არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა: უნდა გეშინოდეთ ქვეყნიერების აღსასრულის?

უნდა გეშინოდეთ ქვეყნიერების აღსასრულის?

უნდა გეშინოდეთ ქვეყნიერების აღსასრულის?

რას იტყვით 2012 წლის 21 დეკემბერზე? ბევრი ამბობდა, რომ მაიას ტომის კალენდრის თანახმად, ამ რიცხვში მთელ მსოფლიოში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლებოდა. იქიდან გამომდინარე, თუ რას ელოდით, შეიძლება დღეს შვებას გრძნობთ, იმედგაცრუებული ხართ ან თქვენთვის უკვე ყველაფერი სულერთია. იყო ეს კიდევ ერთი მცდარი თარიღი, როდესაც ქვეყნიერების განადგურებას წინასწარმეტყველებდნენ?

რის თქმა შეგვიძლია „ქვეყნიერების აღსასრულზე“, რომელზეც ბიბლია საუბრობს? (მათე 24:3). ზოგი შიშობს, რომ დედამიწა გადაიბუგება, სხვები კი მოუთმენლად ელიან იმის ხილვას, თუ რა მოხდება აღსასრულის დროს. ბევრი დაღალა იმის მოსმენამ, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა. რეალობად უნდა მივიჩნიოთ ზემოთქმული თუ ზღაპრად?

ალბათ, ძალიან გაგაოცებთ იმის გაგება, რასაც ბიბლია ქვეყნიერების აღსასრულზე ამბობს. ბიბლია მხოლოდ იმაზე კი არ საუბრობს, თუ რატომ უნდა ველოდოთ აღსასრულს, არამედ იმაზეც, რომ ზოგს იმედი გაუცრუვდებოდა იმ დღის მოლოდინში. ახლა ერთად განვიხილოთ, როგორ პასუხობს ბიბლია ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებულ ფართოდ გავრცელებულ კითხვებს.

გადაიბუგება დედამიწა?

 ბიბლია გვპასუხობს: [ღმერთო] მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5).

დედამიწა არც ცეცხლით განადგურდება და არც სხვა რამით. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენი პლანეტა ადამიანთა მარადიული საცხოვრებელია. ფსალმუნის 37:29-ში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 115:16; ესაია 45:18).

მას შემდეგ, რაც ღმერთმა შექმნა დედამიწა, დაინახა, რომ „ყოველივე ძალიან კარგი იყო“. იგი დღესაც იმავეს ფიქრობს (დაბადება 1:31). ღმერთს ფიქრადაც არ მოსვლია, გაენადგურებინა დედამიწა. პირიქით, ის გვპირდება, რომ მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“, რათა ადამიანმა გამუდმებით არ მიაყენოს ზიანი დედამიწას (გამოცხადება 11:18).

თუმცა, 2 პეტრეს 3:7-ის წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაგებადოთ კითხვა. ამ ბიბლიურ მუხლში წერია: „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული“. ნუთუ ეს მუხლი იმაზე არ მიუთითებს, რომ დედამიწა უნდა გადაიბუგოს? ბიბლია ზოგჯერ სიტყვებს „ცა“, „დედამიწა“ და „ცეცხლი“ სიმბოლური მნიშვნელობით იყენებს. მაგალითად, დაბადების 11:1-ში ნათქვამია: „ერთნაირად მეტყველებდნენ მთელ დედამიწაზე“. აქ სიტყვა „დედამიწა“ სიმბოლური მნიშვნელობითაა გამოყენებული და ადამიანთა საზოგადოებას გულისხმობს.

