არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ?

გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ?

ბიბლიის თვალსაზრისი

გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ?

მრავალ ხალხშია გავრცელებული ლეგენდები ოქროს ხანაზე; ისინი მოგვითხრობენ პატიოსან ადამიანებზე, რომლებსაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, როცა არ არსებობდა ავადმყოფობა და სიკვდილი. მსგავსი ლეგენდები აქვთ ეგვიპტელებს, მექსიკელებს, პერუელებსა თუ ტიბეტელებს. ეს ლეგენდები იმასაც მოგვითხრობს, როგორ გახდა ადამიანი ცოდვილი.

ხალხში გავრცელებული ლეგენდები ზოგან დამახინჯებულია და ზოგან შელამაზებული, მაგრამ მათში ბევრია საერთოც. ამიტომ, მრავალი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ ისტორიული მოვლენები უდევს საფუძვლად. მართლაც, ლეგენდებში მოცემული სიუჟეტები ძალიან ჰგავს ბიბლიის წიგნ „დაბადების“ პირველ თავებში აღწერილ მოვლენებს. მაგრამ ლეგენდებისაგან განსხვავებით, ბიბლია ზოგადად კი არ აღგვიწერს მოვლენებს, არამედ რეალური ისტორიის კონკრეტულ დეტალებს მოგვითხრობს (2 ტიმოთე 3:16).

სრულყოფილი დასაწყისი

წიგნი „დაბადება“ გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი — ადამი და ევა — დაასახლა ედემის ბაღში, რომელიც უხვად მარაგდებოდა წყლით. მათ სრულყოფილი ჯანმრთელობა და მარადიული ცხოვრების პერსპექტივა ჰქონდათ. სიკვდილი ცოდვის საზღაური იყო (დაბადება 2:8—17; რომაელები 5:12). ადამსა და ევას ღმერთმა უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). შედეგად, მთელი დედამიწა გადაიქცეოდა სამოთხედ, სადაც ღვთის მორჩილი სრულყოფილი, ბედნიერი ადამიანები იცხოვრებდნენ.

სამწუხაროდ, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს, და დაკარგეს იმის შესაძლებლობა, რომ შემოქმედის განზრახვის შესრულებაში მიეღოთ მონაწილეობა და მარადიულად ეცხოვრათ. მიუხედავად ამისა, ღმერთი მაინც შეასრულებს დედამიწასთან დაკავშირებულ თავის განზრახვას. მან თქვა: ‘ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება, არამედ მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე’ (ესაია 55:11). მართლაც, ბიბლიის მთავარი თემა იეჰოვას განზრახვის შესაბამისად დედამიწის სამოთხედ გადაქცევაა, სადაც ის ადამიანები იცხოვრებენ, რომლებიც მის თვისებებს აირეკლავენ (რომაელები 8:19—21).

„ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“

ადამისა და ევას შეცოდებისთანავე ღმერთმა თქვა, რომ წარმოშობდა „შთამომავალს“, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებდა „ძველ გველს“, სატანა ეშმაკს, და მის ბოროტ საქმეებს (დაბადება 3:15; გამოცხადება 12:9; 1 იოანე 3:8). ამ „შთამომავლის“ მთავარი წარმომადგენელი იესო ქრისტეა (გალატელები 3:16). უფრო მეტიც, ის ღმერთმა ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა, რომელიც მმართველობას გაუწევს დედამიწას (დანიელი 7:13, 14; გამოცხადება 11:15).

იესო გააკეთებს იმას, რაც ადამმა არ გააკეთა. ბიბლია იესოს „უკანასკნელ ადამს“ უწოდებს (1 კორინთელები 15:45). გარდა ამისა, ლოცვის ნიმუშში იესომ დედამიწის მომავალი თავის სამეფოს დაუკავშირა. მან თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).

დედამიწაზე ყოფნისას იესოს, როგორც დედამიწის მომავალ მეფეს, ჰქონდა უფლება, მის გვერდით ძელზე გაკრული მომნანიებელი ბოროტმოქმედისთვის ეთქვა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). სამოთხე, რომელსაც იესო გულისხმობდა, აქ, დედამიწაზე იქნებოდა, როგორც ეს ღმერთს თავდაპირველად ჰქონდა განზრახული. ეს აზრი ბიბლიაში საფუძვლიანად არის დადასტურებული. განვიხილოთ ქვემოთ მოცემული მუხლები.

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16). „რადგან მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე“ (იგავები 2:21). უმწიკვლოები ზიანს არ „მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

ამ მუხლების შესაბამისად, იესომ მთაზე ქადაგებისას თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). მოგვიანებით, მოციქულმა იოანემ დაწერა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4). ცხადია, ეს ბიბლიური მუხლები ზეციერ სამოთხეზე კი არა, მიწიერზე მიუთითებს, რომელიც აქ დედამიწაზე იქნება.

რა თქვეს ბიბლეისტებმა

მრავალ ბიბლეისტს სჯერა, რომ ღვთის სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. თეოლოგმა ჯოზეფ საისმა თქვა: „მესიის მმართველობისას მთელი დედამიწა საბოლოოდ ისეთი გახდება . . . როგორიც . . . იმ შემთხვევაში იქნებოდა, ადამს რომ არ შეეცოდა“. წიგნის „ახალი აღთქმა ინგლისელი მკითხველისთვის“ კომენტარში ჰენრი ალფორდმა დაწერა: „ღვთის სამეფო . . . მთელ დედამიწაზე იმმართველებს და მისი ქვეშევრდომები დაიმკვიდრებენ დედამიწას . . . საბოლოოდ კი განახლებული და კურთხეული მარადიულად იარსებებს“ (კურსივი ავტორისაა).

მსგავსი აზრი გამოხატა ცნობილმა მეცნიერმა და ბიბლიის გულმოდგინე შემსწავლელმა ისააკ ნიუტონმა. მან თქვა: „განკითხვის დღის შემდეგ მოკვდავი [ადამიანები] არა მხოლოდ 1 000 წლის განმავლობაში განაგრძობენ დედამიწაზე არსებობას, არამედ მარადიულად“.

დედამიწას იესო ქრისტე უხელმძღვანელებს, ამიტომ მასზე ბოროტება ვერასოდეს მოიკიდებს ფეხს (ესაია 11:1—5, 9). დიახ, მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და მარადიულად განადიდებს თავის შემოქმედს!

გიფიქრიათ?

▪ რა იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით? (დაბადება 1:28).

▪ რას გააკეთებს ღვთის სამეფო? (მათე 6:10).

▪ რატომ ვეღარ მოიკიდებენ ფეხს ბოროტები? (ესაია 11:1—5, 9).

[ჩანართი 11 გვერდზე]

„ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5).