არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტეტრაგრამატონი, ებრაული ასოებით გადმოცემული ღვთის წმინდა სახელი, იეჰოვა (იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ)

პაწაწინა ებრაული ასო

პაწაწინა ებრაული ასო

რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის ყველა დანაპირები შესრულდება? იესო დარწმუნებული იყო ამაში და თავისი სწავლებით სხვებსაც განუმტკიცებდა რწმენას. ვნახოთ, რა შედარება მოიყვანა მან მთაზე ქადაგების დროს. მათეს 5:18-ში ვკითხულობთ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს“.

ებრაულ ანბანში ყველაზე პატარა ასოდ ითვლება ჲოდ-ი (י), რომელიც ტეტრაგრამატონის სახით გადმოცემული ღვთის წმინდა სახელის, იეჰოვას, პირველი ასოა. * ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფარისევლები და მწიგნობრები არა მარტო კანონში ჩაწერილ სიტყვებს და ასოებს ანიჭებდნენ დიდ მნიშვნელობას, არამედ ასოს ნაწილაკებსაც.

იესოს სიტყვების თანახმად, ის უფრო ადვილი იქნებოდა, ცა და დედამიწა განადგურებულიყო, ვიდრე კანონის თუნდაც პატარა დეტალი გაუქმებულიყო. თუმცა ბიბლია გვარწმუნებს, რომ ცა და დედამიწა პირდაპირი გაგებით არასდროს განადგურდება (ფსალმუნი 78:69). აქედან გამომდინარე, იესოს სიტყვები იმაზე მიუთითებდა, რომ კანონში ჩაწერილი უმცირესი დეტალებიც კი ზედმიწევნით შესრულდებოდა.

ზრუნავს იეჰოვა ღმერთი იმაზე, რომ მისი ნათქვამი დეტალურად შესრულდეს? რასაკვირველია! მაგალითისთვის მოვიყვანოთ გამოსვლის 12:46-ში ჩაწერილი მითითება, რომლის თანახმადაც ისრაელებს არ უნდა გადაეტეხათ საპასექო კრავის არც ერთი ძვალი. ესმოდათ მათ, რატომ უნდა მიეღოთ მხედველობაში ეს დეტალი? სავარაუდოდ, არა. მაგრამ იეჰოვამ ისრაელებს ეს მითითება იმიტომ მისცა, რომ ამას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა — როცა მესიას წამების ბოძზე გააკრავდნენ, მისი არც ერთი ძვალი არ გადატყდებოდა (ფსალმუნი 34:20; იოანე 19:31—33, 36).

რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? ჩვენც შეგვიძლია ბოლომდე ვიყოთ იმაში დარწმუნებული, რომ იეჰოვას ყველა დანაპირები ზედმიწევნით, წვრილმანებშიც კი, შესრულდება. ასე რომ, ერთი პაწაწინა ებრაული ასოც კი რწმენის განმამტკიცებელია!

^ აბზ. 3 ბერძნული ანბანის ყველაზე პატარა ასო არის იოტა (ι), რომელიც, სავარაუდოდ, ებრაული ასოს, ჲოდ-ის (י), მსგავსია. ვინაიდან მოსეს კანონი ებრაულად დაიწერა და მომდევნო თაობებსაც ამ ენაზე გადაეცა, როგორც ჩანს, იესო ზემოხსენებულ სიტყვებში ებრაულ ასოს გულისხმობდა.