არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაცისტებმა ვერ დამიყოლიეს

ნაცისტებმა ვერ დამიყოლიეს

ნაცისტებმა ვერ დამიყოლიეს

მოგვითხრო ჰერმინე ლისკამ

ჩემს ლაღ ბავშვობას მაშინ დაესვა წერტილი, როცა 1938 წელს ადოლფ ჰიტლერმა და მისმა ნაცისტურმა პარტიამ ავსტრია დაიპყრო. სკოლაში ყველას მოგვეთხოვებოდა, ერთმანეთს „ჰაილ ჰიტლერ“-ით მივსალმებოდით, გვემღერა ნაცისტური სიმღერები და გავერთიანებულიყავით ჰიტლერის ახალგაზრდულ მოძრაობაში. მე ამ ყველაფერზე მტკიცე უარს ვამბობდი. ახლა უფრო ვრცლად მოგიყვებით დანარჩენს.

ვიზრდებოდი კარინტიის მხარეში (ავსტრია), სოფელ სანკტ-ვალბურგენში ოთხ უფროს ძმასთან ერთად. ჩემს მშობლებს იოჰან და ელიზაბეთ ობვეგერებს დიდი ფერმა ჰქონდათ. 1925 წელს მამა „ბიბელფორშერი“ ანუ „ბიბლიის მკვლევარი“ გახდა (ამ სახელით იცნობდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). დედა 1937 წელს მოინათლა. მშობლები ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ ბიბლიის პრინციპებს. მათ შემაყვარეს ღმერთი და ყველაფერი, რაც მან შექმნა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ არასწორი იქნებოდა, თუ რომელიმე ადამიანს ვცემდი თაყვანს. იესო ქრისტემ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (ლუკა 4:8).

დედა და მამა ძალიან სტუმართმოყვარენი იყვნენ. ხშირი სტუმრიანობა გვქონდა. ჩვენთან ფერმის მუშებიც ცხოვრობდნენ. სახლში ხშირად ვმღეროდით; კარინტიაში ასეთი ჩვეულება დღემდეა შემორჩენილი ოჯახებში. საინტერესო მსჯელობებს ვმართავდით ხოლმე ბიბლიურ თემებზე. დღემდე მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით მაგიდის გარშემო ყოველ კვირა დილით ბიბლიის განსახილველად.

მშვიდი ცხოვრებიდან მშფოთვარე ცხოვრებამდე

დაახლოებით რვა წლისა ვიყავი, როცა გერმანიამ ავსტრია დაიპყრო. ამის შემდეგ უფრო მეტად ითხოვდნენ ნაცისტური პარტიისადმი მორჩილებას. მალე სავალდებულო გახდა, რომ ხალხი ერთმანეთს „ჰაილ ჰიტლერ“-ით მისალმებოდა. მე ამ ბრძანებას არ ვემორჩილებოდი, რადგან „ჰაილ“ გერმანულად „ხსნას“ ნიშნავს. ვიცოდი, რომ ჩემი მხსნელი ჰიტლერი კი არა, იესო ქრისტე იყო (საქმეები 4:12). ამის გამო კლასელები და მასწავლებლები მასხრად მიგდებდნენ. 11 წლის ასაკში სკოლის დირექტორმა მითხრა: „ჰერმინე, იცოდე, პირველ კლასში დაგაბრუნებ! შენისთანა ჯიუტ ბავშვს კლასში ვერ ავიტან!“

რაკი მე და ჩემს ძმებს ვერაფრით ვერ გვათქმევინეს „ჰაილ ჰიტლერ“, მამაჩვენი სასამართლოში დაიბარეს. მას უთხრეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, იგი უარს ამბობდა საკუთარ რწმენაზე. დოკუმენტში ასევე ეწერა, რომ მას შვილები ნაცისტური იდეოლოგიით უნდა აღეზარდა. მამამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, რის გამოც მას და დედას ჩამოართვეს მშობლის უფლება. მე სახლიდან 40 კილომეტრის მოშორებით ვითომდა სწორი განათლების მისაღებად გამაგზავნეს.

