არჩეულ მასალაზე გადასვლა

მიჰბაძეთ მათ რწმენას | იონათანი

„შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“

„შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“

ბრძოლა დასრულდა და ელაჰის ველი მდუმარებამ მოიცვა. შუადღის ნიავი ნაზად არხევს დაბანაკებულთა კარვებს. მეფე საული თავის მებრძოლთა შორის ჩამდგარა; მასთანვეა მისი უფროსი ვაჟი, იონათანიც. ახალგაზრდა მწყემსი აღფრთოვანებით ჰყვება თავის ამბავს. ეს ემოციებით აღსავსე მწყემსი დავითია. მეფე გულისყურით უსმენს დავითს და მის ყოველ სიტყვას ყურადღებით აკვირდება. რა აზრები უტრიალებს ამ დროს იონათანს თავში? მას არაერთხელ მოუპოვებია გამარჯვება. ის ხომ მრავალი წელია, იეჰოვას მებრძოლთა რიგებშია. მაგრამ დღევანდელი გამარჯვება იონათანს არ ეკუთვნის. დღეს ახალგაზრდა მწყემსია გმირი. დავითმა ხომ უზარმაზარი გოლიათი დასცა! შურმა ხომ არ გაიღვიძა იონათანში, მის ნაცვლად დავითი რომ განდიდდა?

იონათანის რეაქცია ალბათ ბევრს გააოცებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაამთავრა მან საულთან საუბარი; შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“. მან დავითს საკუთარი საბრძოლო აღჭურვილობა გადასცა, მათ შორის, მშვილდიც; ეს განსაკუთრებულ საჩუქარს წარმოადგენდა დავითისთვის, რადგან იონათანი განთქმული მშვილდოსანი იყო. უფრო მეტიც, მათ შეჰფიცეს ანუ აღთქმა დაუდეს ერთმანეთს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთგული მეგობრები იქნებოდნენ და გასაჭირში არ მიატოვებდნენ ერთმანეთს (1 სამუელი 18:1—5).

ასე ჩაეყარა საფუძველი ბიბლიაში ჩაწერილ ერთ-ერთ უნიკალურ და საუცხოო მეგობრობას. ღვთის მსახურთათვის მეგობრობა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. თუ გონივრულად ავირჩევთ მეგობრებს და ჩვენც ვიქნებით სხვებისთვის ერთგულები, ნებისმიერ გასაჭირს ადვილად გადავიტანთ (იგავები 27:17). მოდი ვნახოთ, რა მაგალითს გვაძლევს იონათანი ამ საკითხში.

მეგობრობის საძირკველი

ასე სწრაფად როგორ ჩამოყალიბდა ასეთი საუცხოო მეგობრობა ორ ადამიანს შორის? გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, თუ რა ედო ამ ურთიერთობას საფუძვლად. მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ. იონათანი საკმაოდ რთულ პერიოდში ცხოვრობდა. მამამისი, მეფე საული, წლების განმავლობაში თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა უარესისკენ. ოდესღაც თავმდაბალი და მორჩილი საული, ყველას თვალწინ კადნიერ და ჯიუტ მეფედ გადაიქცა (1 სამუელი 15:17—19, 26).

მამის ამგვარი გარდასახვა იონათანისთვის ალბათ ძნელი ასატანი იქნებოდა; მამა-შვილს ხომ განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან?! (1 სამუელი 20:2). ალბათ იონათანი ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებდა მამის უვარგისი ცხოვრება იეჰოვას რჩეულ ერზე. ხომ არ ჩამოაშორებდა ის ხალხს იეჰოვას? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ადვილი ამ ყველაფრის ყურება იონათანისთვის — უდიდესი რწმენის მქონე კაცისთვის.

