არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დანიშნულება ჰქონდა ძველ დროს საბეჭდ ბეჭდებს?

რა დანიშნულება ჰქონდა ძველ დროს საბეჭდ ბეჭდებს?

 ბეჭდები იყო პატარა ნივთები, რომლებზეც ამოტვიფრული იყო სხვადასხვა წარწერა ან გამოსახულება. მათ იყენებდნენ თიხაზე ან ცვილზე ანაბეჭდის დასასმელად. ბეჭდები იყო სხვადასხვა ფორმის, მაგალითად, კონუსის, მართკუთხედის ან ცილინდრის ფორმის; ზოგ ბეჭედს ცხოველის თავის ფორმაც კი ჰქონდა. დასმული ანაბეჭდით განისაზღვრებოდა მფლობელის ვინაობა ან დოკუმენტის უტყუარობა. ისინი აგრეთვე გამოიყენებოდა დაცული საქაღალდეების, სამარხის შესასვლელისა თუ სხვადასხვა კარის დასაბეჭდად.

სპარსეთის მმართველის დარიოს I-ის საბეჭდი ცილინდრი, რომელზეც ნადირობაა ასახული და თიხის ნაჭერი, რომელზეც ეს ბეჭედია დასმული

 ბეჭდები სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა, მათ შორის ძვლისგან, კირქვისგან, ლითონისგან, ნახევრად ძვირფასი ქვისგან ან ხისგან. ზოგიერთ ბეჭედზე ამოტვიფრული იყო მესაკუთრის სახელი და მამის სახელი, ზოგ ბეჭედზე კი მესაკუთრის ტიტული იყო ამოკვეთილი.

 დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად ბეჭდის მესაკუთრე ბეჭდის ამოტვიფრულ ნაწილს დაასვამდა დოკუმენტზე დადებულ თიხას, ცვილს ან სხვა რბილ მასას (იობი 38:14). მასა შრებოდა, მაგრდებოდა და ასეთი სახით დოკუმენტი დაცული ხდებოდა გაყალბებისგან.

ბეჭდები გამოიყენებოდა უფლებამოსილების გადასაცემად

 ბეჭდის მფლობელს შეეძლო სხვა პიროვნებისთვის მიეცა ბეჭედი და ამგვარად, მისთვის საკუთარი უფლებამოსილება გადაეცა. მაგალითად, ასეთი რამ მოხდა ძველ ეგვიპტეში ფარაონსა და პატრიარქ იაკობის ვაჟს, იოსებს შორის. იოსები მონა იყო ეგვიპტეში. მოგვიანებით ის უსამართლოდ ჩასვეს საპატიმროში. გარკვეული ხნის შემდეგ ფარაონმა გაათავისუფლა ის და ეგვიპტეში მეორე კაცად დანიშნა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოიხსნა ფარაონმა ბეჭედი თავისი ხელიდან, გაუკეთა ხელზე იოსებს“ (დაბადება 41:42). ამის შემდეგ იოსებს ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ფარაონის სახელით შეესრულებინა მნიშვნელოვანი საქმეები.

 ძველი ისრაელის დედოფალმა, იზებელმა გამოიყენა ქმრის ბეჭედი, რათა სისრულეში მოეყვანა თავისი მზაკვრული გეგმა და მოეკლა ნაბოთი. მეფე ახაბის სახელით მან მისწერა წერილები რამდენიმე უხუცესს და დაავალა მათ, უდანაშაულო ნაბოთისთვის ღვთის გმობაში დაედოთ ბრალი. მან ეს წერილები მეფის ბეჭდით დაბეჭდა და ამგვარად სისრულეში მოიყვანა თავისი ბოროტი განზრახვა (1 მეფეები 21:5—14).

 სპარსეთის მეფე ახაშვეროშიც იყენებდა საბეჭდ ბეჭედს თავისი ოფიციალური ბრძანებულებების დასადასტურებლად (ესთერი 3:10, 12).

 ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, ნეემია აღნიშნავს, რომ ისრაელის მთავრებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა წერილობითი შეთანხმება დადეს, რომელიც საკუთარი ბეჭდებით დაადასტურეს (ნეემია 1:1; 9:38).

 ბიბლიაში ორი შემთხვევაა მოხსენიებული, როცა ბეჭდები შესასვლელის დასალუქად იქნა გამოყენებული. როცა წინასწარმეტყველი დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს, „მოიტანეს ლოდი და დააფარეს ხაროს პირს და დაბეჭდა ის მეფემ [მიდია-სპარსეთის მმართველმა, დარიოსმა] თავისი და დიდგვაროვნების ბეჭდებით, რათა არაფერი შეცვლილიყო დანიელისთვის“ (დანიელი 6:17).

 როცა იესო ქრისტეს სხეული სამარხში დაასვენეს, მისი მტრები „წავიდნენ და იზრუნეს სამარხის დაცვაზე, ლოდი დაბეჭდეს“, რათა დაეცვათ სამარხის შესასვლელი (მათე 27:66). თუ იესოს სხეულის სამარხში დასვენება მოხდა რომის ხელისუფლების მიერ, მაშინ „აკლდამასა და სამარხის შესასვლელ ლოდს შორის არსებულ ნაპრალზე დადებულ თიხაზე ან ცვილზე ოფიციალური ბეჭედი უნდა ყოფილიყო დასმული“, — ასეთ კომენტარს აკეთებს მათეს სახარებაზე ბიბლიის კომენტატორი დეივიდ ტერნერი.

 არქეოლოგები და ისტორიკოსები დიდი გულისყურით იკვლევენ ბეჭდებს, ვინაიდან ისინი უძველესი ისტორიის შესახებ ბევრ რამეს ჰფენენ ნათელს. ამ მიმართულებით სპეციალური დარგიც კი არსებობს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა; ამ დარგს სიგილოგრაფია ეწოდება.