არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 44

აღსასრულის დადგომამდე უფრო დაუახლოვდით ერთმანეთს

აღსასრულის დადგომამდე უფრო დაუახლოვდით ერთმანეთს

„ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია“ (იგავ. 17:17).

სიმღერა 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ

მოკლე შინაარსი *

დიდი გასაჭირის დროს მეგობრები გვერდში ამოგვიდგებიან (იხილეთ აბზაცი 2) *

1, 2. პირველი პეტრეს 4:7, 8 თანახმად, ვისი დახმარება გვჭირდება მძიმე წუთებში?

ბოლო დღეების მიწურულს შეიძლება დიდ განსაცდელებს შევხვდეთ (2 ტიმ. 3:1). მაგალითად, დასავლეთ აფრიკის ერთ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიას სამოქალაქო არეულობა და ძალადობა მოჰყვა. ექვს თვეზე მეტხანს და-ძმებს თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლოთ, რადგან ქვეყანა ბრძოლის ველად იყო ქცეული. რა დაეხმარა მათ, გამკლავებოდნენ ასეთ რთულ ვითარებას? ზოგი მათგანი იმ და-ძმებმა შეიფარეს, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას ცხოვრობდნენ. ერთი ძმა იხსენებს: „მძიმე წუთებში ერთმანეთს ვამხნევებდით. ასეთ დროს მეგობრების თანადგომა ძალიან დავაფასე“.

2 მეგობრების გვერდში დგომას დიდი გასაჭირის დროს ჩვენც განსაკუთრებით დავაფასებთ (გამოცხ. 7:14). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესვე განვივითაროთ და-ძმებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:7, 8). მაგალითად, ბევრ რამეს გვასწავლის წინასწარმეტყველ იერემიას შემთხვევა. მას სწორედ მეგობრებმა გადაატანინეს მძიმე პერიოდი, რომელიც იერუსალიმის განადგურებას უძღოდა წინ. * როგორ მივბაძოთ იერემიას?

ისწავლეთ იერემიას მაგალითიდან

3. ა) რატომ შეიძლებოდა, რომ იერემია საკუთარ თავში ჩაკეტილიყო? ბ) რა გაანდო იერემიამ ბარუქს და რა იყო შედეგი?

3 იერემია სულ მცირე 40 წელი ცხოვრობდა ორგული ადამიანების გარემოცვაში, რომელთა შორისაც შესაძლოა მისი ანათოთელი ნათესავებიც იყვნენ (იერ. 11:21; 12:6). მიუხედავად ამისა, იერემია საკუთარ თავში კი არ ჩაიკეტა, არამედ თავისი გრძნობები ერთგულ მეგობარ ბარუქს გაანდო. ბიბლიის წყალობით მისი განცდები არც ჩვენთვის დარჩა უცნობი (იერ. 8:21; 9:1; 20:14—18; 45:1). მწერალი ბარუქი იერემიას ამაღელვებელი ისტორიის თხრობას შეუდგა. წარმოიდგინეთ, როგორ დააახლოებდა ეს მათ და როგორი პატივისცემით განაწყობდა ერთმანეთის მიმართ (იერ. 20:1, 2; 26:7—11).

4. რისი გაკეთება დაავალა იეჰოვამ იერემიას და როგორ დააახლოვა უფრო მეტად ამ დავალებამ იერემია და ბარუქი?

4 წლების მანძილზე იერემია გაბედულად აფრთხილებდა ისრაელებს იერუსალიმის განადგურების შესახებ (იერ. 25:3). ხალხი უფრო მეტად რომ აღეძრა მონანიებისკენ, იეჰოვამ იერემიას გრაგნილზე გამაფრთხილებელი სიტყვების დაწერა დაავალა (იერ. 36:1—4). ღვთისგან დავალებული საქმის შესრულების დროს, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე მოანდომეს, იერემიას და ბარუქს მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევდათ. ეჭვგარეშეა, ისინი ხშირად გაამხნევებდნენ და რწმენას განუმტკიცებდნენ ერთმანეთს.

