არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

მართლა ამზადებენ ჭიანჭველები ზაფხულში საკვებს და იმარაგებენ საზრდოს მკის დროს?

იგავების 6:6—8-ში წერია: „წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, ზაფხულში იმზადებს საკვებს და მკის დროს აგროვებს საზრდოს“.

ჭიანჭველების ზოგიერთი სახეობა მართლაც აგროვებს საკვებს. როგორც ჩანს, სოლომონი საუბრობდა მეალოე ჭიანჭველაზე (Messor semirufus), რომელიც ისრაელში დღეს ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

ერთი წყაროს თანახმად „მეალოე ჭიანჭველები საკვების საძებნელად ბუდეებიდან კარგ ამინდში გამოდიან . . . [და] წელიწადის თბილ თვეებში აგროვებენ მარცვლეულსა და თესლებს“. მათ თესლი შეიძლება პირდაპირ მცენარეებიდან შეაგროვონ ან მიწაზე დაყრილი მოაგროვონ. ეს მწერები თავიანთ მიწისქვეშა ბუდეებს ყანების, ბეღლებისა და კალოების ახლომახლო აგებენ, სადაც მარცვლეული უხვადაა.

ეს ჭიანჭველები საზრდოს აგროვებენ ბუდეში გაკეთებულ ერთმანეთთან დერეფნებით დაკავშირებულ დაბალ დარბაზებში. მათი „ბეღლების“ დიამეტრი შეიძლება 12 სანტიმეტრს აღწევდეს, სიმაღლე კი — 1 სანტიმეტრს. კარგად მომარაგებული მეალოვე ჭიანჭველების კოლონიებზე ნათქვამია, რომ მათ შეუძლიათ „ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოვიდნენ თავიანთი ბუდიდან საკვების ან წყლის საშოვნელად“.

რა შედიოდა მეფის მერიქიფის მოვალეობაში?

ნეემია სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს მერიქიფე იყო (ნეემია 1:11). ძველად ახლო აღმოსავლეთში მეფის მერიქიფეობა საკმაოდ საპატიო საქმე იყო. მერიქიფე მაღალი თანამდებობის პირად ითვლებოდა. უამრავი უძველესი რელიეფური მასალიდან, რომლებზეც მერიქიფეები არიან გამოსახული, და კლასიკური ლიტერატურიდან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედიოდა ნეემიას მოვალეობაში სპარსეთის სამეფო კარზე მსახურებისას.

მერიქიფეს, სანამ მეფეს მიაწვდიდა ღვინოს, ჯერ თავად უნდა გაესინჯა, რათა მეფე არ მოეწამლათ. ასე რომ, ის მეფის სრული ნდობით სარგებლობდა. მეცნიერი ედვინ იამაუჩი ამბობს: „ვინაიდან აქემენიდების [სპარსეთის] სამეფო კარზე ხშირი იყო შეთქმულებები, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ სამეფო კარის მოხელეები სანდო ადამიანები ყოფილიყვნენ“. როგორც ჩანს, მერიქიფე მეფესთან დაახლოებული პირიც იყო და მას მეფეზე საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენაც შეეძლო. მას ყოველდღიურად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მეფესთან, რის გამოც, შესაძლოა, სწორედ ის წყვეტდა, ვის შეხვდებოდა მეფე და ვის — არა.

რადგან ნეემიას ასეთი თანამდებობა ეკავა, ალბათ, მეფემ ამიტომაც მისცა ნება, დაბრუნებულიყო იერუსალიმში და მისი გალავანი აღედგინა. უდავოა, რომ მეფე დიდად აფასებდა ნეემიას. როგორც ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონშია (The Anchor Bible Dictionary) ნათქვამი, ერთადერთი, რაც მეფეს აღელვებდა ის იყო, თუ როდის დაბრუნდებოდა უკან ნეემია (ნეემია 2:1—6).

[დიაგრამა⁄სურათი 9 გვერდზე]

სპარსული სასახლის რელიეფური გამოსახულება (პერსეპოლისი)

[დიაგრამა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მერიქიფე

უფლისწული ქსერქსე

დარიოს დიდი

[საავტორო უფლება]

© The Bridgeman Art Library International