თუ გადავხედავთ 2 პეტრეს 3:7-ის კონტექსტს, დავინახავთ, რომ აქაც „ზეცა“, „დედამიწა“ და „ცეცხლი“ სიმბოლური მნიშვნელობითაა გამოყენებული. მე-5 და მე-6 მუხლებში პარალელია გავლებული წარღვნის დროს განვითარებულ მოვლენებსა და ჩვენს დღეებში განვითარებულ მოვლენებს შორის. იმ დროს ძველი ქვეყნიერება განადგურდა, მაგრამ ჩვენი პლანეტა არ განადგურებულა. წარღვნის დროს ბოროტი და მოძალადე ხალხი ანუ „მიწა“ მოისპო. აგრეთვე განადგურდა „ცა“ ანუ ხალხი, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებას მართავდა დედამიწაზე (დაბადება 6:11). მსგავსადვე, 2 პეტრეს 3:7-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოროტი ხალხი და მათი გარყვნილი მთავრობები სამუდამოდ შთაინთქმებიან, ისე როგორც ცეცხლი შთანთქავს ირგვლივ ყველაფერს.

რა მოხდება ქვეყნიერების აღსასრულის დროს?

ბიბლია გვპასუხობს: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).

„ქვეყნიერებაში“, რომელიც გადადის, პირდაპირი გაგებით დედამიწა კი არა, მასზე მცხოვრები ხალხი იგულისხმება, რომელიც არ ასრულებს ღვთის ნებას. ისევე როგორც ქირურგი ჰკვეთს პაციენტს მის გადასარჩენად სიმსივნურ წარმონაქმნს, ღმერთიც მოჰკვეთს ბოროტებს, რათა  კეთილმა ხალხმა გაიხაროს დედამიწაზე ცხოვრებით (ფსალმუნი 37:9). თუ ამას მივიღებთ მხედველობაში, გამოდის, რომ „ქვეყნიერების აღსასრული“ სასიხარულო მოვლენაა.

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებიდანაც ჩანს, რომ „ქვეყნიერების აღსასრული“ სასიხარულო მოვლენაა. ამ თარგმანებში ეს გამოთქმა ნათარგმნია, როგორც „წყობის დასასრული“ და „ხანის აღსასრული“ (მათე 24:3). თუ კაცობრიობა და დედამიწა გადაურჩება აღსასრულს, ნუთუ გონივრული არ არის მოველოდეთ, რომ ახალი წყობა დამყარდება და ახალი ხანა დაიწყება? ბიბლია სწორედ ამას ადასტურებს, რადგან მასში მოხსენიებულია „მომავალი სისტემა“ (ლუკა 18:30, სქოლიო).

იესომ ამ პერიოდს უწოდა „ხელახლა შექმნის“ ხანა. იმ დროს ის ადამიანებს ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, სრულყოფილებამდე მიიყვანს და იმ პირობებს შეუქმნის, რომელშიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ (მათე 19:28). მაშინ

  • სამოთხედქცეულ დედამიწაზე ყველა უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვრებს (ესაია 35:1; მიქა 4:4).
  • ყველას აზრიანი და დამაკმაყოფილებელი სამუშაო ექნება (ესაია 65:21—23).
  • ყველა განიკურნება სხვადასხვა დაავადებისგან (ესაია 33:24).
  • ყველა გაახალგაზრდავდება (იობი 33:25).
  • მიცვალებულები მკვდრეთით აღდგებიან (იოანე 5:28, 29).

თუ „ღვთის ნების“ შესაბამისად ვცხოვრობთ, ნამდვილად არ გვაქვს მიზეზი, გვეშინოდეს ქვეყნიერების აღსასრულის. პირიქით, ჩვენ მოუთმენლად უნდა ველოდეთ ამ დღეს.

მართლა ახლოსაა ქვეყნიერების აღსასრული?

ბიბლია გვპასუხობს: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31).

პროფესორი რიჩარდ კაილი თავის წიგნში წერს: „უეცარმა ცვლილებებმა და საზოგადოებრივმა ქაოსმა განაპირობა ის, რომ ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით უამრავი სავარაუდო პროგნოზი გაჩნდა“. განსაკუთრებით აზრთა სხვადასხვაობას ის იწვევს, როცა ცვლილებებსა და ქაოსს ახსნას ვერ უძებნიან (The Last Days Are Here Again).

