არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენ შეძლებთ სატანის წინააღმდეგ ბრძოლას და მასზე გამარჯვებას!

თქვენ შეძლებთ სატანის წინააღმდეგ ბრძოლას და მასზე გამარჯვებას!

„წინ აღუდექით . . . [სატანას] მტკიცე რწმენით“ (1 პეტ. 5:9)

1. ა) რატომ არის სატანის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახლა? ბ) საიდან ვიცით, რომ სატანის წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლებელია გამარჯვების მოპოვება?

სატანას დედამიწაზე მცხოვრები ცხებულებისა და „სხვა ცხვრის“ წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გაჩაღებული (იოან. 10:16). ეშმაკის მიზანია, რომ დარჩენილ მცირე დროში, რაც შეიძლება მეტი იეჰოვას მსახური „გადაყლაპოს“ (წაიკითხეთ გამოცხადების 12:9, 12). შეგვიძლია მის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება? რა თქმა უნდა! ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკ. 4:7).

2, 3. ა) რა მხრივ ასხამს წყალს ეშმაკის წისქვილზე ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოსდა, იგი არ არსებობს? ბ) საიდან ვიცით, რომ სატანა არსებობს?

2 ბევრს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის ის ფაქტი, რომ სატანა არსებობს. მათთვის სატანა და დემონები მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებების, საშინელებათა ფილმებისა და ვიდეოთამაშების გმირები არიან. ამ ხალხის აზრით, ჭკვიან ადამიანებს ბოროტი სულების არსებობის არ სჯერათ. როგორ ფიქრობთ, აღელვებთ სატანასა და მის დამქაშებს, რომ ხალხს მათზე ასეთი წარმოდგენა აქვს? რა თქმა უნდა, არა. სატანისთვის ხომ უფრო ადვილია გონების დაბრმავება მათთვის, ვისაც მისი არსებობაც კი ეეჭვება?! (2 კორ. 4:4). ის ავრცელებს შეხედულებას იმის შესახებ, რომ ბოროტი სულები არ არსებობენ და ეს მისი ხრიკებიდან ერთ-ერთია, რასაც წარმატებით იყენებს ადამიანთა შესაცდენად.

3 ჩვენ იეჰოვას მსახურები იმ ხალხთა რიგებში არ ვართ, ვინც სატანას შეცდომაში შეჰყავს. ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკი არსებობს; მაგალითად, სწორედ ეშმაკი იყო ის, ვინც ევას გველის მეშვეობით ესაუბრა (დაბ. 3:1—5). ზუსტად მან დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ იობის მოტივები იეჰოვას წინაშე (იობ. 1:9—12). სატანა იყო ის, ვინც იესოს შეცდენას შეეცადა (მათ. 4:1—10). 1914 წელს სამეფოს დამყარების შემდეგ სწორედ მან წამოიწყო ბრძოლა დედამიწაზე ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წინააღმდეგ (გამოცხ. 12:17). ეს ბრძოლა კვლავაც მძვინვარებს, ვინაიდან სატანა ცდილობს, რწმენა დაუმსხვრიოს 144 000-ის დარჩენილ ნაწილს და „სხვა ცხვარს“. ამ ბრძოლაში გამარჯვება რომ მოვიპოვოთ, წინ უნდა აღვუდგეთ სატანას და შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა. მოდი, ამ სტატიაში განვიხილოთ სამი რჩევა, რომელიც დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში.

ერიდეთ სიამაყეს

4. როგორ ცხადყო სატანამ, რომ ძალიან ამაყია?

4 სატანა ნამდვილად არ არის თავმდაბალი. ეს უტიფარი სულიერი ქმნილება სიამაყისა და კადნიერების განსახიერებაა, ვინაიდან მან იეჰოვას უზენაესობა ეჭვქვეშ დააყენა და მისი მეტოქე გახდა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია წინ აღვუდგეთ სატანას ისაა, რომ ვერიდოთ სიამაყეს და განვივითაროთ თავმდაბლობა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:5). იბადება კითხვები: რა არის სიამაყე? და, არის სიამაყის გამოვლენა ყოველთვის უმართებულო?

