არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 18

მონათვლა და ღმერთთან შენი ურთიერთობა

მონათვლა და ღმერთთან შენი ურთიერთობა
  • როგორ ხდება ქრისტიანული ნათლობა?

  • რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისათვის, რომ მზად იყო მოსანათლად?

  • როგორ უნდა მიუძღვნას ადამიანმა ღმერთს თავი?

  • რატომ არის საჭირო მონათვლა?

1. რატომ გამოთქვა მონათვლის სურვილი ეთიოპიის სამეფო კარის მსახურმა?

„აი წყალი. რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ ეს კითხვა დასვა ეთიოპიის სამეფო კარის ერთმა მსახურმა პირველ საუკუნეში. ფილიპემ, ქრისტიანმა მოწაფემ, მას დაუსაბუთა, რომ იესო აღთქმული მესია იყო. წმინდა წერილების უკეთ გაგებამ ეთიოპი მამაკაცი მოქმედებისკენ აღძრა — მან მონათვლის სურვილი გამოთქვა! (საქმეები 8:26—36).

2. რატომ უნდა დაფიქრდე სერიოზულად მონათვლაზე?

2 თუ გულდასმით შეისწავლე ამ წიგნის წინა თავები იეჰოვას მოწმეებთან, შეიძლება შენც ფიქრობ, რომ მზად ხარ მსგავსი კითხვის დასასმელად: „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ შენ გაიგე, რომ ბიბლია სამოთხეში მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება (ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4). შენ ასევე იცი, თუ რას ამბობს ბიბლია გარდაცვლილთა მდგომარეობისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ (ეკლესიასტე 9:5; იოანე 5:28, 29). შესაძლოა, იეჰოვას მოწმეებთან უკვე გაქვს ურთიერთობა კრების შეხვედრებზე და ხედავ, რომ ისინი ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები არიან (იოანე 13:35). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ, უკვე ცდილობ იეჰოვა ღმერთთან პირადი ურთიერთობის განვითარებას.

3. ა) რა დაავალა იესომ თავის მიმდევრებს? ბ) როგორ ხდება წყალში ნათლობა?

3 როგორ შეგიძლია ცხადყო, რომ გსურს ღმერთს ემსახურო? იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი“ (მათე 28:19). მაგალითი თვითონ იესომ დაგვიტოვა წყალში მონათვლით. ის წყლის მისხურებით ან თავზე დასხმით არ მონათლულა (მათე 3:16). „მონათვლად“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა გულისხმობს „ჩაძირვას“. აქედან გამომდინარე, ქრისტიანული ნათლობისას ადამიანი წყალში სრულად უნდა იძირებოდეს.

4. რას ცხადყოფს ადამიანი წყალში მონათვლით?

4 წყალში მონათვლა აუცილებელი მოთხოვნაა ყველასთვის, ვისაც სურს იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა ჰქონდეს. მონათვლით საჯაროდ ცხადყოფ, რომ გსურს ემსახურო იეჰოვას და შეასრულო მისი ნება (ფსალმუნი 40:7, 8). მაგრამ მზად რომ იყო მოსანათლად, საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.

საჭიროა ცოდნა და რწმენა

5. ა) უპირველესად რა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, მოსანათლად რომ მოემზადო? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქრისტიანულ შეხვედრებს დაესწრო?

5 შენ უკვე დგამ პირველ ნაბიჯს. როგორ? შენ იღებ ცოდნას იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ. ამ მიზნით, ალბათ, რეგულარულად სწავლობ ბიბლიას (წაიკითხეთ იოანეს 17:3). მაგრამ კიდევ ბევრის სწავლა შეგიძლია. როგორც ბიბლია ამბობს, ქრისტიანები უნდა აღივსონ ღვთის „ნების საფუძვლიანი ცოდნით“ (კოლოსელები 1:9). ამ მხრივ დიდ დახმარებას გაგიწევს იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული შეხვედრები. მნიშვნელოვანია, დაესწრო ასეთ შეხვედრებს (ებრაელები 10:24, 25). რეგულარული დასწრება ღვთის შესახებ მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მოგცემს.

მნიშვნელოვანია ღვთის სიტყვიდან საფუძვლიანი ცოდნის მიღება, რათა შეესაბამებოდე მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს

6. რა უნდა იცოდე ბიბლიიდან, მზად რომ იყო მოსანათლად?

