არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისადმი რწმენის საფუძვლიანი მიზეზი

ღვთისადმი რწმენის საფუძვლიანი მიზეზი

ღვთისადმი რწმენის საფუძვლიანი მიზეზი

კორეულ ენაზე გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით „31 მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ახალგაზრდები ეკლესიებს“, ნათქვამია, რომ ბევრმა მიატოვა ეკლესიაში სიარული, რადგან წამოჭრილ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს. მაგალითად, ზოგ მათგანს აინტერესებს, რატომ იტანჯებიან მორწმუნე ადამიანები და რატომ უნდა დავეთანხმოთ ეკლესიის ნებისმიერ სწავლებას, როცა მათი უმეტესობა დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.

სასულიერო პირებისგან მიღებული პასუხებით გულგატეხილები ფიქრობენ, რომ ბიბლია ვერ პასუხობს მათ კითხვებს. მღვდლის პირად თვალსაზრისზე დაფუძნებული განმარტება ხშირად იმას იწვევს, რომ ადამიანი არასწორ დასკვნამდე მიდის ან უარყოფს კიდეც ღმერთსა და ბიბლიას.

ასე დაემართა აბელს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლუთერანულ ოჯახში გაიზარდა. ის იხსენებს: „ეკლესიის სწავლების მიხედვით, ყველა, ვინც კვდება, ღმერთს მიჰყავს. მე კი არ მესმოდა, მოსიყვარულე ღმერთს რატომ უნდა წაერთმია შვილებისთვის მშობლები. სოფელში, სადაც გავიზარდე, კრუხს არ ვკლავდით, ვიდრე წიწილები არ გაიზრდებოდნენ. ძროხა თუ მაკედ იყო, მანამდე არ დავკლავდით, ვიდრე ხბო არ დაიბადებოდა და წამოიზრდებოდა. მიჭირდა იმის გაგება, თუ რატომ არ ავლენდა მოსიყვარულე ღმერთი ასეთივე მზრუნველობას ადამიანებისადმი“.

არამსაც, რომელიც კანადაში ცხოვრობს, მსგავსი კითხვები აწუხებდა. «13 წლის რომ ვიყავი, მამა დამეღუპა, — ამბობს ის. — დაკრძალვაზე ერთმა ცნობილმა მღვდელმა თქვა, რომ ღვთის სურვილი იყო მამაჩემის სიკვდილი, რათა მამა მას ზეცაში დაახლოებოდა. „ღმერთს კარგი ადამიანები მიჰყავს თავისთან, რადგან უყვარს ისინი“, — თქვა მღვდელმა. არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა ღმერთი ასეთი ეგოისტი ყოფილიყო».

აბელმა და არამმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და პასუხები მიიღეს თავიანთ კითხვებზე. თანდათანობით მათ ღვთისადმი სიყვარული და ძლიერი რწმენა განუვითარდათ; საბოლოოდ კი თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მისდამი ერთგული მსახურება დაიწყეს.

საფუძვლიანი ცოდნა — რწმენისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი

რისი სწავლა შეგვიძლია ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან? ამ მაგალითებიდან ვხედავთ, რომ ღვთისადმი რწმენისთვის აუცილებელია ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა. პავლე მოციქულმა ძველ ქალაქ ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს საფუძვლიან ცოდნასა და სრულ შეგრძნებაში“ (ფილიპელთა 1:9, აქ). ღვთისადმი და თანამორწმუნეებისადმი სიყვარულს პავლე აქ ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას და მისი ნების შეცნობას უკავშირებს.