ამის ფონზე ადვილი გასაგებია, თუ რატომ მოხიბლა იონათანი დავითთან ურთიერთობამ. მან დავითში საუცხოო რწმენა დაინახა. გახსოვთ, საულის მეომრებისგან განსხვავებით, რა ამაყად და უშიშრად წარდგა დავითი უშველებელი გოლიათის წინაშე? დავითი იეჰოვას სახელით გავიდა გოლიათთან საბრძოლველად და სწორედ ამან გაამარჯვებინა კბილებამდე შეიარაღებულ ამ უზარმაზარ მებრძოლზე (1 სამუელი 17:45—47).

წლების წინ იონათანიც მსგავსი რეალობის წინაშე დადგა. ის დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ორნი — ის და მისი საჭურველთმტვირთველი — შეძლებდნენ შეიარაღებული მტრის ბანაკზე თავდასხმას და მათ დამარცხებას. რატომ იყო ამაში ასე დარწმუნებული? პასუხი მისივე სიტყვებში ჩანს: „ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას“ (1 სამუელი 14:6). ასე რომ, დავითსა და იონათანს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: დიდი რწმენა და იეჰოვას ძლიერი სიყვარული. ეს იდეალური საძირკველი იყო მათი მეგობრობისთვის. იონათანი დაახლოებით 50 წლის ძლიერი მებრძოლი იყო; ამასთან, ის ტახტის მემკიდრეც გახლდათ. დავითი კი 20 წლამდე ასაკის უბრალო მწყემსი იყო; მაგრამ განსხვავებული ასაკი და მდგომარეობა სულაც არ ქმნიდა ბარიერს მათ ურთიერთობაში. *

დადებული ფიცი იცავდა მათ მეგობრობას. როგორ და რა სახით? როგორც ვიცით, დავითმა წინასწარ იცოდა, რომ იეჰოვას მისი გამეფება ჰქონდა გადაწყვეტილი. დაუმალა მან ეს ამბავი იონათანს? არა. კარგი მეგობრობა გახსნილ და გულღია ურთიერთობებზე დგას და არა ათას საიდუმლოსა და ტყუილზე. როგორ იმოქმედებდა ეს ამბავი იონათანზე? მთელი ცხოვრება იმაზე ხომ არ ოცნებობდა, როდის გახდებოდა მეფე, რომ გამოესწორებინა მამამისის შეცდომები. არანაირი მინიშნება არ არის ბიბლიაში იმაზე, რომ იონათანს მსგავსი შინაგანი ბრძოლა ჰქონოდა საკუთარ თავთან. ბიბლიაში მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა საუბარი, რაც ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში — ბიბლია იონათანის უდიდეს ერთგულებასა და რწმენაზე საუბრობს. მას არ უჭირდა იმის დანახვა, რომ დავითზე იეჰოვას სული მოქმედებდა (1 სამუელი 16:1, 11—13). ასე და ამგვარად, იონათანმა შეძლო და დაიცვა ის ფიცი, რაც დავითთან ჰქონდა დადებული და მასში მტერს და მეტოქეს კი არა, მეგობარს ხედავდა. იონათანს უნდოდა საკუთარი თვალით ენახა, როგორ შესრულდებოდა ღვთის ნება.

იონათანი და დავითი გამოირჩეოდნენ ღვთისადმი ერთგულებითა და რწმენით.

საბოლოოდ მათი ასეთი მეგობრობა უდიდეს კურთხევად იქცა. რას ვსწავლობთ იონათანისგან, როგორც უდიდესი რწმენის მქონე კაცისგან? კარგი იქნება, თუ ღვთის ყველა მსახური დავუფიქრდებით, რაოდენ ძვირფასია მეგობრული ურთიერთობები. მეგობრობაში გადამწყვეტი ასაკი და წარმომავლობა კი არა, ნამდვილი, ჭეშმარიტი რწმენაა. იონათანმა და დავითმა არაერთხელ გააძლიერეს და გაამხნევეს ერთმანეთი. ეს ის იყო, რაც წყალივით სჭირდებოდა ორივეს, რადგან მათ მეგობრობას უდიდესი გამოცდები ელოდა.