6 მოსანათლად მზად რომ იყო, საჭირო არაა, სრულყოფილად იცოდე ბიბლია. ეთიოპიის სამეფო კარის მსახურს გარკვეული ცოდნა ჰქონდა, მაგრამ წმინდა წერილების ზოგიერთი ადგილის გასაგებად დახმარებას საჭიროებდა (საქმეები 8:30, 31). მსგავსად ამისა, შენც კიდევ ბევრს ისწავლი. ღვთის შესახებ ცოდნის მიღება დაუსრულებელი პროცესია (ეკლესიასტე 3:11). მონათვლამდე კი საჭიროა, იცოდე ბიბლიის ძირითადი სწავლებები და ირწმუნო ისინი (ებრაელები 5:12). მაგალითად, ასეთ სწავლებებს მიეკუთვნება ჭეშმარიტება გარდაცვლილთა მდგომარეობის, ღვთის სახელის მნიშვნელობისა და მისი სამეფოს როლის შესახებ.

7. რა გავლენა უნდა მოახდინოს შენზე ბიბლიის შესწავლამ?

7 მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის, რადგან „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). ბიბლია მოგვითხრობს, რომ ქადაგების მოსმენის შემდეგ ძველ ქალაქ კორინთში მრავალმა ირწმუნა ქრისტე, რის შემდეგაც ისინი მოინათლნენ (საქმეები 18:8). შენ ბიბლიის შესწავლამ უნდა შეგძინოს იმის რწმენა, რომ ის ღვთისგან შთაგონებული სიტყვაა. ბიბლიიდან მიღებული ცოდნა დაგეხმარება, გამოავლინო რწმენა ღვთის დაპირებებისა და იესოს გამოსასყიდის მიმართ (იესო ნავეს ძე 23:14; საქმეები 4:12; 2 ტიმოთე 3:16, 17).

ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ სხვებთან საუბარი

8. რამ უნდა აღგძრას იმისკენ, რომ სხვებსაც გაუზიარო ბიბლიიდან ნასწავლი?

8 თანდათანობით, რაც უფრო განგიმტკიცდება რწმენა, მით უფრო მეტად იქნები აღძრული, რომ სხვებსაც გაუზიარო ბიბლიიდან ნასწავლი (იერემია 20:9). სულ უფრო მეტად გექნება იმის სურვილი, რომ სხვებსაც მოუყვე ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:13).

რწმენამ სხვებთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე სასაუბროდ უნდა აღგძრას

9, 10. ა) თავიდან ვისთან შეგიძლია დაიწყო ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება? ბ) რა უნდა გააკეთო, თუ გსურს მონაწილეობა მიიღო იეჰოვას მოწმეთა მიერ ორგანიზებულ სამქადაგებლო საქმიანობაში?

9 სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება თავიდან შეგიძლია დაიწყო ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან და თანამშრომლებთან ტაქტიანი საუბრებით. დროთა განმავლობაში, გექნება სურვილი, მონაწილეობა მიიღო იეჰოვას მოწმეთა მიერ ორგანიზებულ სამქადაგებლო საქმიანობაში. ამის შესახებ დაელაპარაკე მას, ვინც ბიბლიას გასწავლის. თუ შეესაბამები მოთხოვნებს მსახურებისთვის, საჭირო იქნება, რომ შენს მასწავლებელთან ერთად კრების ორ უხუცესს შეხვდე.

10 ეს შეხვედრა შესაძლებლობას მოგცემს, რომ უკეთ გაიცნო ქრისტიანი უხუცესები, რომლებიც ღვთის სამწყსოს მწყემსავენ (საქმეები 20:28; 1 პეტრე 5:2, 3). თუ უხუცესები დაინახავენ, რომ გესმის და გწამს ბიბლიის ძირითადი სწავლებები, ცხოვრობ ღვთის ნორმების შესაბამისად და ნამდვილად გსურს იყო იეჰოვას მოწმე, გეტყვიან, რომ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო სამქადაგებლო მსახურებაში როგორც სასიხარულო ცნობის მოუნათლავმა მაუწყებელმა.

11. რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება სჭირდებოდეს ზოგს მოუნათლავ მაუწყებლად გახდომამდე?

11 მეორე მხრივ, მოუნათლავ მაუწყებლად გახდომამდე შესაძლოა კიდევ გჭირდებოდეს ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, ისეთი ჩვევების მიტოვება, რომელთა შესახებაც სხვებმა არაფერი იციან. ამიტომ, სანამ მოუნათლავ მაუწყებლად გახდომის სურვილს გამოთქვამ, შორს უნდა დაიჭირო თავი ისეთი სერიოზული ცოდვებისგან, როგორიცაა სექსუალური უზნეობა, ლოთობა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9, 10 და გალატელების 5:19—21).

მონანიება და ღვთისკენ მობრუნება

12. რატომაა აუცილებელი მონანიება?