მისი მსჯელობა ნამდვილად გონივრულია, რადგან, ჩვეულებრივ, ვინმეს რომ ვენდოთ, უპირველესად ის კარგად, უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ. მსგავსად ამისა, ღვთისადმი რწმენა რომ განვივითაროთ, მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა უნდა მივიღოთ. „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“, — დაწერა პავლე მოციქულმა (ებრაელთა 11:1, აქ). ბიბლიიდან საფუძვლიანი ცოდნის მიღების გარეშე ღვთისადმი რწმენა წააგავს სათამაშო კარტებისგან აგებულ სახლს, რომელიც სულის შებერვითაც კი ინგრევა.

ბიბლიის შესწავლა დაგეხმარებათ, პასუხები მიიღოთ კითხვებზე, რომლებიც აბელსა და არამს საგონებელში აგდებდა. მაგალითად, რატომ კვდება ადამიანი? ბიბლია გვიხსნის, რომ „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). ადამიანები იმიტომ კი არ ბერდებიან და იხოცებიან, რომ ღმერთს მიჰყავს თავისთან, არამედ იმის გამო, რომ ადამმა შესცოდა (დაბადება 2:16, 17; 3:6, 17—19). გარდა ამისა, ბიბლია გვიმჟღავნებს ჭეშმარიტ იმედსაც, რომელიც იეჰოვა ღმერთმა მოგვცა. ღმერთი თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით მკვდრეთით აღდგენის იმედს აძლევს ცოდვილ ადამიანებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

მკვდრეთით აღდგენის შესახებ ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში ბიბლიური მაგალითები გვეხმარება. ღვთის სიტყვა მოგვითხრობს, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა რამდენიმე ადამიანი (ლუკა 7:11—17; 8:40—56; იოანე 11:17—45). ამ შემთხვევების კითხვისას ყურადღება მიაქციეთ, რა დიდი სიხარული განიცადეს მკვდრეთით აღდგენილთა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. არც ის გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომ ასეთმა სასწაულებმა მათ ღვთის განდიდების სურვილი აღუძრა და იესო ქრისტესადმი რწმენა ჩაუნერგა.

ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებამ დღეს, შესაძლოა, ასეთივე გავლენა იქონიოს ხალხზე. ბევრი ერთ დროს დაბნეული, დამძიმებული იყო და ბრკოლდებოდა კიდეც იმ მნიშვნელოვანი კითხვების გამო, რომლებზეც დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იღებდნენ; ბიბლიის შესწავლისას კი მიიღეს პასუხები, რამაც სრულიად შეცვალა მათი ცხოვრება.

ღვთისადმი სიყვარული — მისთვის მსახურების უმთავრესი მიზეზი

მართალია, საფუძვლიანი ცოდნა მნიშვნელოვანია რწმენისთვის, მაგრამ უფრო მეტია საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანი აღიძრას ღვთისადმი მორჩილებისა და მსახურებისკენ. როცა იესოს ჰკითხეს, რომელი იყო უპირველესი მცნება, მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მარკოზი 12:30). ადამიანი თუ ისე შეიყვარებს ღმერთს, როგორც იესო მოგვიწოდებს, მას ღვთისადმი მორჩილებისა და მსახურების ძლიერი სურვილიც ექნება. ასე მოხდა თუ არა თქვენს ცხოვრებაშიც?

რეიჩელი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსახურობდა კორეაში მისიონერად, გვიხსნის, რატომ სწამს ღმერთი: „ვფიქრობ ხოლმე, რამდენ რამეს აკეთებს ღმერთი თავისი ქმნილებებისთვის და რამდენად მოწყალეა ჩვენდამი. ის ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლის თავისი ნების შესრულებას. ასეთ საკითხებზე დაფიქრებით ღვთისადმი ჩემი სიყვარული კიდევ უფრო იზრდება. სიყვარული კი მისდამი მსახურებისკენ აღმძრავს“.

მართა, ქვრივი ქრისტიანი ქალი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, უკვე 48 წელია, რაც იეჰოვას ემსახურება. აი, რას ამბობს ის: „რატომ ვემსახურები იეჰოვას? იმიტომ, რომ მიყვარს. ყოველი დღის ბოლოს ლოცვით მივმართავ მას და ვეუბნები, რამდენად მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა, განსაკუთრებით კი გამომსყიდველური მსხვერპლისთვის“.

