არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

 იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან; ამის მიზეზი მათი მრწამსია, რომელსაც საფუძვლად ბიბლიური სწავლებები უდევს. ჩვენ არ ვცდილობთ გავლენის მოხდენას ხელისუფლების წარმომადგენლებზე ან პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას, არ ვაძლევთ ხმას პოლიტიკურ პარტიებს თუ მათ კანდიდატებს და არც ანტისამთავრობო აქციებში ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ბიბლია ამგვარი პოზიციისთვის არაერთ საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს:

  •   ჩვენ მივყვებით იესოს მაგალითს, რომელმაც უარი თქვა ქვეყნიერებაში მაღალ თანამდებობაზე (იოანე 6:15). ის თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ არ ყოფილიყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ და პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურები დარჩენილიყვნენ (იოანე 17:14, 16; 18:36; მარკოზი 12:13—17).

  •   ჩვენ ღვთის სამეფოს ერთგულები ვართ. ამ სამეფოს შესახებ საუბრის დროს იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14). როგორც ღვთის სამეფოს წარმომადგენლები, ჩვენ ვქადაგებთ მისი მოსვლის შესახებ და არ ვერევით არც ერთი ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც პოლიტიკურად ნეიტრალურები ვრჩებით (2 კორინთელები 5:20; ეფესოელები 6:20).

  •   ნეიტრალური პოზიცია საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანთან თავისუფლად ვილაპარაკოთ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე. ჩვენი სიტყვითა და საქმით ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ვენდობით ღვთის სამეფოს, რომელიც მოაგვარებს ყველა პრობლემას (ფსალმუნი 56:11).

  •   რადგანაც არ ვერევით პოლიტიკაში, ჩვენი საერთაშორისო საძმოს ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება (კოლოსელები 3:14; 1 პეტრე 2:17). ამის საპირისპიროდ, რელიგიები, რომლებიც ერევიან პოლიტიკაში, ხელს უწყობენ თავიანთი მრევლის დაყოფას (1 კორინთელები 1:10).

 ხელისუფლებისადმი პატივისცემა. მართალია, არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ პატივს ვცემთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან ბიბლია მოგვიწოდებს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“ (რომაელები 13:1). ჩვენ ვართ კანონმორჩილები, ვიხდით გადასახადებს და მხარს ვუჭერთ ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობის შეცვლას ვეცადოთ, ჩვენ მივყვებით ბიბლიურ რჩევას და ვლოცულობთ „მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი გადაწყვეტილებების შედეგად შესაძლოა შეიზღუდოს ჩვენი თაყვანისცემის თავისუფლება (1 ტიმოთე 2:1, 2).

 ჩვენ აგრეთვე პატივს ვცემთ სხვა ადამიანების უფლებას, თავად გადაწყვიტონ, ჩაერევიან თუ არა პოლიტიკაში. მაგალითად, არც არჩევნების ჩატარებას ვუშლით ხელს და არც ამომრჩევლებს ხმის მიცემაში.

 სიახლეს წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი? არა. მოციქულებსა და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანებს მსგავსი პოზიცია ეკავათ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ერთ წიგნში ვკითხულობთ: „მართალია, პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ პატივი უნდა ეცათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ისიც კარგად ესმოდათ, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩარეულიყვნენ“ (Beyond Good Intentions). მსგავსი აზრი წერია სხვა წიგნშიც, რომლის თანახმადაც, პირველი საუკუნის ქრისტიანები „არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს“ (On the Road to Civilization).

 საშიშროებას ხომ არ უქმნის ჩვენი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ეროვნულ უსაფრთხოებას? არა. ჩვენ მშვიდობისმოყვარე მოქალაქეები ვართ და არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2001 წლის ანგარიშში ჩვენი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ აღნიშნული იყო: „დღეს ზოგს შეიძლება არ მოსწონს იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიცია; სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ნაცისტებისა და კომუნისტების მიერ იდევნებოდნენ“. საბჭოთა რეპრესიების დროსაც კი მოწმეები „კანონმორჩილები რჩებოდნენ. ისინი პატიოსნად შრომობდნენ; ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას, მუშაობდნენ ფაბრიკა-ქარხნებში და არანაირ საფრთხეს არ უქმნიდნენ კომუნისტურ რეჟიმს“. დღესაც იეჰოვას მოწმეები თავიანთი საქმიანობით, როგორც ზემოხსენებული ანგარიშის დასკვნაშია ნათქვამი, „არც ერთი სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებასა თუ ერთიანობას არ არღვევენ“.