5, 6. ა) ყოველთვის უმართებულოა სიამაყის გამოვლენა? ახსენით. ბ) როგორი სიამაყის გამოვლენაა უმართებულო და რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ვიგებთ ამას?

5 ერთ-ერთი ლექსიკონი სიამაყეს ასე განმარტავს: „საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გრძნობა“ და „კმაყოფილების განცდა, რომელიც განპირობებულია საკუთარი ან ახლობელი ადამიანების კარგი საქმეებით, ნიჭითა თუ უნარით“. ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია. მაგალითად, მოციქულმა პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „ვამაყობთ თქვენით ღვთის კრებებში, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს“ (2 თეს. 1:4). ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, როცა ვხარობთ სხვების კარგი საქმეებით და როცა, გარკვეულწილად, ვამაყობთ კიდეც საკუთარი თავით. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი ოჯახის, კულტურისა თუ იმ ადგილის, სადაც გავიზარდეთ (საქ. 21:39).

6 მეორე მხრივ, არსებობს სიამაყე, რომელიც ძირს უთხრის როგორც სხვებთან ურთიერთობას, ისე ჩვენს მეგობრობას იეჰოვასთან. ასეთმა სიამაყემ შეიძლება გაგვანაწყენოს და ხელი შეგვიშალოს იმაში, რომ თავმდაბლად მივიღოთ საჭირო რჩევა (ფსალმ. 141:5). ამგვარი სიამაყე შემდეგნაირად განიმარტება: „გადაჭარბებული ღირსების გრძნობა“ ან „ქედმაღალი განწყობა იმ ადამიანებისა, რომლებიც თვლიან, ხშირად უსაფუძვლოდ, რომ სხვებზე უკეთესები არიან“. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სძულს „საამაყო სიძლიერე“ (ეზეკ. 33:28; ამოს. 6:8). სამაგიეროდ, სატანა ძალიან ხარობს, როდესაც ადამიანები საკუთარი თავით ტრაბახობენ, ვინაიდან ეს ხომ მის ამპარტავან ბუნებას ირეკლავს. წარმოიდგინეთ, როგორ ზეიმობდა სატანა, როდესაც ნიმროდი, ფარაონი და აბესალომი ტრაბახობდნენ; თითოეული მათგანი უმართებულო სიამაყეს ემსხვერპლა (დაბ. 10:8, 9; გამ. 5:1, 2; 2 სამ. 15:4—6). სიამაყე კაენის დაცემის მიზეზიც გახდა. მართალია, მას ღმერთმა რჩევა მისცა, მაგრამ კაენს სიამაყემ შეუშალა ხელი, რომ ღვთის შეგონება ყურად ეღო. მან ჯიუტად უარყო იეჰოვას რჩევა-დარიგება და დაუფიქრებლად გადაეშვა „უფსკრულში“ (დაბ. 4:6—8).

7, 8. ა) რა არის რასიზმი და რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ის სიამაყის ერთ-ერთი გამოვლინებაა? ბ) ახსენით, როგორ შეიძლება სიამაყემ კრებაში მშვიდობა შეიწიროს.

7 დღეს ადამიანები მრავალი სახით ავლენენ სიამაყეს, რასაც მეტად სავალალო შედეგები სდევს თან. ზოგჯერ ადამიანები სიამაყეს რასიზმის გამო ავლენენ. ერთ ლექსიკონში რასიზმი ასეა ახსნილი: „წინასწარშექმნილი თვალსაზრისი ან მტრული დამოკიდებულება სხვა რასის ადამიანების მიმართ“ და „რწმენა იმისა, რომ სხვადასხვა რასის ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მთელი რიგი ნიშან-თვისებებითა თუ უნარ-ჩვევებით და რომ ერთი რასა მეორეზე აღმატებულია“. სწორედ რასობრივი სიამაყე ხდება ამბოხებების, ომებისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მიზეზიც კი.