დიახ, ღვთისადმი სიყვარული სულითა და გულით მსახურებისკენ აღგვძრავს. როგორ უნდა განივითაროს ადამიანმა ასეთი სიყვარული? ამისათვის უდიდეს სტიმულს გვაძლევს მადლიერება მის მიერ ჩვენდამი გამოვლენილი სიყვარულისთვის. უეჭველად აღგვძრავს მადლიერების გამოსავლენად ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები: „ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისატევებლად“ (1 იოანე 4:8—10).

შეგიძლიათ ბოლომდე ჩასწვდეთ, რამდენად დიდი სიყვარული გამოავლინა ღმერთმა ჩვენდამი? დავუშვათ, წყალში იხრჩობოდით და თქვენს გადასარჩენად ვიღაცამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. დაივიწყებდით მის მიერ გამოვლენილ სიკეთეს თუ ყოველთვის მადლიერი იქნებოდით? განა მისთვის შეძლებისდაგვარად ყველაფერს არ გააკეთებდით? ღმერთმა ჩვენდამი გაცილებით დიდი სიყვარული გამოავლინა, როდესაც გამომსყიდველურ მსხვერპლად შესწირა იესო ქრისტე (იოანე 3:16; რომაელთა 8:38, 39). როცა ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარულის გამო გული მადლიერებით აგევსებათ, თქვენც შეიყვარებთ ღმერთს და აღიძვრებით, გულით ემსახუროთ მას.

კურთხევები ამჟამად და მომავალში

ღვთის ნებას, უპირველესად, მისდამი სიყვარულის გამო ვასრულებთ, მაგრამ ისიც გვახარებს, რომ ღმერთი აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. ამის თაობაზე პავლე მოციქულმა დაწერა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).

ის, ვისაც უყვარს ღმერთი და მის ნებას ასრულებს, ნამდვილად კურთხეულია. მაგალითად, ბიბლიური პრინციპების გამოყენების შედეგად, დღეს ბევრს უკეთესი ჯანმრთელობა აქვს (იგავები 23:20, 21; 2 კორინთელთა 7:1). აგრეთვე სამსახურში უფროსები სანდო თანამშრომლებად მიიჩნევენ მათ, ვინც პატიოსნებასთან და გულმოდგინებასთან დაკავშირებით ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ, რის შედეგადაც ხშირად სამუშაოს ინარჩუნებენ (კოლასელთა 3:23). გარდა ამისა, ღვთის მსახურები ურთულეს სიტუაციაშიც კი სულის სიმშვიდით არიან კურთხეულნი, რადგან იეჰოვაზე არიან მინდობილები (იგავები 28:25, სსგ; ფილიპელთა 4:6, 7). რაც ყველაზე მთავარია, ისინი უდიდეს კურთხევას მოელიან — მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის მტკიცე იმედი აქვთ (ფსალმუნები 36:11, 29).

რას გრძნობენ ღვთისადმი ის ქრისტიანები, რომლებიც მისგან ასეთ კურთხევებს იღებენ? ჟაკლინი, ქრისტიანი ქალი, რომელიც კანადაში ცხოვრობს, ღვთისადმი მადლიერებას გამოხატავს: „ღვთის კურთხევები ყოველთვის დიდებულია. ღმერთი მარადიული სიცოცხლის უტყუარ იმედს გვაძლევს“. აბელი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, საკუთარ გრძნობებს ასე გადმოგვცემს: „მარადიული სიცოცხლის იმედი სიახლე იყო ჩემთვის და მოუთმენლად მოველი სამოთხეში ცხოვრებას. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა ღვთისადმი მსახურება — ამით ხომ მისდამი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობა მეძლევა“.

თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ ჭეშმარიტი რწმენა

ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ‘სამართლიანი მოსამართლეა, გამომცდელი თირკმლებისა და გულისა’ (იერემია 11:20). დიახ, იეჰოვა ჩვენს შინაგან პიროვნებას იკვლევს. ამიტომაც საჭიროა, თითოეულმა გამოვიკვლიოთ, რა აღგვძრავს ღვთისადმი რწმენის გამოვლენისკენ. ღვთის შესახებ მცდარმა შეხედულებებმა, შესაძლოა, წარსულში არასწორ საქციელამდე მიგვიყვანა. მიუხედავად ამისა, ბიბლიური შემეცნების მიღებით შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, ახლო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა გვეძლევა (1 ტიმოთე 2:3, 4).

იეჰოვას მოწმეები უსასყიდლოდ ეხმარებიან ხალხს, რომ ბიბლიის შესწავლით ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ (მათე 28:20). ბევრმა მათგანმა, ვისაც ისინი დაეხმარნენ, შეიყვარა ღმერთი და ჭეშმარიტი რწმენა განივითარა. ბიბლიის შესწავლით მათ „გონიერება და განსჯა“ შეიძინეს; ეს კი ეხმარებათ, ‘უსაფრთხოდ იარონ’ ჩვენს მშფოთვარე წუთისოფელში (იგავები 3:21—23). რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანებს ახლა მომავლის „სანდო და მტკიცე“ იმედი აქვთ (ებრაელთა 6:19). ამის შესაძლებლობა თქვენც გეძლევათ. დიახ, თქვენთვისაც შესაძლებელია ჭეშმარიტი რწმენის განვითარება და კურთხევების მიღება.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს

„სტუდენტობისას საავადმყოფოებში პრაქტიკის დროს ხშირად მინახავს, როგორ იტანჯებოდნენ კარგი ადამიანები სხვადასხვა ავადმყოფობისა თუ უბედური შემთხვევების გამო. რატომ ხდება ასეთი რამ, თუ ღმერთი არსებობს? ნუთუ რელიგია მხოლოდ სულის სიმშვიდის მოპოვების საშუალებაა?“ (ყოფილი პრესვიტერელი, კორეა).

„მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო და ხშირად ვფიქრობდი, სად წავიდა სიკვდილის შემდეგ მისი სული — ჯოჯოხეთში თუ ზეცაში. მკვდრებზე და ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე გაფიქრება თავზარს მცემდა. არ მესმოდა, როგორ უნდა ეწამებინა მოსიყვარულე ღმერთს ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად“ (ყოფილი კათოლიკე, ბრაზილია).

„რას მოუტანს მომავალი დედამიწასა და კაცობრიობას? როგორ შეძლებენ ადამიანები მარადიულად ცხოვრებას? როგორ დამყარდება ჭეშმარიტი მშვიდობა?“ (ყოფილი კათოლიკე, გერმანია).

„სწავლება გარდასახვის შესახებ ალოგიკური მეჩვენებოდა. ცხოველები ღმერთს თაყვანს არ სცემენ და ცოდვების გამო ადამიანის სული თუ ცხოველში გადასახლდება, როგორღა შეძლებს გამოსწორებასა და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას?“ (ყოფილი ინდუსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

„კონფუციანურ ოჯახში გავიზარდე და მონაწილეობა მიმიღია წინაპართა სულების მოსახსენიებელ ცერემონიაში. როცა მათთვის მაგიდას ვშლიდით და წინაპართა სულებს თავს ვუკრავდით, ხშირად ვფიქრობდი, ნამდვილად მიიღებდნენ კი გარდაცვლილი წინაპრები ჩვენს ძღვენს და დაინახავდნენ, როგორ ვცემდით თაყვანს?!“ (ყოფილი კონფუციანელი, კორეა).

ამ ადამიანებმა მიიღეს პასუხები თავიანთ შეკითხვებზე, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.