12 მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდე, საჭიროა სხვა ნაბიჯების გადადგმაც. მოციქულმა პეტრემ თქვა: „მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები“ (საქმეები 3:19). მონანიება არის გულწრფელი სინანული ჩადენილი საქციელის გამო. მონანიებას ყველა ადამიანი საჭიროებს და არა მხოლოდ ისინი, ვინც წარსულში უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდვილია და საჭიროებს ღვთისგან მიტევებას (რომაელები 3:23; 5:12). ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე შენ არ იცოდი, რა იყო ღვთის ნება. აქედან გამომდინარე, როგორ შეძლებდი ისე ცხოვრებას, რომ ყოველმხრივ შეგესრულებინა მისი ნება? დიახ, მონანიება აუცილებელია.

13. რას მოიცავს ღვთისკენ მობრუნება?

13 მონანიებას უნდა მოჰყვეს ღვთისკენ მობრუნება. სინანულის გრძნობა საკმარისი არ არის. საჭიროა, უარყო ცხოვრების ძველი წესი და საბოლოოდ გადაწყვიტო, რომ ამიერიდან გააკეთებ იმას, რაც სწორია. მონანიება და ღვთისკენ მობრუნება ის ნაბიჯებია, რომლებიც მონათვლამდე უნდა გადადგა.

საკუთარი თავის მიძღვნა

14. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგა მონათვლამდე?

14 მონათვლამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგა. საჭიროა, თავი მიუძღვნა იეჰოვა ღმერთს.

მიუძღვენი ღმერთს თავი ლოცვაში?

15, 16. რას ნიშნავს ღვთისადმი თავის მიძღვნა და რა აღძრავს ადამიანს ამისკენ?

15 როცა იეჰოვა ღმერთს თავს უძღვნი გულწრფელ ლოცვაში, პირობას აძლევ, რომ მარადიულად მისი ერთგული იქნები (კანონი 6:15). მაგრამ რატომ უნდა სურდეს ადამიანს ასეთი პირობის დადება? მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ, მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ხვდებიან. მამაკაცისთვის მით უფრო მიმზიდველი ხდება ქალი, რაც უფრო უკეთესად ეცნობა მას და რაც უფრო მეტად ამჩნევს მის კარგ თვისებებს, ამიტომ ბუნებრივია, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მას ცოლობას სთხოვს. მართალია, ქორწინება მამაკაცს დამატებით პასუხისმგებლობებს დააკისრებს, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ მას სიყვარული აღძრავს.

16 როცა ეცნობი იეჰოვას, მისდამი სიყვარული აღგძრავს, სულითა და გულით, თავდაუზოგავად ემსახურო მას. ვისაც სურს ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მიმდევარი იყოს, უნდა „უარყოს საკუთარი თავი“ (მარკოზი 8:34). საკუთარ თავს უარვყოფთ, თუ არ დავუშვებთ, რომ პირადმა სურვილებმა და მიზნებმა ხელი შეგვიშალოს ღვთისადმი სრული მორჩილების გამოვლენაში. ასე რომ, ჯერ კიდევ მონათვლამდე, იეჰოვა ღმერთის ნების შესრულება შენთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს ცხოვრებაში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:2).

შიშის დაძლევა

17. რატომ შეიძლება იკავებდეს ზოგი თავს ღვთისადმი თავის მიძღვნისგან?

17 იეჰოვასადმი თავის მიძღვნისგან ბევრი თავს იკავებს, რადგან აშინებთ ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა. მათ შეიძლება იმის შიში აქვთ, რომ, როგორც მიძღვნილ ქრისტიანებს, ღვთის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ იეჰოვას მოლოდინს ვერ გაამართლებენ და მიძღვნისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.

18. რა გაგიღვივებს იეჰოვასადმი მიძღვნის სურვილს?

18 იეჰოვასადმი სიყვარული გაგიღვივებს სურვილს, რომ თავი მიუძღვნა მას და ყოველმხრივ ეცადო მიძღვნის თანახმად ცხოვრებას (ეკლესიასტე 5:4). მიძღვნის შემდეგ, უეჭველია, სურვილი გექნება, „იეჰოვას ღირსად იარო იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნო მას“ (კოლოსელები 1:10). ვინაიდან გიყვარს ღმერთი, ნამდვილად არ იფიქრებ, რომ მისი ნების შესრულება მძიმე ტვირთია. შენ, ალბათ, დაეთანხმები სიტყვებს, რომლებიც მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3).

19. რატომ არ უნდა გეშინოდეს ღვთისადმი თავის მიძღვნის?

