არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინდონეზია

იაპონიის უღელქვეშ

იაპონიის უღელქვეშ

1942 წლის დასაწყისში ინდონეზიაში იაპონიის ძლიერი ჯარი შეიჭრა და მართვის სადავეები აიღო ხელში. მრავალ ძმას აიძულებდნენ, ხელით შეესრულებინა ისეთი უმძიმესი სამუშაოები, როგორიც გზებისა და თხრილების გაყვანა იყო. ზოგს ჩაბინძურებულ ბანაკებში გზავნიდნენ და აწამებდნენ იმის გამო, რომ უარს ამბობდნენ ომში მონაწილეობაზე. სულ მცირე, სამი ძმა ციხეში დაიღუპა.

იოჰანა ჰარპი, მისი ორი ქალიშვილი და ოჯახის მეგობარი ბეთ გოდენზი (შუაში)

ომიანობის პირველი ორი წლის განმავლობაში ერთმა ჰოლანდიელმა დამ, იოჰანა ჰარპმა, რომელიც აღმოსავლეთ იავის მთებში ჩაკარგულ ერთ სოფელში ცხოვრობდა, როგორღაც მოახერხა, ხელში არ ჩავარდნოდა სამხედროებს. მან და მისმა სამმა მოზარდმა შვილმა ისარგებლეს თავისუფლებით და დაიწყეს წიგნის „ხსნა“ და „საგუშაგო კოშკის“ ჟურნალების თარგმნა ინგლისურიდან ჰოლანდიურ ენაზე. * ძმები კი ნათარგმნი პუბლიკაციების ასლებს აკეთებდნენ და იავაზე მცხოვრებ მოწმეებს უგზავნიდნენ.

რამდენიმე მოწმე, რომლებიც დაპატიმრებას გადაურჩნენ, პატარ-პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ და დიდი სიფრთხილით განაგრძობდნენ ქადაგებას. „არაფორმალურად ქადაგების დროს ყოველთვის ვფრთხილობდით, — გვიზიარებს ჟოზეფინა ელიასი. — როდესაც დაინტერესებულებთან მივდიოდი, თან ჭადრაკის დაფა მიმქონდა, რათა გარეშეებს ეფიქრათ, რომ ჭადრაკს ვთამაშობდით“. ფელიქს თანი და მისი მეუღლე, ბოლა, კარდაკარ ქადაგების დროს ისე იქცეოდნენ, თითქოს საპნის გამყიდველები იყვნენ. „იაპონიის სამხედრო პოლიციის სასტიკი ჯაშუშები ხშირად გვითვალთვალებდნენ, — გვიამბობს ფელიქსი. — ეჭვი რომ არ აეღოთ, ბიბლიის შემსწავლელებს სხვადასხვა დროს ვაკითხავდით. ექვსმა მათგანმა სულიერად წინ წაიწია და ომის დამთავრებამდე მოინათლა“.

განხეთქილება ჯაკარტაში

ის-ის იყო ძმები ომით გამოწვეულ სიძნელეებს შეეგუვნენ, რომ თავს მორიგი მძიმე განსაცდელი დაატყდათ. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველა უცხოელ მოქალაქეს, მათ შორის ინდონეზიაში მცხოვრებ ჩინელებს, რეგისტრაცია უნდა გაევლო და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აეღო, რომელზეც იაპონიის იმპერიისადმი ერთგულების ფიცის სიტყვები ეწერა. ბევრი ძმა საგონებელში ჩავარდა. მათ აინტერესებდათ, შეიძლებოდა თუ არა რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობის ასაღებად.

ჟოზეფინა ელიასი თავის ძმა ფელიქსთან ერთად

ფელიქს თანი იხსენებს: «ჯაკარტელი ძმები სუკაბუმში მყოფ ძმებს მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა პირადობის მოწმობის აღებაზე. მაგრამ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს ვკითხეთ, შეგვეძლო თუ არა მოწმობის ტექსტი: „ქვემორე ხელისმომწერი დებს ფიცს, რომ უერთგულებს იაპონიის არმიას“, ასე შეგვეცვალა: „ქვემორე ხელისმომწერი არ დაუპირისპირდება იაპონიის არმიას“. ჩვენდა გასაოცრად, ისინი დაგვთანხმდნენ და ყველამ ავიღეთ პირადობის მოწმობები. როდესაც ჯაკარტაში ძმებმა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, განდგომილებად შეგვრაცხეს და ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტეს».

