არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ქორწინებამდე სექსი

ქორწინებამდე სექსი

არასწორია სექსი ქორწინებამდე?

„ღვთის ნებაა, რომ . . . მოერიდოთ სიძვას“ (1 თესალონიკელები 4:3).

რას ამბობს ხალხი.

ზოგ კულტურაში მიღებულია სქესობრივი კავშირი ზრდასრულ, დაუქორწინებელ ადამიანებს შორის. ზოგან კი ინტიმური ურთიერთობის ზოგიერთი ფორმა მოზარდებს შორისაც დასაშვებია.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლია დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ ურთიერთობას „სიძვას“ უწოდებს. ღმერთი თავის თაყვანისმცემლებისგან მოითხოვს, „მოერიდონ სიძვას“ (1 თესალონიკელები 4:3). სიძვა მოხსენიებულია ისეთ სერიოზულ ცოდვებს შორის, როგორიცაა: მრუშობა, სპირიტიზმი, ლოთობა, კერპთაყვანისმცემლობა, მკვლელობა და ქურდობა (1 კორინთელები 6:9, 10; გამოცხადება 21:8).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

უპირველესად იმიტომ, რომ, როგორც ბიბლია ამბობს: „მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ზნეობრიობასთან დაკავშირებული ღვთის კანონების მორჩილებით ღმერთს სიყვარულს ვუმტკიცებთ (1 იოანე 5:3). მორჩილების სანაცვლოდ ღმერთი კურთხევებს არ იშურებს ჩვენთვის (ესაია 48:18).

უზნეობად ითვლება ნებისმიერი სახის ინტიმური ურთიერთობა დაუქორწინებლებს შორის?

„სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფესოელები 5:3).

რას ამბობს ხალხი.

ბევრის აზრით, დაუქორწინებლებმა თავი უნდა შეიკავონ პირდაპირი გაგებით სექსისგან, მაგრამ სხვა სახის ინტიმური ურთიერთობა სავსებით მისაღებია.

რას ამბობს ბიბლია.

უზნეო სქესობრივ ურთიერთობებზე საუბრისას ბიბლია არა მარტო სიძვას მოიხსენიებს, არამედ „უწმინდურებას“ და „თავაშვებულობას“ (2 კორინთელები 12:21). აშკარაა, რომ ქორწინების გარეშე ნებისმიერი სახის ინტიმური ურთიერთობა, თუნდაც ეს არ იყოს პირდაპირი გაგებით სექსი, შეურაცხყოფს ღმერთს.

ბიბლია ნათლად ამბობს, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის უნდა ხდებოდეს. ბიბლია არ ამართლებს, აგრეთვე „თავშეუკავებელ ვნებას“ (1 თესალონიკელები 4:5). რას ნიშნავს ეს? მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც თანაბრად ეხება ქალსაც და მამაკაცსაც: ქალმა შეიძლება გადაწყვიტა, არ იქონიოს სქესობრივი კავშირი შეყვარებულთან, მაგრამ ის უარს არ ამბობს სხვა სახის ინტიმურ ურთიერთობაზე. ისინი, ვინც ასე იქცევიან, ავლენენ სიხარბეს ანუ ისაკუთრებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერ იოკებენ ვნებებს და რადგანაც ბიბლია გმობს „თავშეუკავებელ ვნებას“, ბრალი ედებათ ღვთის წინაშე (ეფესოელები 5:3—5).

როგორ ავარიდოთ თავი უზნეობას?

„გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18).

რატომ უნდა გვაინტერესებდეს.

ბიბლიის თანახმად, მათ, ვისაც ქორწინებამდე აქვთ სქესობრივი კავშირი, ღმერთთან ურთიერთობა უფუჭდებათ (კოლოსელები 3:5, 6).

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლია გვირჩევს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება შორს ვიყოთ ყველაფერ იმისგან, რაც უზნეობას ჩაგვადენინებდა (იგავები 22:3). მაგალითად, ზნეობრივი სიწმინდე რომ შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ მათთან ახლო ურთიერთობას, ვინც უარყოფს ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებულ ღვთის პრინციპებს. ბიბლია გვაფრთხილებს: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

სქესობრივ უზნეობამდე ადამიანი შეიძლება იმანაც მიიყვანოს, თუ გონებას უზნეო ფიქრებით კვებავს (რომაელები 8:5, 6). ამიტომ, უნდა მოვერიდოთ ისეთ მუსიკას, ვიდეოჩანაწერებსა თუ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებშიც ასახულია სქესობრივი უზნეობა, რაც ღმერთს შეურაცხყოფს (ფსალმუნი 101:3).