5. საიდან გამოჩნდა, რომ ბარუქი იერემიას კარგი მეგობარი იყო?

5 მას შემდეგ, რაც გრაგნილის წერა დაასრულეს, იერემიამ ბარუქს ამ ცნობის ხალხისთვის გადაცემა დაავალა, რითაც დიდი ნდობა გამოუცხადა (იერ. 36:5, 6). წარმოიდგინეთ, როგორ იამაყებდა იერემია თავისი მეგობრით, რომელმაც გაბედულად შეასრულა საკმაოდ სახიფათო დავალება — ტაძრის ეზოში შევიდა და ხალხს გრაგნილზე დაწერილი სიტყვები წაუკითხა (იერ. 36:8—10). როცა ეს იუდას მთავრებმა გაიგეს, უბრძანეს ბარუქს, მათთვისაც წაეკითხა გრაგნილზე დაწერილი (იერ. 36:14, 15). მთავრებმა მას უთხრეს, რომ მეფე იეჰოიაკიმსაც გადასცემდნენ იერემიას წინასწარმეტყველებას. მათ გულისხმიერება გამოავლინეს ბარუქის მიმართ, როცა გააფრთხილეს: „წადი, დაიმალეთ შენცა და იერემიაც, რომ არავინ იცოდეს თქვენი ადგილსამყოფელი“ (იერ. 36:16—19). ეს ნამდვილად კარგი რჩევა იყო.

6. როგორ შეხვდნენ წინააღმდეგობას იერემია და ბარუქი?

6 მეფე იეჰოიაკიმი განრისხდა, როცა იერემიას მიერ წარმოთქმული სიტყვები წაუკითხეს, და გრაგნილი ცეცხლს მისცა. შემდეგ კი იერემიასა და ბარუქის დაპატიმრება ბრძანა. იერემია მეფის ბრძანებას არ შეუშინებია. მან ახალი გრაგნილი აიღო და ხელახლა უკარნახა ბარუქს იეჰოვას „ყველა სიტყვა, რაც ეწერა იმ წიგნში, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა ცეცხლში რომ დაწვა“ (იერ. 36:26—28, 32).

7. რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იერემიასა და ბარუქის თანამშრომლობას?

7 ისინი, ვინც განსაცდელებს ერთად იტანენ, ხშირად კარგი მეგობრები ხდებიან. ბარუქმა და იერემიამ ახალი გრაგნილი დაწერეს, რომელიც ბოროტი მეფის, იეჰოიაკიმის მიერ განადგურებულ გრაგნილს ჩაანაცვლებდა. ამ დროის განმავლობაში ისინი, ალბათ, უკეთ გაიცნობდნენ ერთმანეთს და უფრო ახლო მეგობრები გახდებოდნენ. რისი სწავლა შეგვიძლია ამ ორი ერთგული მამაკაცისგან?

გულწრფელი საუბრები

8. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი სხვებთან დაახლოებაში და რატომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა?

8 ზოგს უჭირს სხვებისთვის გულის გადაშლა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ წარსულში გული ატკინეს და ნდობა არ გაუმართლეს (იგავ. 18:19, 24). შესაძლოა სხვებთან ახლო ურთიერთობის განვითარებაზე იმიტომაც ვთქვათ უარი, რომ ეს ჩვენგან დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ამისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. გასაჭირის დროს და-ძმები გვერდში რომ დაგვიდგნენ, დღესვე უნდა ვისწავლოთ მათდამი ნდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფიქრები და გრძნობები გავანდოთ მათ, რის გარეშეც ახლო მეგობრობა წარმოუდგენელია (1 პეტ. 1:22).