ვისი ერთგულება არჩია?

იყო დრო, როცა საულს ძალიან უყვარდა დავითი; მას თავისი არმიაც კი ჩააბარა. მაგრამ გავიდა ხანი და საული შეიცვალა — შურმა მთლიანად დაბინდა მისი გონება. იონათანს კი ოდნავადაც არ შეჰპარვია შური გულში. დრო გადიოდა და დავითი გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა ისრაელის მტრებთან, ფილისტიმელებთან. ასე ნელ-ნელა მოიპოვა დავითმა პატივი და დიდება. ისრაელში ზოგი ქალი ასეც კი მღეროდა: „საულმა ათასი მოკლა, დავითმა ათი ათასიო“. ეს უკვე აღარ მოსწონდა საულს. მე-9 მუხლში წერია: „საული ეჭვის თვალით უყურებდა დავითს“ (1 სამუელი 18:7, 9) მას შეეშინდა, დავითს მეფობა არ წაერთმია. რა უგუნური იყო საული ამ დროს! დავითმა კი იცოდა, რომ მეფის ტახტზე საულის შემდგომ თვითონ ავიდოდა, მაგრამ გულშიც კი არ გაუვლია, რომ იეჰოვას ცხებულისთვის თვითნებურად ჩამოერთმია მეფობა.

საულის მუხანათური ჩანაფიქრი იყო, რომ დავითი ბრძოლაში მოეკლათ მტრებს. მაგრამ ამაოდ. დავითი ბრძოლას ბრძოლაზე იგებდა და ხალხის თვალშიც დღითი დღე უფრო იხვეჭდა სახელს. საულის მორიგი ხრიკი მდგომარეობდა იმაში, რომ მთელი თავისი სახლეულობის დარაზმვა გადაწყვიტა დავითის წინააღმდეგ, მათ შორის თავისი უფროსი ვაჟისაც. წარმოიდგინეთ, რა ძნელი საყურებელი იქნებოდა იონათანისთვის მამამისის ასეთი უვარგისი საქციელი! (1 სამუელი 18:25—30; 19:1) იონათანი მარტო მამის ერთგული კი არა, თავისი ახალგაზრდა მეგობრის ერთგულიც იყო. სწორედ ეს ორი ერთგულება აღმოჩნდა სასწორზე. რომელი გადაწონიდა?

იონათანმა მამამისს უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენ წინაშე, სულ კარგს გიკეთებდა. საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და მოკლა ფილისტიმელი, რითაც იეჰოვამ დიდებულად იხსნა მთელი ისრაელი. დაინახე შენ ეს და ხარობდი. რატომ უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და არაფრის გულისთვის მოკლა დავითი?“. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა საულმა გონიერებას მოუხმო და მოუსმინა იონათანს; უფრო მეტიც, მან ფიციც კი დადო, რომ არაფერს დაუშავებდა დავითს. მაგრამ საული არ იყო სიტყვის კაცი. დავითის მორიგმა წარმატებებმა ისე აღავსო ის შურით, რომ შუბი ესროლა, რომ მოეკლა (1 სამუელი 19:4—6, 9, 10). თუმცა დავითმა აიცდინა ნასროლი შუბი, მიატოვა სამეფო კარი და გაიქცა.

ყოფილხართ თქვენც ისეთ რთულ ვითარებაში, რომ ან ერთი მხარისთვის უნდა დაგემტკიცებინათ ერთგულება ან მეორესთვის. ასეთ დროს მავანი და მავანი ალბათ გირჩევთ, რომ ოჯახზე წინ არაფერი დააყენოთ. მაგრამ იონათანმა იცოდა, რომ იმ მომენტში არასწორი იქნებოდა, თუ ოჯახს მიემხრობოდა. როგორ დაუჭერდა მხარს მამას, როცა იცოდა, რომ დავითი იეჰოვას მორჩილი და ერთგული მსახური იყო?! იონათანის გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე ღვთის ერთგულება მართავდა. სწორედ ამიტომ გახდა ის დავითის ხმალამოღებული დამცველი. მართალია, ღვთის ერთგულება მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა, მაგრამ მან მამასაც დაუმტკიცა ერთგულება — ის ყურის მაამებელი მრჩეველი კი არ იყო, პირიქით, გულწფრელად უთხრა სათქმელი. ყველას, თითოეულ ჩვენგანს გვმართებს მივბაძოთ იონათანს ერთგულებაში.

