არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

კოლოსელების 3:23 — „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ“

კოლოსელების 3:23 — „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ“

 „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, თითქოს იეჰოვასთვის აკეთებდეთ და არა ადამიანებისთვის“ (კოლოსელები 3:23; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის“ (კოლოსელები 3:23; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ქრისტიანები უნდა ცდილობდნენ, იყვნენ შრომისმოყვარენი, რადგან საქმისადმი მათი დამოკიდებულება პირდაპირ აისახება ღვთისადმი თაყვანისცემაზე.

 „რასაც არ უნდა აკეთებდეთ“. ვისაც სურს, იეჰოვას სცეს თაყვანი, ცდილობს, ცხოვრების ყველა სფეროში გაითვალისწინოს ბიბლიური პრინციპები. სახლში, სკოლასა თუ სამსახურში, ისინი ცდილობენ, იყვნენ შრომისმოყვარენი, პატიოსნები და სანდოები (იგავები 11:13; რომაელები 12:11; ებრაელები 13:18).

 „სულითა და გულით აკეთეთ“. გამოთქმა „გულით აკეთეთ“ ბერძნულიდან ითარგმნა და „აღწერს ისეთ ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, მთელი თავისი ენერგია გამოიყენოს ღვთის ნების შესასრულებლად“. a

 ასეთი ადამიანი თავის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს რაიმე საქმის შესრულების დროს. ზოგიერთ თარგმანში ფრაზა „გულით აკეთეთ“ ასეა გადმოტანილი: „გულითადად იქმოდეთ“ ( კოლოსელები 3:23; „მცხეთური ხელნაწერი“).

 „იეჰოვასთვის აკეთებდეთ და არა ადამიანებისთვის“. რასაც არ უნდა აკეთებდნენ ქრისტიანები, ყველაფერს სერიოზულობით ეკიდებიან, რადგან ესმით, რომ ეს ღმერთთან მათ ურთიერთობაზე აისახება. მათთვის დამსაქმებლის ან სხვა რომელიმე ადამიანის თვალსაზრისზე მნიშვნელოვანი ღვთის შეხედულებაა. როცა ქრისტიანი გულმოდგინედ ასრულებს თავის სამუშაოს და, ამავე დროს, დადებით განწყობას ინარჩუნებს, ის კარგ რეპუტაციას უქმნის ხალხს როგორც თავის თავზე, ისე ღმერთზე, რომელსაც თაყვანს სცემს. ამ გაგებით ქრისტიანი ყველაფერს აკეთებს, „რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და არ იბღალებოდეს“ (1 ტიმოთე 6:1; კოლოსელები 3:22).

კონტექსტი

 მოციქულმა პავლემ ეს წერილი უძველეს ქალაქ კოლოსეში b მცხოვრებ ქრისტიანებს, სავარაუდოდ, ახ. წ. 60-61 წლებში, რომში პირველი პატიმრობის დროს, მისწერა.

 კოლოსელების მიმართ მიწერილ წერილში მოცემული რჩევები ეხმარება ნებისმიერი წარსულისა თუ წარმომავლობის მქონე ადამიანს, სხვებთან ერთად გაერთიანებულად სცეს ღმერთს თაყვანი (კოლოსელები 3:11). ეს წერილი მოუწოდებს მათ, გამოავლინონ ღვთისმოსაწონი თვისებები, როგორებიცაა სიყვარული, სიკეთე და გულმოწყალება (კოლოსელები 3:12—14). მასში აგრეთვე ახსნილია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ღვთის თაყვანისმცემლებმა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში (კოლოსელები 3:18—4:1).

 სხვა თარგმანები

 „ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის“ (საქართველოს ბიბლიური საზოგადოება).

 „და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა“ („მცხეთური ხელნაწერი“).

 „და რასა-იგი იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა“ („ადიშის ოთხთავი“).

 „ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით. როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით კოლოსელებისთვის მიწერილ წერილზე.

a წყარო: „ახალი აღთქმის“ ეგზეტიკა, 1993, ტ. 3, გვ. 502.

b ეს ქალაქი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.