9. ა) საიდან ჩანს, რომ იესო ენდობოდა მეგობრებს? ბ) როგორ დაგვეხმარება გულახდილი საუბარი სხვებთან დამეგობრებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

9 იესო ენდობოდა თავის მეგობრებს და გულახდილად ესაუბრებოდა მათ (იოან. 15:15). ჩვენც მასავით ვიქცევით, როცა სიხარულს, საწუხარსა თუ იმედგაცრუებას მეგობრებს ვუზიარებთ. თუ სხვებს ყურადღებით მოვუსმენთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენც მსგავსი აზრები, განცდები და მიზნები გვაქვს. ერთი და, სახელად სინდი, რომელიც 29 წლისაა, დაუმეგობრდა 67 წლის დას, მარი-ლუიზს. ისინი ყოველ ხუთშაბათ დილით ერთად ქადაგებენ და გულახდილად საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. სინდი ამბობს: „ძალიან მსიამოვნებს მეგობრებთან შინაარსიანი საუბრები. ეს მათ უკეთ გაცნობაში მეხმარება“. თბილი და გულწრფელი საუბარი მეგობრობას უფრო ამყარებს. თუ სინდის მსგავსად ინიციატივას გამოავლენთ და მეგობრებს გულს გადაუშლით, უფრო დაუახლოვდებით მათ (იგავ. 27:9).

მსახურებაში თანამშრომლობა

კარგი მეგობრები ერთად ქადაგებენ (იხილეთ აბზაცი 10)

10. იგავების 27:17-ის თანახმად, რატომ არის კარგი და-ძმებთან ერთად ქადაგება?

10 იერემიას და ბარუქის მსგავსად, როცა მსახურების დროს თანაქრისტიანებში კარგ თვისებებს ვხედავთ, ბევრ რამეს ვსწავლობთ და უფრო ვუახლოვდებით მათ (წაიკითხეთ იგავების 27:17). ალბათ, დიდ სიხარულს განიჭებთ იმის დანახვა, რომ თანაქრისტიანი გაბედულად და მთელი გულით ესაუბრება სხვებს თავისი მრწამსის, იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. ეჭვგარეშეა, ეს კიდევ უფრო გიძლიერებთ მასთან დაახლოების სურვილს.

11, 12. როგორ გვაახლოებს ერთმანეთთან მსახურებაში თანამშრომლობა? მოიყვანეთ მაგალითი.

11 განვიხილოთ ორი მაგალითი და ვნახოთ, როგორ აახლოებს მსახურებაში თანამშრომლობა და-ძმებს ერთმანეთთან. 23 წლის ადელინმა თავის მეგობარ კანდისს სთხოვა, ერთად ექადაგათ ტერიტორიაზე, რომელიც იშვიათად მუშავდება. ის ამბობს: „ორივეს გვჭირდებოდა გამხნევება და წახალისება. გვინდოდა, მსახურებაში მეტი სიხარული გვეგრძნო და უფრო შემართებით გვექადაგა“. რა შედეგი მოჰყვა მათ თანამშრომლობას? ადელინი ამბობს: „ყოველი დღის ბოლოს ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გრძნობებს; ვყვებოდით, თუ როგორ გვამხნევებდა მსახურებაში სხვებთან საუბარი და როგორ ვხედავდით იეჰოვას ხელმძღვანელობას. ორივეს ძალიან მოგვწონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამან ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო“.

12 ორი დაუქორწინებელი და, ლაილა და მარიანა, მსახურების გასაფართოებლად საფრანგეთიდან ცენტრალური აფრიკის მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ ბანგიში გადავიდნენ. ისინი იქ ხუთი კვირა დარჩნენ. ლაილა იხსენებს: „თავიდან ერთად ცხოვრება გაგვიჭირდა, მაგრამ გულახდილმა საუბრებმა და გულწრფელმა სიყვარულმა ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოვა. შევნიშნე, რომ მარიანა ადვილად ეგუებოდა ახალ გარემოს, ადგილობრივების მიმართ სიყვარულს ავლენდა და გულმოდგინედ ქადაგებდა, რის გამოც უფრო მეტად დავაფასე ის“. ვინმეს რომ დაუმეგობრდეთ, სხვა ქვეყანაში გადასვლა აუცილებელი არ არის. ყოველ ჯერზე, როცა თქვენს ტერიტორიაზე ქადაგებთ, საშუალება გეძლევათ, თანაქრისტიანი უკეთ გაიცნოთ და დაუახლოვდეთ მას.

