არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოლივეტანი — ფრანგული ბიბლიის „თავმდაბალი მთარგმნელი“

ოლივეტანი — ფრანგული ბიბლიის „თავმდაბალი მთარგმნელი“

ოლივეტანი — ფრანგული ბიბლიის „თავმდაბალი მთარგმნელი“

იდგა 1540 წლის 13 სექტემბერი. პოლიცია კოლან პელანკის სახლს ჩხრეკდა. ერთ საიდუმლო ოთახში მათ რამდენიმე საეჭვო დოკუმენტი და ერთი დიდი წიგნი აღმოაჩინეს. წიგნის მეორე გვერდზე ეწერა: „პიერ რობერტ ოლივეტანი, თავმდაბალი ახალგაზრდა მთარგმნელი“. ეს წიგნი იყო ვალდენსური ბიბლია. კოლან პელანკი დააპატიმრეს, ერესში დასდეს ბრალი და ცოცხლად დაწვეს.

იმ დროს საფრანგეთში, როგორც მთელ ევროპაში, კათოლიკური ეკლესია რეფორმატორებს დევნიდა, რათა მათი „მაცდური მოძღვრებები“ აღმოეფხვრა. ერთ-ერთმა შეუპოვარმა და გაბედულმა რეფორმატორმა, გილიომ ფარელმა, გადაწყვიტა, ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებისთვის მარტინ ლუთერის, პროტესტანტული რეფორმაციის ლიდერის, შეხედულებები მოეხვია თავს. ფარელმა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დოფინეს ოლქიდან იყო, იცოდა, რომ ხალხის აზროვნების შესაცვლელად ერთ-ერთი ძლიერი იარაღი დაბეჭდილი მასალა იყო. მიზნისთვის რომ მიეღწია, მას სჭირდებოდა პამფლეტების, ტრაქტატებისა და ბიბლიის გამოცემა. მაგრამ ვინ დააფინანსებდა ამ საქმეს? ფარელმა დახმარებისთვის ვალდენსებს მიმართა.

შაფორას სინოდი

1532 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ვალდენსმა „ბარბებმა“ (პასტორები) მიიწვიეს სინოდი ტუნისთან (იტალია) ახლოს მდებარე პატარა სოფელ შაფორში. წლების მანძილზე აქ ვალდენსებსა და რეფორმაციის ლიდერებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა. ფარელი და რამდენიმე სხვა მისი თანამოაზრე ამ სინოდზე მიიწვიეს. ვალდენსებს სურდათ გაეგოთ, ეთანხმებოდა თუ არა მათი მოძღვრებები ლუთერისა და მის მოწაფეების მოძღვრებებს. *

შაფორაში ფარელის გამოსვლამ სინოდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც ვალდენსმა „ბარბებმა“ ფარელს თავიანთ დიალექტზე ხელით გადაწერილი ძველი ბიბლია აჩვენეს, ფარელმა ისინი დაარწმუნა, დაეფინანსებინათ ფრანგულ ენაზე ბიბლიის გამოცემა. 1523 წელს ლეფევრ დეტაპლის მიერ ნათარგმნი ბიბლიისგან განსხვავებით, რომელიც მან ლათინურიდან თარგმნა, ეს ბიბლია ებრაულიდან და ბერძნულიდან უნდა გადათარგმნილიყო. მაგრამ ვინ გაართმევდა ამ ამოცანას თავს?

ფარელის ნაცნობებს შორის მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო, რომელიც ამას შეძლებდა. მისი სახელი იყო პიერ რობერტი, რომელიც ოლივეტანის * სახელითაც იყო ცნობილი. ეს ახალგაზრდა მასწავლებელი დაიბადა ჩრდილოეთ საფრანგეთში, პიკარდიას ოლქში. ოლივეტანი, ჟან კალვინის ნათესავი, ერთ-ერთი პირველი რეფორმატორი და სანდო მამაკაცი იყო. მან აგრეთვე არაერთი წელი დაჰყო სტრასბურგში, რათა გულმოდგინედ შეესწავლა ის ენები, რომლებზეც თავდაპირველად დაიწერა ბიბლია.

ფარელისა და სხვა ბევრი მისი თანამოაზრის მსგავსად, ოლივეტანმაც შვეიცარიას შეაფარა თავი. მას მეგობრები დაჟინებით სთხოვდნენ, რომ ბიბლიის თარგმნა დაეწყო. მან რამდენჯერმე უარი თქვა, მაგრამ ბოლოს თანხმობა განაცხადა, რომ ბიბლიას „ფრანგულ ენაზე ებრაული და ბერძნული ენებიდან გადათარგმნიდა“. იმავე პერიოდში, როგორც ზოგი ისტორიკოსი ამბობს, ვალდენსებმა თავიანთი შემოსავლიდან ნახევარზე მეტი, 500 ოქროს კრონი, ამ პროექტის განსახორციელებლად გამოყვეს.

