარია. მას სურს, ოჯახური იდილიით დავტკბეთ, ამიტომ ბიბლიის მეშვეობით გვეხმარება, უფრო ბედნიერი ოჯახი გვქონდეს. მოდი ღვთის სიტყვიდან გავეცნოთ რამდენიმე ბრძნულ რჩევას.

ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები!

„ქმარსაც ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან ჯერ არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფესოელები 5:28, 29).

მართალია, ქმარი ოჯახისთავია, მაგრამ ის ცოლისადმი მკაცრი და მომთხოვნი არ უნდა იყოს (ეფესოელები 5:23). კარგი ქმარი აფასებს მეუღლეს და ზრუნავს მის ფიზიკურ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე. მას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა კი არ აღელვებს, არამედ ყველაფერს აკეთებს ცოლის ბედნიერებისთვის (ფილიპელები 2:4). კარგი ოჯახისთავი გულახდილი მოსაუბრე და ყურადღებიანი მსმენელია. ის უხეშად არ ექცევა თავის ცოლს და არასდროს აყენებს ფიზიკურ ან ემოციურ ტკივილს (კოლოსელები 3:19).

ცოლებო, პატივი ეცით ქმრებს!

„ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).

ცოლი, რომელიც პატივს სცემს ქმარს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს, ოჯახში სიმშვიდეს უწყობს ხელს. როცა ქმარი შეცდომას უშვებს, კარგი ცოლი არ ამცირებს მას; იგი კვლავაც თბილად და პატივისცემით ეპყრობა მეუღლეს (1 პეტრე 3:4). გონიერი ცოლი პრობლემაზე სასაუბროდ შესაფერის დროს არჩევს და თავის აზრს პატივისცემით გამოხატავს (ეკლესიასტე 3:7).

მეუღლეებო, უერთგულეთ ერთმანეთს!

„კაცი . . . მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24).

ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ახლო, მჭიდრო ურთიერთობას აყალიბებს. ცოლ-ქმარმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად. ეს მიზანი გულწრფელი საუბრებითა და ერთმანეთზე ზრუნვით მიიღწევა. წყვილი ერთმანეთის ერთგული უნდა იყოს — მათ სქესობრივი კავშირი მხოლოდ ერთმანეთთან უნდა ჰქონდეთ. ღალატი უდიდეს ტკივილს აყენებს მეუღლეს და ძირს უთხრის ნდობას, რამაც ოჯახი შეიძლება დანგრევამდე მიიყვანოს (ებრაელები 13:4).

მშობლებო, აღზარდეთ შვილები!

„აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“ (იგავები 22:6).

ღმერთმა მშობლებს შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა მიანდო. მათ უნდა ასწავლონ შვილებს, როგორ მოიქცნენ და თავადაც მისცენ კარგი მაგალითი (კანონი 6:6, 7). გონიერი მშობელი შვილის ცუდ საქციელზე მძაფრად არ რეაგირებს, ის მზადაა მოსასმენად და არ ჩქარობს გაბრაზებას (იაკობი 1:19). თუ მშობელი შვილის დასჯას გადაწყვეტს, ამისკენ სიყვარული უნდა უბიძგებდეს და არა რისხვა.

შვილებო, დაემორჩილეთ მშობლებს!

„ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს . . . პატივი [ეცით] მამას და დედას“ (ეფესოელები 6:1, 2).

შვილებს მშობლებისადმი პატივისცემისა და მორჩილების გამოვლენა მართებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაისადგურებს ოჯახში სიხარული, მშვიდობა და ჰარმონია. ზრდასრულმა შვილებმა უნდა იზრუნონ თავიანთ მშობლებზე. მაგალითად, შეეშველონ სახლის საქმეებში და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინონ (1 ტიმოთე 5:3, 4).