8 რა თქმა უნდა, ასეთი რამ ქრისტიანულ კრებაში არ უნდა ხდებოდეს. თუმცა და-ძმებს შორის წარმოქმნილი გაუგებრობები, რომლებიც ზოგჯერ სიამაყის გამო იქმნება, შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. როგორც ჩანს, მსგავსი რამ მოხდა პირველი საუკუნის ქრისტიანების შემთხვევაშიც, რომელთაც იაკობმა მეტად პირდაპირი კითხვა დაუსვა: „რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას?“ (იაკ. 4:1). დიახ, ძვალსა და რბილში გამჯდარმა მტრულმა დამოკიდებულებამ და აღმატებულობის განცდამ შეიძლება ისეთი რამ გვათქმევინოს ან გაგვაკეთებინოს, რომ ენით აუწერელი ტკივილი მივაყენოთ ჩვენს და-ძმებს (იგავ. 12:18). მართლაც, სიამაყემ შეიძლება კრებაში მშვიდობა შეიწიროს.

9. როგორ გვეხმარება ბიბლია, რომ დავამარცხოთ რასიზმი და მოვერიდოთ სიამაყის უმართებულოდ გამოვლენას? (იხილეთ სურათი მე-14 გვერდზე)

9 თუ ვფიქრობთ, რომ სხვებზე აღმატებულნი ვართ, უნდა გვახსოვდეს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის“ (იგავ. 16:5). კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს იმაშიც შევამოწმებთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა რასის, ეროვნებისა თუ კულტურის ადამიანების მიმართ. თუ გულში გასაქანს ვაძლევთ რასიზმს ან ნაციონალიზმს, ამით უგულებელვყოფთ იმას, რომ ღმერთმა „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქ. 17:26). სინამდვილეში, მხოლოდ ერთი რასა არსებობს, ვინაიდან მთელი კაცობრიობა საერთო წინაპრისგან, ადამისგან, წარმოიშვა. მაშასადამე, აბსურდია დავიჯეროთ, რომ ზოგიერთი რასა სხვა რასებზე უპირატესობს ან — პირიქით. ასეთი აზროვნება სატანის წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ ქრისტიანული სიყვარული და ერთობა წაგვართვას (იოან. 13:35). თუ გვსურს, რომ სატანას შევებრძოლოთ და ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, აუცილებელია, ვერიდოთ სიამაყის უმართებულო ფორმით გამოვლენას (იგავ. 16:18).

ნუ გაებმებით მატერიალიზმის მახეში და ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას!

10, 11. ა) რატომ შეიძლება ქრისტიანს ადვილად განუვითარდეს ქვეყნიერების სიყვარული? ბ) რა შეიძლება იგულისხმებოდეს სიტყვებში: „დემასმა . . . ქვეყნიერება შეიყვარა“?

10 სატანა „ამ ქვეყნიერების მმართველია“ და მთელი ქვეყნიერება მის ხელშია (იოან. 12:31; 1 იოან. 5:19). აქედან გამომდინარე, ბევრი რამ, რასაც ქვეყნიერება რეკლამას უწევს, ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება. მაგრამ ყველაფერი, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს, არ არის ცუდი. თუმცა შესაძლებელია, რომ სატანამ ქვეყნიერების მეშვეობით ჩვენი სურვილები თავისდა საკეთილდღეოდ გამოიყენოს, შეეცადოს, რომ ცოდვა ჩაგვადენინოს, ქვეყნიერების სიყვარული განგვივითაროს და იეჰოვას თაყვანისცემაზე ხელი აგვაღებინოს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15, 16).

11 როგორც ჩანს, ქვეყნიერების სიყვარული პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ზოგმა ქრისტიანმაც განივითარა. ერთ-ერთის შესახებ პავლე მოციქულმა ტიმოთეს მისწერა: „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა [და] დამტოვა“ (2 ტიმ. 4:10). ბიბლიაში კონკრეტულად არაა ნათქვამი ის, თუ რა შეიყვარა დემასმა, რის გამოც მან პავლე მოციქული მიატოვა. შესაძლოა დემასმა მატერიალურ კეთილდღეობას სულიერი შესწირა; და, თუ ეს იყო მიზეზი, რა დასანანია, რომ მან ხელიდან გაუშვა ღვთის მსახურების უდიდესი პატივი! თანაც რის გამო?! შეეძლო კი ქვეყნიერებას მისთვის ისეთი რამის მიცემა, რაც იეჰოვას კურთხევებს გადაწონიდა, რომელიც მას, როგორც პავლეს თანამსახურს, უსათუოდ ექნებოდა?! (იგავ. 10:22).

12. როგორ შეიძლება ვემსხვერპლოთ სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას?

