არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის სატანა? რეალურია ის?

ვინ არის სატანა? რეალურია ის?

ბიბლიის თვალსაზრისი

ვინ არის სატანა? რეალურია ის?

დღეს ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ სატანა არ არსებობს. მათი აზრით, ის მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია. ამ საკითხზე დიდი ხანია დავა მიმდინარეობს. XIX საუკუნის პოეტი, შარლ-პიერ ბოდლერი წერდა: „ეშმაკის ყველაზე დიდი ტყუილია, დაგვარწმუნოს თავის არ არსებობაში“.

ნამდვილად არსებობს სატანა? თუ არსებობს, მაშინ საიდან გაჩნდა ის? არის ის უხილავი ძალა, რომელიც კაცობრიობის პრობლემების მიღმა დგას? როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი მისი ბოროტი გავლენისგან?

რას გვეუბნება ბიბლია?

ბიბლია სატანას რეალურ პიროვნებად აღწერს, რომელიც უხილავ სულიერ სამყაროში არსებობს (იობი 1:6). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს სულიერი ქმნილება ბოროტი და ულმობელია; ის სატანის ბოროტ საქმეებზეც მოგვითხრობს (იობი 1:13—19; 2:7, 8; 2 ტიმოთე 2:26). ბიბლიაში ისიც წერია, რომ სატანა ესაუბრებოდა ღმერთსა და იესოს (იობი 1:7—12; მათე 4:1—11).

როგორ გახდა ეს სულიერი ქმნილება ბოროტი? ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე შექმნა, რომელიც მოგვიანებით იესოს სახელით გახდა ცნობილი (კოლოსელები 1:15). შემდეგ მან „ღვთის ძეები“, ანუ ანგელოზები შექმნა (იობი 38:4—7). ისინი სრულყოფილები და მართლები იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით ერთი ანგელოზი სატანა გახდა.

თავიდან ამ ანგელოზს სატანა არ ერქვა. სატანა ნიშნავს მოწინააღმდეგეს, მტერსა და ცილისმწამებელს. ის ღვთის მოწინააღმდეგე გახდა და ამიტომაც ეწოდა სატანა.

ამ სულიერ ქმნილებას სიამაყე განუვითარდა და ის ღვთის მეტოქე გახდა. მას სურდა, სხვებს თაყვანი ეცათ მისთვის. როცა ღვთის მხოლოდშობილი ძე, იესო, დედამიწაზე იყო, სატანა ცდილობდა, იესოს მისთვის ეცა თაყვანი (მათე 4:9).

სატანა „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოანე 8:44). ის ღმერთს ტყუილში სდებდა ბრალს, როცა თავად იყო მატყუარა. მან ევას უთხრა, რომ ღმერთივით იქნებოდა, მაშინ როცა თვითონ სურდა ღმერთივით ყოფილიყო. მაცდური ხერხებით სატანამ თავის საწადელს მიაღწია — ევამ სატანა ღმერთზე მაღლა დააყენა. ის სატანას დაემორჩილა და თავის ღმერთად გაიხადა (დაბადება 3:1—7).

ამბოხების მოწყობით, ეს ერთ დროს ღვთის ერთგული ანგელოზი გახდა სატანა — ღვთისა და ადამიანების მტერი და მოწინააღმდეგე. მას ასევე ეწოდა ეშმაკი, რაც ცილისმწამებელს ნიშნავს. სატანამ, ცოდვის სულისჩამდგმელმა, სხვა ანგელოზებსაც უბიძგა ურჩობისა და ამბოხებისკენ (დაბადება 6:1, 2; 1 პეტრე 3:19, 20). ამ ანგელოზებს კარგი არაფერი გაუკეთებიათ ადამიანებისთვის. ისინი სატანის მსგავსად ეგოისტები არიან, რის გამოც დედამიწა „აივსო ძალადობით“ (დაბადება 6:11; მათე 12:24).

რამდენად ძლიერია სატანის გავლენა?

დამნაშავე დანაშულის ადგილზე თითის ანაბეჭდებს აშორებს, რათა მისი ვინაობის ამოცნობა ვერ შეძლონ. მაგრამ პოლიციამ იცის, რომ დანაშაული დამნაშავის არსებობაზე მეტყველებს. ასევე ცდილობს სატანა, პირველი „კაცისმკვლელი“, თავისი ვინაობის დამალვას (იოანე 8:44; ებრაელები 2:14). ევასთან საუბრისას, სატანამ გველი გამოიყენა, რათა თავისი ვინაობა დაემალა. ის დღესაც იმავეს აკეთებს. ხალხი რომ ვერ მიმხვდარიყო, ვის გავლენაში იმყოფებოდნენ, სატანამ ‘ურწმუნოებს გონება დაუბრმავა’ (2 კორინთელები 4:4).

მაგრამ იესომ გაგვიმხილა, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სატანა განაგებს. მან სატანას „ამ ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 12:31; 16:11). მოციქულმა იოანემ დაწერა: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). სატანა მოხერხებულად იყენებს „ხორცის სურვილს, თვალთა სურვილს და ქონებით ტრაბახს“, რითაც „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (1 იოანე 2:16; გამოცხადება 12:9). ადამიანთა უმეტესობა სწორედ მას ემორჩილება.

ვინც სატანას ემორჩილება, თავის ღმერთად იხდის მას, როგორც ეს ევას შემთხვევაში იყო. ამის გამო სატანა „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ გახდა (2 კორინთელები 4:4). მისი მმართველობის შედეგებია თვალთმაქცობა, ტყუილი, ომი, ტანჯვა, ნგრევა, დამნაშავეობა, სიხარბე და უზნეობა.

როგორ მოვერიდოთ მის გავლენას?

ბიბლია გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ“, ვინაიდან „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი სერიოზულ საფრთხეზე მიგვანიშნებს, გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ‘სატანა ვერ აჯობებს’ მათ, ვინც ფხიზლობს (2 კორინთელები 2:11).

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ სატანის არსებობა და საშუალება მივცეთ ღმერთს ‘განგვამტკიცოს და გაგვაძლიეროს’. ამგვარად, შევძლებთ „წინ აღვუდგეთ [სატანას] მტკიცე რწმენით“ (1 პეტრე 5:9, 10).

გიფიქრიათ?

▪ როგორ გაჩნდა სატანა? (იობი 38:4—7; იოანე 8:44).

▪ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ის ქვეყნიერებაზე? (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19; გამოცხადება 12:9).

▪ რა უნდა გავაკეთოთ, რომ სატანის მსხვერპლი არ გავხდეთ? (1 პეტრე 5:8—10).

[სურათები 12 გვერდზე]

არის სატანა უხილავი ძალა, რომელიც კაცობრიობის პრობლემების მიღმა დგას?