სამწუხაროდ, იმ ძმების უმეტესობა, რომლებიც თავისაზე იდგნენ, დააპატიმრეს და აიძულეს, უარი ეთქვათ რწმენაზე. ერთი ძმა, რომელმაც უარი თქვა მოწმობის აღებაზე, ანდრე ელიასთან მოხვდა ციხეში. „მას რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე ვესაუბრე და დავეხმარე, რომ უფრო გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონოდა, — ამბობს ანდრე. — მან თავმდაბლურად ითხოვა პატიება იმის გამო, რომ ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შემდეგ ჩვენ მხარში ვედექით ერთმანეთს და ვაძლიერებდით. სამწუხაროდ, მან ვერ გაუძლო ციხის უმკაცრეს პირობებს და გარდაიცვალა“.

მერდეკა!

1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, და-ძმებს სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელების წყურვილი კლავდა. ერთმა ძმამ, რომელმაც ციხეში საშინელ წამებას გაუძლო, ავსტრალიის ფილიალს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ოთხი შავბნელი წელიწადის შემდეგ მე დღესაც აქ ვარ, გაუტეხელი და შეუდრეკელი. ჩემი ძმები მძიმე განსაცდელების დროსაც არ დამვიწყებია. შეგიძლიათ, წიგნები გამომიგზავნოთ?“.

ნანატრი ლიტერატურა მალე შევიდა ქვეყანაში, თავიდან მცირე, შემდეგ კი დიდი რაოდენობით. ჯაკარტაში 10-კაციანი ჯგუფი კვლავ შეუდგა პუბლიკაციების თარგმნას ინდონეზიურ ენაზე.

1945 წლის 17 აგვისტოს ინდონეზიის თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერთ-ერთმა მოძრაობამ ინდონეზია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, რასაც ოთხწლიანი რევოლუცია მოჰყვა ნიდერლანდების კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; შვიდ მილიონზე მეტს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

ძმები რევოლუციის პერიოდშიც არ წყვეტდნენ კარდაკარ ქადაგებას. «პატრიოტები გვაიძულებდნენ, მათი სამხედრო ლოზუნგი „მერდეკა!“ გვეყვირა, რაც „თავისუფლებას“ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არ ვერეოდით პოლიტიკაში». 1949 წელს ნიდერლანდების მთავრობამ დაპყრობილ ტერიტორიებზე მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ ძალაუფლება ინდონეზიის შეერთებულ შტატებს (ამჟამად ინდონეზიის რესპუბლიკა) გადასცა. *

1950 წლამდე, თითქმის ათი წლის მანძილზე, როდესაც ქვეყანაში კონფლიქტი მძვინვარებდა, ძმებს მძიმე განსაცდელების ატანა უწევდათ. ახლა მათ წინ უზარმაზარი საქმე ელოდათ. როგორ იქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მილიონებს ითვლიდა? ადამიანური თვალით ამის გაკეთება შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ძმები ძლიერ რწმენას ავლენდნენ და განაგრძობდნენ ქადაგებას. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა გამოგზავნიდა მუშებს თავის სამკალში (მათ. 9:38). იეჰოვა ასეც მოიქცა!

^ აბზ. 2 და ჰარპის უმცროსმა ქალიშვილმა, ჰერმინე მიმიმ, ომის დამთავრების შემდეგ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ დაამთავრა, რის შემდეგაც ინდონეზიაში განაგრძო მისიონერად მსახურება.

^ აბზ. 3 დასავლეთი პაპუა (მოგვიანებით დასავლეთი ახალი გვინეა) 1962 წლამდე ნიდერლანდის მმართველობის ქვეშ იყო.