12 მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს. ჩვენ ქრისტიანებს, ბუნებრივია, გვინდა, რომ მატერიალურად უზრუნველვყოთ როგორც საკუთარი თავი, ისე ჩვენი ოჯახი (1 ტიმ. 5:8). იეჰოვას სურს, რომ კარგ პირობებში ვიცხოვროთ; ამაზე ისიც მოწმობს, რომ მან ადამსა და ევას უმშვენიერესი გარემო შეუქმნა (დაბ. 2:9). თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სატანას სიმდიდრის მაცდუნებელი ძალის დახმარებით ჩვენი სურვილების მართვა შეუძლია (მათ. 13:22). ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერების საწინდარი ფულია და წარმატების გასაღები — მატერიალური კეთილდღეობა. ასეთი ფიქრები მტკნარი სიცრუეა და ამან შეიძლება დაგვაკარგვინოს ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია — იეჰოვასთან მეგობრობა. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). თუ სიმდიდრეს დავემონებით, იეჰოვას ვეღარ ვემსახურებით; სატანასაც ხომ სწორედ ეს უნდა?! მოდი, არასოდეს ვანაცვალოთ ფულსა თუ მატერიალურ ნივთებს იეჰოვასთან ჩვენი მეგობრობა. სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევა რომ შევძლოთ, ყოველთვის გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა ვიქონიოთ მატერიალურ ნივთებზე (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:6—10).

გაექეცით სიძვას

13. როგორ უწევს პროპაგანდას ეს ქვეყნიერება ქორწინებასა და სექსთან დაკავშირებულ დამახინჯებულ აზროვნებას?

13 სატანის ქვეყნიერებაში არსებობს კიდევ ერთი მახე — სიძვა. დღეს მრავალი ფიქრობს, რომ მეუღლისადმი ერთგულების გამოვლენა და ქორწინების ინსტიტუტიც კი მეტისმეტად შემზღუდველი და დრომოჭმულია. მაგალითად, ერთმა ცნობილმა მსახიობმა ქალმა თქვა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოლა შეუძლებელია როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალისთვის. მან დასძინა: „არ მეგულება ერთგული მეუღლე ან ის, ვინც ისურვებდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი ადამიანის ერთგული ყოფილიყო“. ერთმა მსახიობმა მამაკაცმა კი აღნიშნა: „ვეჭვობ, რომ სურვილი, ერთი პარტნიორის გვერდით გალიო მთელი სიცოცხლე, ნამდვილად ადამიანის ბუნების ნაწილი იყოს“. სატანა უდავოდ ბედნიერია, როდესაც ცნობილი და გავლენიანი ადამიანები ფეხქვეშ თელავენ ღვთის ძღვენს, ქორწინებას. ერთი რამ ცხადია: ეშმაკის ინტერესებში არ შედის ის, რომ მხარი დაუჭიროს ქორწინების ინსტიტუტს და მის წარმატებულ ფუნქციონირებას. თუ გვსურს, რომ სატანას შევებრძოლოთ და გავიმარჯვოთ, უნდა დავიცვათ ქორწინებასთან დაკავშირებული ღვთის მოთხოვნები.

14, 15. როგორ შეგვიძლია გავექცეთ სიძვას?

14 მნიშვნელობა არა აქვს, დაქორწინებულნი ვართ თუ დასაქორწინებელნი, ჩვენ უნდა გავექცეთ სიძვის ნებისმიერ ფორმას. როგორ ფიქრობთ, ეს ადვილია? არა! ახალგაზრდებო, ალბათ თქვენი თანაკლასელებისგან გსმენიათ, როგორ ტრაბახობენ ისინი თავიანთი შემთხვევითი სქესობრივი კავშირებითა და სექსტინგით; ეს უკანასკნელი ზოგ ქვეყანაში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება. ბიბლია გვაუწყებს: „ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორ. 6:18). ფაქტია, რომ ბევრი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით იტანჯება და კვდება. დაუქორწინებელი ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი უბიწობა, მოგვიანებით ნანობს თავის საქციელს. სამწუხაროდ, სიძვას სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენენ მასმედიის საშუალებები და გართობის ინდუსტრია — ისინი ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ღვთის კანონების დარღვევას საზიანო შედეგები არ მოჰყვება. ამგვარი აზროვნების გამო ადამიანები ცოდვის მაცდუნებელი ძალის მსხვერპლნი ხდებიან (ებრ. 3:13).