სახლი საშინლად მენატრებოდა, სულ ვტიროდი. აღმზრდელი მაიძულებდა, ჰიტლერის ახალგაზრდულ მოძრაობაში გავერთიანებულიყავი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ნაცისტური დროშისთვის სალამი რომ მიმეცა, სხვა გოგონები ჩემი მარჯვენა ხელის მაღლა აწევას ცდილობდნენ, მაგრამ არც მათ გამოუვიდათ რამე. გამახსენდა ღვთის ძველი მსახურების სიტყვები: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!“ (იესო ნავეს ძე 24:16).

მშობლებს ჩემი ნახვა აუკრძალეს, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ ფარულად ჩემთან შეხვედრას სკოლისკენ მიმავალ გზაზე და სკოლაში. ასეთი წუთიერი შეხვედრები ძალიან მეხმარებოდა, რომ იეჰოვას ერთგული დავრჩენილიყავი. ერთხელაც, მორიგი საიდუმლო შეხვედრისას, მამამ პატარა ბიბლია მომცა, რომელიც საგულდაგულოდ დავმალე საწოლში. მიუხედავად იმისა, რომ ჩუმ-ჩუმად ვკითხულობდი, ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის მისი კითხვა. ერთხელ კინაღამ წამასწრეს, მაგრამ როგორღაც მოვახერხე მის საბნის ქვეშ დამალვა.

ქალთა მონასტერში

ვინაიდან ჩემმა აღმზრდელებმა ვერ შეძლეს ჩემი „სწორად აღზრდა“, ფიქრობდნენ, რომ ისევ მშობლების გავლენის ქვეშ ვიყავი. ამიტომაც, 1942 წლის სექტემბერში მატარებლით გამაგზავნეს მიუნხენის (გერმანია) კათოლიკურ სკოლაში, რომელსაც ადელგუნდენი ერქვა და რომელიც ამასთანავე ქალთა მონასტერიც იყო. გზაში მონაზვნებმა დაინახეს, რომ ბიბლია მქონდა და წამართვეს.

ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილი მქონდა, ჩემი რწმენის ერთგული დავრჩენილიყავი და არ დავსწრებოდი საეკლესიო მსახურებას. როცა ერთ მონაზონს ვუთხარი, რომ მშობლები კვირაობით ბიბლიას მიკითხავდნენ ხოლმე, მან ისეთი რამ გააკეთა, რამაც გამაოცა. ბიბლია უკან დამიბრუნა. როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა და იმის ნებაც კი მომცა, რომ ბიბლია წამეკითხა მისთვის.

ერთხელ მასწავლებელმა მითხრა: „ჰერმინე, შენ ქერა და ცისფერთვალება ხარ. შენა ხარ გერმანელი, არა ხარ შენ ებრაელი, იეჰოვა ებრაელების ღმერთია“.

მე ვუპასუხე: „მაგრამ იეჰოვამ შექმნა ყველაფერი, ყველანი მან გაგვაჩინა“.

სკოლის დირექტორიც ცდილობდა ჩემს გადაბირებას. ერთხელ მითხრა: „ჰერმინე, შენი ერთი ძმა არმიას შეუერთდა. მიჰყევი მის მაგალითს!“ მე ვიცოდი ეს, მაგრამ არც კი გამივლია გულში, რომ ჩემი ძმისთვის მიმებაძა.

„მე ჩემი ძმის მიმდევარი არა ვარ, — ვუპასუხე დირექტორს. — მე ვარ იესო ქრისტეს მიმდევარი“. ის დამემუქრა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგაგზავნიო, თან ერთ მონაზონს უთხრა, გავემზადებინე და წავეყვანე. თუმცა მისი მუქარა მუქარად დარჩა.