ყვავი და ბულბული

1534 წელს ოლივეტანი ალპებში განმარტოვდა და თავისი „მდუმარე მასწავლებლების“, წიგნების, გარემოცვაში დაიწყო მუშაობა. არაერთ თანამედროვე მკვლევარს შეშურდებოდა მისი მდიდარი ბიბლიოთეკის. მას ჰქონდა სირიულ, ბერძნულ და ლათინურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიები, რაბინების კომენტარები, ქალდეველთა გრამატიკის წიგნები და სხვა მრავალი წიგნი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ჰქონდა ბიბლიის ებრაული ორიგინალის ვენეციური ვერსია.

ოლივეტანმა თავისი თარგმანი დააფუძნა ლეფევრ დეტაპლის მიერ შესრულებულ ეგრეთ წოდებულ „ახალი აღთქმის“ ფრანგულ თარგმანზე, თუმცა ბერძნული ტექსტის თარგმნისას ის ნიდერლანდელი თეოლოგის ერაზმუს დეზიდერიუსის თარგმანსაც მიმართავდა. ოლივეტანის სიტყვათა მარაგიდან ხშირად ჩანს, რომ ის არ იზიარებდა კათოლიკური ეკლესიის შეხედულებებს და არც მის გავლენაში იყო მოქცეული. მაგალითად, მან „ეპისკოპოსის“ ნაცვლად, „ზედამხედველი“ გამოიყენა, „მისტერიის“ ნაცვლად „საიდუმლო“, „ეკლესიის“ ნაცვლად კი — „კრება“.

ეგრეთ წოდებული „ძველი აღთქმის“ თარგმნისას ოლივეტანი ცდილობდა, ებრაული ორიგინალის ტექსტი სიტყვასიტყვით ეთარგმნა. მან ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ ებრაულიდან ფრანგულად თარგმნა „ტკბილხმოვანი ბულბულისთვის ხრინწიანი ყვავის სიმღერის სწავლას“ ჰგავდა.

ებრაული ტექსტის თარგმნის დროს ოლივეტანი ათასჯერ წააწყდა ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის სახით. მან არჩია ღვთის სახელის ნაცვლად, „მარადიული“ დაეწერა. ეს სიტყვა მოგვიანებით ფრანგულ ენაზე გამოცემულ პროტესტანტულ ბიბლიებში დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, მან რამდენიმე ადგილას გამოიყენა ღვთის სახელი იეჰოვა, მაგალითად, გამოსვლის 6:3-ში.

აღსანიშნავია, რომ 1535 წლის 12 თებერვალს, თარგმნის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, ოლივეტანმა განაცხადა, რომ ბიბლიის თარგმნა დაასრულა. მან აღიარა, რომ „მარტოს მოუწია ამ ტვირთის [თარგმნის] ზიდვა“. როგორც ჩანს, ეს საქმე, რომელიც დაუღალავ შრომასა და გულმოდგინებას მოითხოვდა, 1534/1535 წლებში დამთავრდა. „რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე“, — თქვა ამ თავმდაბალმა მთარგმნელმა. ახლა მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ პირველი ფრანგული ბიბლია დაბეჭდილიყო, რომლის უმეტესი ნაწილიც ორიგინალიდან იყო ნათარგმნი.

პიროუტის სტამბა

ამ დროს ასპარეზზე გამოვიდა პიერ დე ვენგელი, იგივე პიროუტ რიკარი, ფარელის მეგობარი და რეფორმისტი მბეჭდავი. მას შემდეგ, რაც ის ლიონიდან გამოექცა კათოლიკურ ეკლესიას, 1533 წელს დასახლდა ნევშატელში (შვეიცარია). ვალდენსების თანხით მან დაიწყო „ექსტრემისტული“ მასალის დიდი რაოდენობით ბეჭდვა. მაგალითად, თავის სტამბაში მან დაბეჭდა პლაკატები, რომელიც გმობდა მესას; ამ პლაკატებიდან ზოგიერთმა საფრანგეთის კათოლიკე მეფე ფრანცისკ I-მდეც მიაღწია.

დე ვენგელმა კიდევ ერთხელ აამუშავა თავისი სტამბა და ამჯერად ბიბლია დაბეჭდა. საქმე რომ დაეჩქარებინა, ოთხი-ხუთი მუშისგან შემდგარი ჯგუფი შექმნა, რომლებიც ორ საბეჭდ მანქანაზე მუშაობდნენ; ერთნი შრიფტს აწყობდნენ, მეორენი კი ბეჭდავდნენ. საბოლოოდ, „1535 წლის 4 ივნისს“ ოლივეტანის ბიბლია გამოიცა. თავის, როგორც გამომცემლის, წინასიტყვაობაში დე ვენგელმა აღნიშნა, რომ მთარგმნელი ამ ნაშრომს უძღვნიდა იმ საწყალ მორწმუნეებს, რომლებიც „ფუჭი ტრადიციებისგან გაწამებულები და დამძიმებულები“ იყვნენ.

