არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა: ყიდვის მანიით ხომ არ ხართ შეპყრობილი?

რატომ ვყიდულობთ?

რატომ ვყიდულობთ?

2012 წელს ჩატარებული გლობალური გამოკითხვისას რესპოდენტთა

ნახევარმა აღიარა, რომ ზოგჯერ ისეთ საქონელს ყიდულობენ, რომელიც საერთოდ არ სჭირდებათ. ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ ადამიანები ძალიან ბევრ ნივთს იძენენ. შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არსებობს. ბევრი ვეღარ იხდის პროცენტიან ვალებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნივთების გაუთავებელ შეძენას კმაყოფილების ნაცვლად უფრო ხშირად სტრესი და უბედურება მოაქვს. მაშ, რაღატომ ვყიდულობთ ამდენ რამეს?

ჩვენ ყველანი, როგორც მომხმარებლები, მარკეტინგის მსხვერპლი ვხდებით. რა მიზანი ამოძრავებთ მარკეტოლოგებს? მოგანდომონ ის, რაც არ გჭირდებათ. მარკეტოლოგებმა მშვენივრად იციან, რომ მომხმარებლები ადვილად ჰყვებიან ემოციებს. ამიტომ რეკლამები და მაღაზიებში შექმნილი სასიამოვნო გარემო იმაზეა გათვლილი, რომ ადამიანში ძლიერი ემოციები გამოიწვიოს.

წიგნში „რატომ ყიდულობენ იმას, რაც არ სჭირდებათ“ ნათქვამია: „როცა ადამიანი რაიმეს ყიდვას გეგმავს, ის ხშირად წარმოიდგენს ხოლმე თუ, როგორ ეძებს სასურველ ნივთს და ბოლოს როგორ ყიდულობს მას“. სპეციალისტების აზრით, ყიდვის პროცესში ადამიანი იმხელა სიამოვნებას განიცდის, რომ ამ დროს მის ორგანიზმში შესაძლოა ჭარბად გამოიყოს ადრენალინი. „თუ გამყიდველმა მყიდველში ეს ემოციები შენიშნა, ის ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ეცდება, კიდევ უფრო მეტად დაახვიოს თავბრუ“, — შენიშნავს ექსპერტი მარკეტინგის დარგში ჯიმ პულერი.

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჭკვიანმა მარკეტოლოგებმა მახეში არ გაგაბან? ემოციები გვერდზე გადადეთ და ეცადეთ, დაპირება და რეალობა ერთმანეთისგან გაარჩიოთ.

 დაპირება: „შენ გაიუმჯობესებ ცხოვრებას!“

კარგი ცხოვრება ყველას გვსურს. რეკლამის მწარმოებლები გვპირდებიან, რომ თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და მათ მიერ შემოთავაზებულ საქონელს ვიყიდით, დაკმაყოფილებული იქნება ყველა ჩვენი სურვილი — მოგვეხსნება სტრესი, გვექნება უკეთესი ჯანმრთელობა, უსაფრთხო ცხოვრება და კარგი ურთიერთობები.

რეალობა:

რაც მეტ ნივთს ვყიდულობთ, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ცხოვრებას გავირთულებთ. ბევრი ნივთის მოვლას მეტი დრო და ფული სჭირდება. ვალების გამო გვემატება სტრესი და დრო აღარ გვრჩება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის.

რაც მეტ ნივთს ვყიდულობთ, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ცხოვრებას გავირთულებთ

პრინციპი: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

დაპირება: „შენ წარმატებული გახდები!“

ძალიან ცოტა თუ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ნივთებს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ყიდულობს. მაგრამ ჯიმ პულერი აღნიშნავს: „მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ ნივთებს მეგობრების, მეზობლების, თანამშრომლებისა და ნათესავების ჯიბრით“. ამიტომ ხშირად რეკლამებში რთავენ მდიდარ და წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც მათი პროდუქციით კმაყოფილები არიან. ასეთი რეკლამები მყიდველს ეუბნება: „შენც შეგიძლია იყო მდიდარი და წარმატებული!“.

რეალობა:

საკუთარი თავის სხვებთან შედარება იწვევს გაუთავებელ უკმაყოფილების გრძნობას. საკმარისია დავიკმაყოფილოთ ერთი სურვილი და მაშინვე სხვა სურვილი გვიჩნდება.

პრინციპი: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება“ (ეკლესიასტე 5:10).

დაპირება: „შენ დაანახვებ სხვებს, ვინ ხარ!“

ერთ წიგნში ნათქვამია: „ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება, რომ სხვებს ვაჩვენოთ, ვინ ვართ, (ან როგორები გვინდა, ვიყოთ), ჩვენი ქონების დემონსტრირებაა“ (Shiny Objects). მარკეტოლოგებმა ეს კარგად იციან, ამიტომ მუშაობენ იმაზე, რომ სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, განსაკუთრებით კი ძვირადღირებული ბრენდები, შეუსაბამონ კონკრეტული ცხოვრების სტილსა და ფასეულობებს.

რას ფიქრობთ საკუთარ თავზე, როგორი ხართ — მოდური? ათლეტური? სხვებსაც მსგავსი წარმოდგენა გინდათ, შეუქმნათ თქვენზე? როგორი იმიჯის შექმნაც არ უნდა გინდოდეთ, მარკეტოლოგები გპირდებიან, რომ თუ სწორად შეარჩევთ ბრენდს, თქვენ გახდებით ის, ვინც გინდათ, რომ იყოთ.

რეალობა:

ნივთების შეძენა არ შეგვცვლის და არ შეგვძენს ისეთ სასურველ თვისებებს, როგორიცაა პატიოსნება და ერთგულება.

პრინციპი: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება ... ოქროს სამკაულებსა თუ ჩაცმულობაში, არამედ იყოს შინაგან ადამიანში“ (1 პეტრე 3:3, 4).