ერთგულების საფასური

იონათანმა კიდევ ერთხელ სცადა საულისა და დავითის შერიგება, მაგრამ ამჯერად მისი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. დავითი მალულად მივიდა იონათანთან და უთხრა, რომ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. „ერთი ნაბიჯი მაშორებს სიკვდილს“, — გამოუტყდა ის თავის უფროს მეგობარს. იონათანი შეუთანხმდა დავითს, რომ ზუსტად დაადგენდა, რას ფიქრობდა მამამისი მასზე და შეატყობინებდა, სურდა თუ არა საულს მშვიდობის აღდგენა. შეთანხმდნენ, რომ იონათანი ნიშანს მისცემდა დავითს და ნიშნად ისრებს სტყორცნიდა მისკენ. იონათანმა მხოლოდ ის სთხოვა დავითს, რომ არ დაერღვია დადებული ფიცი; მან უთხრა: „არასდროს მოაკლებ შენს სიკეთეს ჩემს სახლეულობას, მაშინაც კი, როცა იეჰოვა დავითის ყველა მტერს მოსპობს მიწის პირიდან“. დავითმა თანხმობა განუცხადა პირობაზე, რომ ყოველთვის იზრუნებდა მის სახლეულობაზე (1 სამუელი 20:3, 13—27).

იონათანს უნდოდა, რომ კარგი ელაპარაკა საულთან დავითზე, მაგრამ მეფე ამან მწყობრიდან გამოიყვანა. საულმა საკუთარ ვაჟს ურჩი მოახლის შვილი უწოდა და მისი ერთგულება დავითის მიმართ საზიანო და სამარცხვინო ფაქტად შერაცხა. მეფე შეეცადა, იონათანში ამბიცია გაეღვიძებინა და უთხრა: „სანამ ცოცხალია იესეს ვაჟი ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა!“ და მაინც, იონათანი კიდევ ერთხელ შეეხვეწა მამას: „რატომ უნდა მოკვდეს? რა დააშავა?“ ეს უკვე ნამეტანი იყო. საული აფეთქდა. მართალია, ის ასაკში იყო, მაგრამ ჯერ ისევ ერჩოდა ჯანი, ის კვლავ ძლიერი მეომარი იყო. დაავლო ხელი შუბს და საკუთარ ვაჟს ესროლა. უცნაურია, მაგრამ ამჯერადაც ააცილა. შეურაცხყოფილი და გულნატკენი იონათანი გამწარებული გაეცალა იქაურობას (1 სამუელი 20:24—34).

იონათანმა წარმატებით ჩააბარა ერთგულების გამოცდა.

დილით იონათანი იმ ველისკენ გაეშურა, რომლის სიახლოვესაც დავითი იმალებოდა. მან შეთანხმების ნიშნად ისრები გასტყორცნა და ასეთი სახით დავითს მიახვედრა, რომ საული კვლავ დაეძებდა მის სულს. ამის შემდეგ იონათანმა თავისი მსახური ქალაქში გაგზავნა და ის და დავითი მარტონი დარჩნენ. მეგობრებს საუბრის იდეალური შანსი მიეცათ. ბოლოს ორივენი ატირდნენ და დანაღვლიანებულები დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ამ დღიდან დაიწყო დავითის ახალი ცხოვრება, როგორც დევნილის (1 სამუელი 20:35—42).