საბოლოო შედეგმა მოლოდინი გაამართლა. ფრანგული ტექსტი, რომელიც გოთური ანბანით იყო შესრულებული, საოცრად ლამაზი წასაკითხი, ადვილად გასაგები და ბუნებრივი იყო. ტექსტი ჩამოსხმული იყო ორ სვეტად და დაყოფილი იყო თავებად და პარაგრაფებად. მარგინალური შენიშვნები იმაზე მიუთითებდა, რომ მთარგმნელი მართლაც დახელოვნებული იყო თავის საქმეში. გარდა ამისა, შესავალი, დანართი და ცხრილები ალამაზებდნენ ნაშრომს. წიგნის ბოლოს მოკლე აკროსტიქი იყო გაკეთებული: „ვალდენსებმა, რომლებიც სახარებას ქადაგებენ, ეს საგანძური საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს“.

შედევრი, რომელმაც მარცხი განიცადა

ოლივეტანის ნაშრომს, რომელიც ერთ დროს უარყოფილი იყო, დღეს ერთსულოვნად აღიარებენ შედევრად. უფრო მეტიც, სამი საუკუნის განმავლობაში პროტესტანტული ბიბლიის საფუძვლად სწორედ ოლივეტანის ბიბლია იქცა.

ოლივეტანის ბიბლიის ათასობით ეგზემპლარი დაიბეჭდა, მაგრამ კარგად ვერ გაიყიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბიბლიის გავრცელების სისტემა ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული. ამას ისიც ემატებოდა, რომ ამ დროს ფრანგული ენაც სწრაფად იცვლებოდა. გარდა ამისა, ეს ბიბლია 5 კილოგრამს იწონიდა. ამიტომ, ადვილი არ იყო მქადაგებლებისთვის მისი ტარება, მათთვის კი, ვინც ბიბლიას ჩუმად კითხულობდა — მისი დამალვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიბლიის ერთმა ეგზემპლარმა საფრანგეთში კოლან პელანკის სახლამდეც მიაღწია, როგორც სტატიის დასაწყისშიც მოვიხსენიეთ, ოლივეტანის ბიბლია მაინც ვერ გაიყიდა. 1670 წელს, თითქმის საუკუნე-ნახევრის გასვლის შემდეგ, ჟენევის წიგნების მაღაზიაში ჯერ კიდევ იყიდებოდა ამ ბიბლიის ეგზემპლარები.

„არსაიდან მოსული უსახელო“

თავისი მისიის შესრულების შემდეგ ოლივეტანი გაუჩინარდა. თუმცა, მან გამოგონილი სახელებით გამოსცა „ახალი აღთქმა“ და „ძველი აღთქმის“ გარკვეული ნაწილები. ოლივეტანმა აგრეთვე თავი მიუძღვნა კიდევ ერთ საყვარელ საქმეს — მასწავლებლობას. იგი ძალიან კარგი მასწავლებელი იყო. მან რედაქტირება გაუკეთა წიგნს „მითითებები მოსწავლეებისთვის“. ეს წიგნი მოზარდებს უნერგავდა ზნეობრივ ნორმებს. ოლივეტანმა აგრეთვე რედაქტირება გაუკეთა ამ წიგნის ფრანგული ვერსიის შესავალს, რომელიც მთლიანად საღვთო წერილზე იყო დაფუძნებული. ოლივეტანის ერთ-ერთი ფსევდონიმი იყო „ბელისემ დე ბელიმაკომი“, რაც „არსაიდან მოსულ უსახელოს“ ნიშნავს.

ოლივეტანი სავარაუდოდ რომში 1538 წელს გარდაიცვალა დაახლოებით 35 წლის ასაკში. დღეს ცოტამ თუ იცის, რა დიდი წვლილი მიუძღვის ამ ახალგაზრდა პიკარდიელ სწავლულს ფრანგული ბიბლიის თარგმნაში. მისი სახელი იშვიათად ჩნდება წიგნებში. ლუი რობერტმა, იგივე ოლივეტანმა, „ერთი თავმდაბალი მთარგმნელის“ სახელი დაიმკვიდრა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაერთიანდნენ ვალდენსები რეფორმატორებთან, იხილეთ 2002 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 20—23.

^ აბზ. 7 თავიდან პიერ რობერტს ლუი რობერტი ერქვა. ოლივეტანი კი მისი მეტსახელი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთს იყენებდა სალამპრისთვის, როცა საათობით მუშაობდა.

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Archives de la Ville de Neuchâtel, Suisse/Photo: Stefano Iori

[სურათის საავტორო უფლებები 19 გვერდზე]

Left photo: Alain Leprince - La Piscine-musée, Roubaix/Courtesy of the former Bouchard Museum, Paris

Center and right: Société de l’Histoire du Protestantisme Français, Paris

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

Société de l’Histoire du Protestantisme Français, Paris