1943 წლის ზაფხულში მიუნხენი დაბომბეს და ბავშვები ადელგუნდენიდან ქალაქგარეთ გაგვიყვანეს. ამ დროს ხშირად მახსენდებოდა დედის სიტყვები: „თუ ოდესმე დაგვაშორებენ და ჩემს წერილებსაც ვეღარ მიიღებ, გახსოვდეს, რომ იეჰოვა და იესო შენთან იქნებიან. ისინი არასდროს მიგატოვებენ. სულ ილოცე“.

შინ დაბრუნება

1944 წლის მარტში ადელგუნდენში დაგვაბრუნეს. რადგან მიუნხენი განუწყვეტლივ იბომბებოდა, დღე და ღამე ამ თავშესაფარში ვიყავით და გარეთ საერთოდ არ გამოვდიოდით. ამ პერიოდში ჩემი მშობლები გამუდმებით ითხოვდნენ, უკან დავებრუნებინე სახლში. საბოლოოდ მათი მოთხოვნა გაითვალისწინეს და მშობლებთან დამაბრუნეს. ეს იყო 1944 წლის აპრილის ბოლო.

როდესაც დირექტორთან გამოსამშვიდობებლად მივედი, მითხრა: „ჰერმინე, სახლში რომ ჩახვალ, მოგვწერე. იცოდე, არ უღალატო შენს რწმენას“. რა საოცრად შეცვლილა ეს კაცი! მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი წამოსვლიდან მალევე, დაბომბვის დროს ცხრა გოგო და სამი მონაზონი დაღუპულიყო. რა საშინელი რამეა ეს ომი!

მეორე მხრივ, ბედნიერი ვიყავი, რომ სახლში დავბრუნდი. 1944 წლის მაისში გაგანია ომის დროს იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლე აბაზანაში. 1945 წელს ომი დამთავრდა და სრული დროით მსახურება დავიწყე. ანთებული ვიყავი და მინდოდა, სხვებისთვის კაცობრიობის ერთადერთ იმედზე, ღვთის სამეფოზე მესაუბრა, რომელიც მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას მოიტანს (მათე 6:9, 10).

1950 წელს შევხვდი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს, ერიკ ლისკას, მიმომსვლელ მსახურს ვენიდან (ავსტრია). ჩვენ 1952 წელს შევუღლდით. მცირე ხნის განმავლობაში ერთად ვინახულებდით კრებებს და და-ძმებს სულიერად ვაძლიერებდით.

პირველი შვილი 1953 წელს შეგვეძინა. შემდეგ კიდევ ორი გვეყოლა. ვინაიდან ოჯახური ვალდებულებები მოგვემატა, სრული დროით მსახურების შეწყვეტა მოგვიხდა. ყველაფრის მიუხედავად, დავინახე, რომ თუ ღმერთს მიეკვრები, ის არასოდეს გაგიცრუებს იმედს და ყოველთვის გაგაძლიერებს. მას არასდროს მივუტოვებივარ. ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა 2002 წელს საყვარელი მეუღლე გამომეცალა ხელიდან.

ძალიან ვემადლიერები ჩემს მშობლებს, რომლებმაც შემაყვარეს იეჰოვა და მისი სიტყვა — ნამდვილი სიბრძნის წყარო (2 ტიმოთე 3:16, 17). მაგრამ ყველაზე მეტად იეჰოვას ვმადლობ, ვინაიდან დღემდე მხარში მიდგას პრობლემებთან ჭიდილში.

[ჩანართი 19 გვერდზე]

„მე ჩემი ძმის მიმდევარი არა ვარ . . . მე ვარ იესო ქრისტეს მიმდევარი“

[სურათი 19 გვერდზე]

მშობლები, ელიზაბეთ და იოჰან ობვეგერები

[სურათები 19 გვერდზე]

ჩვენს ფერმაში ოჯახთან ერთად სანკტ-ვალბურგენში

[საავტორო უფლება]

Both photos: Foto Hammerschlag

[სურათი 20 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე ერიკი