იონათანმა ერთგულების გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ყველა ერთგულის მტერს, სატანას, უდავოდ ენდომებოდა, რომ იონათანიც მამის კვალს გაჰყოლოდა, გზა მიეცა ამბიციებისთვის და ყველაფერი ეღონა დიდებისა და ძალაუფლების მოსახვეჭად. კარგად ვიცით, რომ სატანას უზომოდ სიამოვნებს, როცა ადამიანში ეგოისტურ მიდრეკილებებს აღვივებს. მას ეს მშვენივრად გამოუვიდა ჩვენი პირველი მშობლების, ადამისა და ევას შემთხვევაში (დაბადება 3:1—6). მაგრამ იონათანთან ვერაფერს გახდა. შეძლებთ, რომ მიჰბაძოთ იონათანს? დღეს ხომ ეგოიზმი მეფობს ირგვლივ (2 ტიმოთე 3:1—5). მოდი, მივბაძოთ იონათანს და ვიყოთ ბოლომდე ერთგულები!

იონათანმა ნიშანი მისცა თავის ახალგაზრდა მეგობარს, რომ თავი დაეცვა საფრთხისგან

„ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის“

დროთა განმავლობაში საულმა უფრო მეტად შეიძულა დავითი. იონათანი ხელფეხშეკრული იყო — მას არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო; არადა მამამისის საქციელი დღითი დღე უფრო უკონტროლო ხდებოდა; მეფე იმდონეზე დავიდა, რომ ურიცხვი არმიაც კი შეკრიბა და მთელ ისრაელში დაეძებდა ამ ერთ უდანაშაულო კაცს (1 სამუელი 24:1, 2, 12—15; 26:20). იონათანიც დაჰყვებოდა მამამისს? წმინდა წერილები არცერთხელ არ მოიხსენიებს იონათანს მოთარეშეთა რაზმში. მისთვის ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო — ის აფასებდა იეჰოვასა და დავითის ერთგულებას და ვაჟკაცურად იცავდა დადებულ ფიცს.

მისი გრძნობა და შეხედულება არასდროს შეცვლილა თავისი ახალგაზრდა მეგობრის მიმართ. გავიდა დრო, და მან კვლავ გამონახა გზები დავითთან შესახვედრად. ისინი ხორეშში შეხვდნენ ერთმანეთს; ხორეში სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტყიან ადგილს“. ეს ადგილი უდაბურ, მთიან რეგიონში მდებარეობდა, ხებრონის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრში. რატომ გარისკა იონათანმა და რატომ ჩაიგდო თავი საფრთხეში ამ ერთი უსარგებლო ლტოლვილის გამო? ბიბლიაში წერია, რომ მისი მოტივი იყო, განემტკიცებინა თავისი მეგობარი ღვთის სახელით (1 სამუელი 23:16). საინტერესოა, როგორ გაამხნევებდა ის დავითს?

„ნუ გეშინია“, — უთხრა მან თავის მეგობარს, — „ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი“. იონათანს წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ იეჰოვა განახორციელებდა თავის განზრახვას. მან განაგრძო: „შენ გახდები ისრაელის მეფე“. ეს სიტყვები წლების წინ ათქმევინა იეჰოვამ წინასწარმეტყველ სამუელს და ახლა იონათანი ახსენებს დავითს, რომ იეჰოვას სიტყვა ჭეშმარიტია და ყოველთვის სრულდება. თავის მომავალს როგორღა ხედავდა იონათანი? „მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“. აი, თავმდაბლობაც ამას ჰქვია! სიამოვნებით ჯერდებოდა იმას, რომ თავისზე 30 წლით უმცროსის ბრძანებები შეესრულებინა და მისი მარჯვენა ხელი ყოფილიყო. ბოლოს იონათანმა ასეთი რამ უთხრა დავითს: „მამაჩემმა საულმაც იცის ეს“ (1 სამუელი 23:17, 18). დიახ, გულის სიღრმეში საულმაც იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა იმ კაცთან, რომელიც თავად იეჰოვამ აირჩია მომავალ მეფედ.

