არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზნეობრივი ფასეულობები კომპასივითაა, რომელიც ეხმარება თქვენს შვილს, სწორი გზა აირჩიოს

ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

7. ფასეულობები

7. ფასეულობები

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

ზნეობრივ ფასეულობებში იგულისხმება სახელმძღვანელო ნორმები, რომელთა თანახმადაც ვცხოვრობთ. მაგალითად, თუ ცდილობთ, ყველაფერში პატიოსანი იყოთ, ალბათ, სურვილი გექნებათ, რომ შვილებს ამგვარი ფასეულობები ჩაუნერგოთ.

ზნეობრივი ფასეულობები ეთიკურ ნორმებსაც მოიცავს. მაგალითად, მყარი ფასეულობების მქონე ადამიანი შრომისმოყვარე, სამართლიანი და ყურადღებიანია; ამ თვისებების განსავითარებლად საუკეთესო პერიოდი ბავშვობის წლებია.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“ (იგავები 22:6).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში უაღრესად მნიშვნელოვანია ზნეობრივი ფასეულობების ჩანერგვა. ერთი დედა, სახელად კარინი, ამბობს: „ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით შვილები შეიძლება ნებისმიერ დროს მოექცნენ ცუდი ზეგავლენის ქვეშ. ისინი შესაძლოა გვერდით გეჯდნენ და, ამავდროულად, ათას უმსგავსობას უყურებდნენ“.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: მოწიფულებმა „გაიწაფეს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

ყოფაქცევის ნორმებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამაში შედის ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი (მაგალითად, „გთხოვთ“, „მადლობა“) და თავაზიანი მოპყრობა, რაც დღეს იშვიათობაა. სამწუხაროდ, ბევრისთვის ელექტრონული მოწყობილობები უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანები.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

აუხსენით შვილებს, როგორია თქვენი ფასეულობები. მაგალითად, როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ის ახალგაზრდები, რომელთა მშობლებიც ქორწინებამდელ სექსს მიუღებლად მიიჩნევენ და ამას დაუფარავად აფიქსირებენ, დიდი ალბათობით, თავს შეიკავებენ ასეთი საქციელისგან.

ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ: შვილთან ზნეობრივ ფასეულობებზე რომ წამოიწყოთ საუბარი, ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე გაუმახვილეთ. მაგალითად, თუ საინფორმაციო საშუალებებით გადმოიცა, რომ ვიღაცამ სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული ჩაიდინა, შეგიძლიათ ასეთი რამ უთხრათ: „როგორ შეიძლება ასე გძულდეს ვინმე! შენი აზრით, რამ მიიყვანა ეს ადამიანი ასეთ სისასტიკემდე?“.

„შვილებს სწორის არასწორისგან გარჩევა გაუჭირდებათ, თუ არავინ ეტყვის მათ, რა არის სწორი და რა — არასწორი“ (ბრენდონი).

ასწავლეთ შვილს კარგი მანერები. პატარებსაც კი შეუძლიათ ისწავლონ ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი, მადლობის თქმა და სხვების პატივისცემა. „რაც უფრო იგრძნობენ ბავშვები, რომ მათაც თავიანთი ადგილი აქვთ ოჯახში, სკოლასა თუ საზოგადოებაში, მით უფრო აღიძვრებიან, სიკეთე გაუკეთონ სხვებს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრონ“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც შვილების აღზრდას ეხება (Parenting Without Borders).

ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ: შვილებს საოჯახო საქმეებში მიაღებინეთ მონაწილეობა, რათა დაანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სხვების საკეთილდღეოდ შრომა.

„თუ შვილებს ბავშვობიდანვე მივაჩვევთ საოჯახო საქმეების კეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრება არ გაუჭირდებათ. სხვადასხვა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მათთვის უკვე ჩვეული რამ იქნება“ (ტარა).