ყურადღება დადებითზე გაამახვილეთ და იყავით მიმტევებელი

13. რა პრობლემას შეიძლება შევხვდეთ და-ძმებთან თანამშრომლობის დროს?

13 როცა და-ძმებთან თანამშრომლობა გვიწევს, მათ კარგ თვისებებთან ერთად სისუსტეებსაც ვხედავთ. რა დაგვეხმარება, რომ თანაქრისტიანების სისუსტეებმა ხელი არ შეგვიშალოს მათთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში? კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იერემიას მაგალითზე. რა დაეხმარა მას, რომ სხვებში კარგი დაენახა და თვალი დაეხუჭა მათ შეცდომებზე?

14. რა ისწავლა იერემიამ იეჰოვას შესახებ და როგორ დაეხმარებოდა ეს?

14 იერემიას მიერ დაწერილი წიგნი მისივე სახელით გახდა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ წიგნები „პირველი მეფეები“ და „მეორე მეფეებიც“ მან დაწერა. ამ დავალების შესრულების დროს მან აშკარად დაინახა, როგორი გულმოწყალეა ღმერთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ. მაგალითად, იერემიამ იცოდა, რომ იეჰოვამ არ ახილვინა ახაბს თავისი ოჯახის განადგურება (1 მეფ. 21:27—29). მან ისიც იცოდა, რომ მონანიების შემდეგ იეჰოვამ მეფე მენაშეს იმაზე მძიმე ცოდვები აპატია, ვიდრე ახაბს ჰქონდა ჩადენილი (2 მეფ. 21:16, 17; 2 მატ. 33:10—13). ეჭვგარეშეა, ეს მაგალითები დაეხმარებოდა იერემიას, მიებაძა იეჰოვასთვის და თავადაც გამოევლინა მოთმინება და გულმოწყალება მეგობრების მიმართ (ფსალმ. 103:8, 9).

15. როგორ დაეხმარა იერემია თავის მეგობარს?

15 დავფიქრდეთ, რა გააკეთა იერემიამ ბარუქისთვის, როცა მან მსახურებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე შეეწყვიტა მასთან მეგობრობა, იერემიამ თბილად, მაგრამ პირდაპირ გადასცა იეჰოვას სიტყვები (იერ. 45:1—5). რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?

კარგი მეგობრები მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს (იხილეთ აბზაცი 16)

16. იგავების 17:9-ის თანახმად, როგორ შევინარჩუნოთ ახლო ურთიერთობა მეგობრებთან?

16 და-ძმებისგან სრულყოფილებას არ უნდა მოველოდეთ. ახლად შეძენილ მეგობრებთან ახლო ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, ძალისხმევაა საჭირო. თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ, თბილად და გულახდილად უნდა დაველაპარაკოთ და ბიბლიური რჩევა მივცეთ (ფსალმ. 141:5). თუ გულს გვატკენენ, უნდა ვაპატიოთ და ძველი წყენა აღარ უნდა გავუხსენოთ (წაიკითხეთ იგავების 17:9). ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ და-ძმების დადებით მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა მათ სისუსტეებზე. შედეგად, კიდევ უფრო დავუახლოვდებით მათ. დიდი გასაჭირის დროს ახლო მეგობრები ნამდვილად დაგვჭირდება.

გამოავლინეთ ნამდვილი სიყვარული

17. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იერემია გასაჭირისთვის დაბადებული მეგობარი იყო?