იონათანმა საჭირო დროს გაამხნევა დავითი

ალბათ წლების შემდეგ დავითი ძალიან ტკბილად გაიხსენებდა ამ შეხვედრას. ფაქტობრივად, მათ ამის შემდეგ ერთმანეთი აღარც უნახავთ და იონათანის ოცნება ოცნებად დარჩა — ის ვერ გახდა დავითის შემდეგ მეორე კაცი ისრაელში.

ცოტა ხანში იონათანი მამამისს გაჰყვა ფილისტიმელებთან ბრძოლაში. იმ პერიოდში ფილისტიმელები ისრაელების დაუძინებელი მტრები იყვნენ. მას შეეძლო სუფთა სინდისით ებრძოლა საულის გვერდით, რადგან მამის შეცდომებმა ვერ გადაახვევინა სწორი გზიდან — ის მუდამ ღვთის ერთგული იყო. ის, როგორც ყოველთვის, ვაჟკაცურად იბრძოდა, მაგრამ ისრაელს ამ ბრძოლაში ცუდად წაუვიდა საქმე. საული იქამდე დაეცა, რომ სპირიტიზმშიც კი გაისვარა ხელი; ამ დანაშაულისთვის კი ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა იმ დროს ღვთის კანონით. ასე რომ, საულმა იეჰოვას კურთხევა დაკარგა. მისი სამივე ვაჟი, იონათანის ჩათვლით, ბრძოლის ველზე დაეცა. დაჭრილმა მეფემ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (1 სამუელი 28:6—14; 31:2—6).

„შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“ (1 სამუელი 23:17)

დავითს თავზარი დასცა ამ ამბავმა. ამ დიდსულოვან კაცს საულზეც კი დასწყდა გული მიუხედავად იმისა, რომ მის გამო ამდენი ტანჯვა და გასაჭირი გადაიტანა. დავითმა სამგლოვიარო სიმღერაც კი დაწერა საულსა და იონათანზე. თუმცა ალბათ, ყველაზე სულის შემძვრელი სიტყვები მან მაინც თავისი ერთგული მრჩევლისა და მეგობრის მისამართით წარმოთქვა: „ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან, ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის! ჩემდამი შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო“ (2 სამუელი 1:26).

დავითს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა იონათანისთვის მიცემული პირობა. წლების შემდეგ მან მოძებნა იონათანის ხეიბარი ვაჟი მეფიბოშეთი და იზრუნა მასზე (2 სამუელი 9:1—13). დავითმა იონათანისგან ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის ის, თუ რამხელა ფასი აქვს ადამიანის ერთგულებას და ღირსებას მაშინაც კი, როცა ასეთი ერთგულება ძვირად გვიჯდება. ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან რამე? შევძლებთ ვიპოვოთ იონათანისნაირი მეგობრები? ვიქნებით მათთის ისეთივე ერთგულები, როგორიც იონათანი იყო დავითისთვის? თუ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს, გაიძლიერონ იეჰოვასადმი რწმენა, თუ ღვთისადმი ერთგულებას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დავაყენებთ და თუ საკუთარ გეგმებს და მისწრაფებებს არ დავემონებით, ვიქნებით იონათანისნაირი მეგობრები და მივბაძავთ მას რწმენაში.

^ აბზ. 7 იონათანი ბიბლიაში პირველად საულის მეფობის დასაწყისშია მოხსენიებული. ის მაშინ რაზმის მეთაური იყო და იმ პერიოდში დაახლოებით ოცი წლის უნდა ყოფილიყო (რიცხვები 1:3; 1 სამუელი 13:2). საული 40 წელი მეფობდა. აქედან გამომდინარე, მისი სიკვდილის დროს იონათანი 60 წლის უნდა ყოფილიყო. დავითი 30 წლის იყო, როცა საული მოკვდა (1 სამუელი 31:2; 2 სამუელი 5:4). გამოდის რომ, დავითი 30 წლით უმცროსი იყო იონათანზე.