19 საჭირო არაა, სრულყოფილი იყო იმისათვის, რომ ღმერთს თავი მიუძღვნა. იეჰოვამ იცის შენი შესაძლებლობები და იმაზე მეტს არასოდეს მოგთხოვს, ვიდრე შეგიძლია (ფსალმუნი 103:14). იეჰოვას სურს, რომ შეძლო მიძღვნის თანახმად ცხოვრება. ამიტომ ის მხარს დაგიჭერს და დაგეხმარება (წაიკითხეთ ესაიას 41:10). დარწმუნებული იყავი, მთელი გულით თუ მიენდობი იეჰოვას, „ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6).

მონათვლა იმის ნიშნად, რომ ღმერთს თავი მიუძღვენი

20. რის გაკეთებაა აუცილებელი ლოცვაში თავის მიძღვნის შემდეგ და რატომ?

20 ზემოთ განხილულ საკითხებზე ფიქრი შეიძლება დაგეხმაროს იმაში, რომ გადადგა სერიოზული ნაბიჯი და ლოცვაში თავი მიუძღვნა იეჰოვას. მაგრამ ყველამ, ვისაც უყვარს ღმერთი, ლოცვაში თავის მიძღვნის შემდეგ ეს სახალხოდ უნდა აღიაროს „გადასარჩენად“ (რომაელები 10:10). რა უნდა გააკეთო ამისათვის?

ნათლობა იმას ასიმბოლოებს, რომ ადამიანი კვდება წარსული ცხოვრებისთვის და ცოცხლდება ღვთის ნების შესასრულებლად

21, 22. როგორ შეგიძლია სახალხოდ აღიარო საკუთარი რწმენა?

21 საჭიროა, შენი კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს შეატყობინო, რომ გსურს მონათვლა. ის ორგანიზებას გაუწევს, რომ უხუცესებმა შენთან განიხილონ ბიბლიის ძირითად სწავლებებთან დაკავშირებული კითხვები. თუ უხუცესები დაინახავენ, რომ შეესაბამები მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს, გეტყვიან, რომ შეგიძლია მოინათლო პირველივე შესაძლებლობისას. * ჩვეულებრივ, ნათლობას წინ უძღვის მოხსენება, რომელშიც ყურადღება მახვილდება ნათლობის მნიშვნელობაზე. შემდეგ მომხსენებელი მონათვლის მსურველებს სთხოვს, უპასუხონ ორ მარტივ კითხვას და ამით სახალხოდ გამოხატონ თავიანთი რწმენა.

22 სწორედ ნათლობა დაანახვებს სხვებს, რომ თავი მიუძღვენი ღმერთს და იეჰოვას მოწმე გახდი. მონათვლისას ადამიანი სრულად იძირება წყალში და ამით სახალხოდ ცხადყოფს, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას.

შენი ნათლობის მნიშვნელობა

23. რას ნიშნავს მონათვლა „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“?

23 იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები უნდა მონათლულიყვნენ „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათე 28:19). ეს ნიშნავს, რომ მონათვლის მსურველი აღიარებს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს ძალაუფლებას (ფსალმუნი 83:18; მათე 28:18). მას ასევე ესმის, თუ რა როლს ასრულებს ღვთის წმინდა სული ანუ მოქმედი ძალა (გალატელები 5:22, 23; 2 პეტრე 1:21).

24, 25. ა) რისი სიმბოლოა ნათლობა? ბ) რა კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი?

24 ნათლობა უბრალოდ რიტუალი როდია. ის მეტად მნიშვნელოვან რამეს ასიმბოლოებს. წყალში ჩაძირვა იმის სიმბოლოა, რომ მოკვდი წარსული ცხოვრებისთვის. წყლიდან ამოსვლა კი ნიშნავს, რომ, ასე ვთქვათ, გაცოცხლდი ღვთის ნების შესასრულებლად. გახსოვდეს, რომ შენ იეჰოვა ღმერთს მიუძღვენი თავი და არა რაიმე საქმეს, მიზანს, რომელიმე ადამიანს ან ორგანიზაციას. მიძღვნა და მონათვლა ღმერთთან შენი მეგობრობის, ახლო ურთიერთობის განვითარების დასაწყისია (ფსალმუნი 25:14).

25 მონათვლა არ გაძლევს გადარჩენის გარანტიას. მოციქულმა პავლემ დაწერა: „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12). მონათვლა მხოლოდ დასაწყისია. ამასთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვა: როგორ შეგიძლია დარჩე ღვთის სიყვარულში? ბოლო თავი სწორედ ამ კითხვაზე გაგვცემს პასუხს.

^ აბზ. 21 ნათლობა რეგულარულად ტარდება იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიურ კონგრესებზე.