არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრებისეული ქარტეხილების დროს ერთგულება ისევე იცავს ოჯახს, როგორც ქარიშხლიან ამინდში ღუზა იალქნიან ნავს

ᲬᲧᲕᲘᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

1. ერთგულება

1. ერთგულება

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

წყვილები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, ბოლომდე უერთგულონ ერთმანეთს, ქორწინებას მუდმივ კავშირად მიიჩნევენ. ასეთი დამოკიდებულების შედეგად ისინი თავს დაცულად გრძნობენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით იქნებიან.

ზოგი წყვილი მხოლოდ იმიტომ რჩება ერთმანეთის წინაშე დადებული აღთქმის ერთგული, რომ ოჯახურ ტრადიციებს არ უღალატოს ან სხვების თვალში რეპუტაცია არ შეელახოს. გაცილებით უკეთესია, თუ მათ ერთგულებას საფუძვლად სიყვარული და პატივისცემა უდევს.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: ქმარმა არ უნდა მიატოვოს ცოლი (1 კორინთელები 7:11).

„თუ გადაწყვეტილი გაქვს, უერთგულო მეუღლეს, ადვილად არ განაწყენდები; იმისთვისაც მზად იქნები, უმალვე აპატიო და ბოდიშიც მოუხადო; პრობლემებს კი ისე შეხედავ, როგორც პატარ-პატარა დაბრკოლებებს და არა როგორც გადაულახავ ბარიერებს“ (მაიკი).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

პრობლემების დროს წყვილები, რომლებიც თავს ვალდებულად არ თვლიან, მეუღლეს უერთგულონ, ადვილად ასკვნიან, რომ ერთმანეთისთვის არ არიან შექმნილნი და უბედური ქორწინებისგან თავის დასაღწევ გზებს ეძებენ.

„ბევრი, ვინც ქორწინდება, იმით იმშვიდებს თავს, რომ, თუ მეუღლეს ვერ შეეწყობა, გაეყრება. როცა ადამიანები ასეთი აზრით ქორწინდებიან, მათი ერთგულება თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“ (ჯინი).

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

ᲨᲔᲐᲛᲝᲬᲛᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲗᲐᲕᲘ

მეუღლესთან კამათის დროს . . .

  • ხომ არ გიჩნდებათ სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ მასზე დაქორწინდით?

  • სხვა ვინმეზე ხომ არ იწყებთ ფიქრს?

  • ცხელ გულზე ხომ არ ეუბნებით მას, რომ მიატოვებთ და ისეთ ვინმეს იპოვით, ვინც დაგაფასებთ?

თუ მსგავსი რამ თქვენც გაგივლიათ გულში, მაშინ დროა, ქორწინებისადმი დამოკიდებულება შეიცვალოთ და ოჯახური კვანძები განიმტკიცოთ.

ᲔᲠᲗᲐᲓ ᲘᲛᲡᲯᲔᲚᲔᲗ

  • ხომ არ შეიმჩნევა, რომ ისეთივე სერიოზულობით აღარ ვეკიდებით ქორწინებას, როგორც თავდაპირველად, როცა ერთმანეთის წინაშე აღთქმა დავდეთ? თუ ასეა, რა არის მიზეზი?

  • რის გაკეთება შეგვიძლია ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად?

ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ

  • დროდადრო მეუღლეს სასიყვარულო ბარათები მისწერეთ.

  • სამსახურში გამოსაჩენ ადგილზე დადეთ მეუღლის სურათი, რითაც სხვებს აჩვენებთ, რომ მისი ერთგული ხართ.

  • დაურეკეთ მეუღლეს, როცა სამსახურში ან სადმე სხვაგან ხართ.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).