17 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარმეტყველი იერემია გასაჭირისთვის დაბადებული მეგობარი იყო. მაგალითად, ერთხელ სამეფო კარის მოხელემ, ებედ-მელექმა თავი საფრთხეში ჩაიგდო და იერემია ტალახიანი ჭიდან ამოიყვანა, რითაც სიკვდილისგან იხსნა. ის შიშობდა, რომ მთავრები ამის გამო გადაემტერებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრებული იყო, იერემიამ ყველაფერი გააკეთა, რათა გასაჭირში მყოფი მეგობარი იეჰოვას სიტყვებით ენუგეშებინა (იერ. 38:7—13; 39:15—18). მას არ უფიქრია, რომ ებედ-მელექი პრობლემას მისი დახმარების გარეშეც გაართმევდა თავს.

კარგი მეგობრები საჭირო დროს დახმარების ხელს უწვდიან ერთმანეთს (იხილეთ აბზაცი 18)

18. იგავების 17:17-ის თანახმად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ გასაჭირში მყოფი და-ძმებისთვის?

18 დღეს ჩვენი და-ძმები ათასგვარ გასაჭირს ხვდებიან. მაგალითად, ბევრი მათგანი სტიქიის შედეგად დაზარალდა ან ადამიანთა მიერ გამოწვეული უბედურებების მსხვერპლი გახდა. ასეთ დროს ზოგი ჩვენგანი თანაქრისტიანებს საკუთარი სახლის კარს უღებს, ზოგიც ფინანსურად ეხმარება. ასეთი დახმარება შეიძლება ყველამ ვერ გავუწიოთ, მაგრამ მათთვის ლოცვა თითოეულს შეგვიძლია. გულგატეხილი თანაქრისტიანის დახმარებას იმ შემთხვევაშიც შევძლებთ, თუ არ ვიცით, რა გავაკეთოთ ან რით ვანუგეშოთ ის. მაგალითად, კარგი იქნება, თუ დროს გამოვუყოფთ მას და თანაგრძნობით მოვუსმენთ, როცა საწუხარს გვიზიარებს. გარდა ამისა, შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ბიბლიური მუხლი წავუკითხოთ (ეს. 50:4). ყველაზე მთავარი ის არის, რომ გასაჭირში ჩვენი და-ძმების გვერდით ვიყოთ (წაიკითხეთ იგავების 17:17).

19. რატომ უნდა განვივითაროთ ახლო ურთიერთობა და-ძმებთან დღესვე და როგორ დაგვეხმარება ეს მომავალში?

19 გვინდა, დღესვე განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ახლო ურთიერთობა და-ძმებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მტრები შეეცდებიან, დეზინფორმაციის მეშვეობით განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენ შორის. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ, თუმცა ვერაფერს გახდებიან. ვერ გაგვინელებენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ჩვენს მეგობრობას ბზარს ვერ გაუჩენენ. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრობა არა მხოლოდ ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე, არამედ მარადიულად გასტანს!

სიმღერა 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე

^ აბზ. 5 რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო გვჭირდება და-ძმებთან დაახლოება. წინამდებარე სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია იერემიას შემთხვევიდან. აგრეთვე ვიმსჯელებთ, როგორ დაგვეხმარება თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობის განვითარება სირთულეების დროს.

^ აბზ. 2 წიგნ „იერემიაში“ მოხსენიებული მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ არის აღწერილი.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: სურათზე ნაჩვენებია, რა შეიძლება მოხდეს დიდი გასაჭირის დროს. და-ძმები სხვენს აფარებენ თავს. გასაჭირის დროს მეგობრების გვერდში დგომა დიდად ანუგეშებს მათ. ამ და-ძმებს ახლო ურთიერთობა ჯერ კიდევ დიდი გასაჭირის დაწყებამდე ჰქონდათ.