მაგრამ წინასწარმეტყველები, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულზე წინასწარმეტყველებდნენ ბიბლიაში, არ ცდილობდნენ, აწმყოში მიმდინარე მოვლენების საფუძველზე განესაზღვრათ, თუ როდის დადგებოდა ქვეყნიერების აღსასრული. ნაცვლად ამისა, ისინი ღვთის შთაგონებით აღწერდნენ მოვლენებს, რაც ქვეყნიერების გარდაუვალი აღსასრულის მომასწავებელი იქნებოდა. განვიხილოთ ზოგი ეს წინასწარმეტყველება და გავიგოთ, მართლა სრულდება თუ არა ისინი ჩვენს დროში.

  •   იქნება ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და მომაკვდინებელი ეპიდემიები (მათე 24:7; ლუკა 21:11).
  • გაიზრდება დამნაშავეობა (მათე 24:12).
  • ადამიანები დედამიწას დააზიანებენ (გამოცხადება 11:18).
  • ხალხს ღმერთზე მეტად საკუთარი თავი, ფული და ქვეყნიური სიამენი ეყვარება (2 ტიმოთე 3:2, 4).
  • ოჯახები დაინგრევა (2 ტიმოთე 3:2, 3).
  • ადამიანთა გულგრილობა ქვეყნიერების აღსასრულის მაჩვენებელი იქნება (მათე 24:37—39).
  • მთელ მსოფლიოს ექადაგება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14).

იესომ თქვა, რომ როცა „ყველაფერ ამას“ დავინახავთ, მივხვდებით, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა (მათე 24:33). იეჰოვას მოწმეებს მიმდინარე მოვლენები არწმუნებთ, რომ ბიბლიაში უტყუარი მტკიცებულებებია მოყვანილი და ამიტომ, თავიანთ რწმენას სხვებს 236 ქვეყანაში უზიარებენ.

მოწმობს თუ არა არასწორი პროგნოზები იმაზე, რომ აღსასრული არასდროს დადგება?

ბიბლია გვპასუხობს: „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ“ (1 თესალონიკელები 5:3).

ბიბლია ქვეყნიერების განადგურებას მშობიარობის ტკივილებს ადარებს — როგორც მშობიარეს ეწყება მოულოდნელად ტკივილი და ვერსად გაექცევა მას, ასევე მოულოდნელად დადგება ქვეყნიერების აღსასრულიც. ბოლო დღეები ორსულობის პერიოდს ჰგავს — ორსულმა ქალმა იცის, რომ ბავშვის გაჩენამდე ტკივილები სულ უფრო და უფრო გაუძლიერდება. ექიმმა შეიძლება მას მშობიარობის სავარაუდო თარიღი გამოუთვალოს. მაშინაც კი, თუ დათქმულ ვადას გადასცდება, დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვი მალე დაიბადება. მსგავსად ამისა, ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებული ნებისმიერი არასწორი პროგნოზი არ ნიშნავს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც „ბოლო დღეებში“ მოხდება (2 ტიმოთე 3:1).

თქვენ შეიძლება იკითხოთ: „თუ ასე აშკარაა ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი, რატომ არ შეუძლია ბევრს მისი ამოცნობა?“ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას ბევრი არაფრად ჩააგდებდა ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს. მათ უჭირთ იმის აღიარება, რომ მსოფლიოში დღითი დღე უარესდება მდგომარეობა და რომ ბოლო დღეებში ცხოვრობენ. ისინი თავს იტყუებენ და ამბობენ: „მას  შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2 პეტრე 3:3, 4). ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი აშკარაა, მაგრამ ბევრი არ აღიარებს ამას (მათე 24:38, 39).

ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე ბიბლიური მტკიცებულება განვიხილეთ, რომელიც გვარწმუნებს, რომ აღსასრული ახლოსაა. * გსურთ გაიგოთ მეტი? დაუკავშირდით იეჰოვამ მოწმეებს და შეისწავლეთ ბიბლია უსასყიდლოდ. შესწავლა თქვენს სახლში, სადმე სხვა მოსახერხებელ ადგილას ან ტელეფონითაც კი შეგიძლიათ. თქვენი მხრიდან მხოლოდ ის მოითხოვება, რომ დრო გამოუყოთ შესწავლას და სრულიად უსასყიდლოდ მიიღოთ კურთხევები, რომელთაც არაფერი შეედრება.

^ აბზ. 39 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-9 თავში, «ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?». გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.