15 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ებრძვით ცდუნებას, რომ სიძვა არ ჩაიდინოთ? უპირველესად, გააცნობიერეთ თქვენი სისუსტე (რომ. 7:22, 23). შემდეგ იეჰოვას სთხოვეთ, რომ ძალა მოგცეთ (ფილ. 4:6, 7, 13). აგრეთვე მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, რამაც შესაძლოა უზნეობამდე მიგიყვანოთ (იგავ. 22:3). დაბოლოს, როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, გაექეცით მას (დაბ. 39:12).

16. როგორ შეეწინააღმდეგა იესო სატანის ცდუნებებს და რას ვსწავლობთ მისგან?

16 იესომ ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა იმისა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ცდუნებებს. იგი არ მოტყუებულა სატანის დაპირებებით — წამითაც კი არ დაფიქრებულა სატანის შემოთავაზების დადებით და უარყოფით მხარეებზე. მან ეშმაკს დაუყოვნებლივ მიუგო: „დაწერილია“ (წაიკითხეთ მათეს 4:4—10). იესომ შესანიშნავად იცოდა ღვთის სიტყვა, რამაც მას საშუალება მისცა, რომ დაუყოვნებლივ ემოქმედა და ცდუნების პირისპირ ყოფნისას ბიბლიური ციტატები მოეყვანა. თუ გვსურს, რომ სატანას შევებრძოლოთ და გავიმარჯვოთ, არ უნდა ვცდუნდეთ და არ უნდა ჩავიდინოთ სიძვა (1 კორ. 6:9, 10).

ბრძოლაში გამარჯვებას მოთმინებით მოიპოვებთ

17, 18. ა) კიდევ რა იარაღი აქვს სატანას არსენალში და რატომ არ გვაკვირვებს ეს? ბ) რას უქადის სატანას მომავალი და როგორ გვეხმარება ეს მოთმინების გამოვლენაში?

17 სიამაყე, მატერიალიზმი და სიძვა სატანის არსენალში არსებული იარაღებიდან მხოლოდ სამია. მას ბევრი სხვა იარაღიც აქვს. მაგალითად, ზოგ ქრისტიანს ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან, ზოგს თანაკლასელები დასცინიან; ზოგჯერ ქრისტიანებს ქადაგებას მთავრობაც კი უკრძალავს. თუმცა სატანის მიერ გამოწვეული ეს სიძნელეები არ გვაკვირვებს, ვინაიდან იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათ. 10:22).

სატანა სამუდამოდ განადგურდება! (იხილეთ მე-18 აბზაცი)

18 და მაინც, როგორ შეგვიძლია შევებრძოლოთ სატანას და გავიმარჯვოთ? გახსოვთ, რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“ (ლუკ. 21:19). ადამიანებს არ შესწევთ იმის ძალა, რომ გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენონ. იეჰოვასთან უძვირფასეს ურთიერთობას ვერავინ გაგვიფუჭებს, თუ თავად არ მივცემთ მათ ამის ნებას (რომ. 8:38, 39). იეჰოვას მსახურები რომც მოკვდნენ, სატანა მაინც ვერ გაიმარჯვებს, ვინაიდან იეჰოვა აღადგენს მათ! (იოან. 5:28, 29). სატანა სასიკვდილოდ განწირულია! ამ უღვთო ქვეყნიერების განადგურების შემდეგ, მას 1 000 წლით უფსკრულში ჩააგდებენ (გამოცხ. 20:1—3). იესოს ათასწლიანი მმართველობის დასასრულს, სატანა ცოტა ხნით გათავისუფლდება საპყრობილიდან და საბოლოოდ შეეცდება, რომ შეცდომაში შეიყვანოს გასრულყოფილებული კაცობრიობა. ამის შემდეგ ეშმაკი ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება (გამოცხ. 20:7—10). სატანას მომავალი არა აქვს, რასაც თქვენზე ვერ ვიტყვით! წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით. თქვენ შეძლებთ სატანის წინააღმდეგ ბრძოლას და მასზე გამარჯვებას!