არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰქონდა ღმერთს საწყისი?

ჰქონდა ღმერთს საწყისი?

მკითხველები გვეკითხებიან

ჰქონდა ღმერთს საწყისი?

▪ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს არ ჰქონია საწყისი. ის ყოველთვის არსებობდა. როგორი რთული გასაგებიც არ უნდა იყოს ის, რომ ღმერთი მარადიულია, ჩვენ მაინც არ უნდა უარვყოთ ეს ცნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ ვწვდებით მის მნიშვნელობას.

გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ბოლომდე ჩავწვდებით ღვთის ყველა გზას? პავლე მოციქულმა განაცხადა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33). ჩვენს გონებას არ შეუძლია, სრულად ჩასწვდეს ღვთის სიბრძნეს და ცოდნას, ისევე როგორც პატარა ბავშვისთვისაა რთული, ბოლომდე გაუგოს მშობელს. ღვთის შთაგონებით დაწერილი პავლეს ეს სიტყვები, ძირითადად, ღვთის სიბრძნისა და გულმოწყალების შეუდარებლობას აღწერს. თუმცა ეს სიტყვები იმაზეც მიუთითებს, რომ ღვთის პიროვნებისა და მისი საქმეების ზოგიერთი მხარე ჩვენი გონებისთვის ჩაუწვდომელია. მათ შორის არის ის საკითხიც, რომ ღმერთს არ ჰქონია საწყისი. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს იმის, რასაც ბიბლია გვასწავლის ღმერთზე. იესო ქრისტემ წმინდა წერილების შესახებ თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).

მოსემ ლოცვაში უთხრა იეჰოვას: „ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები“ (ფსალმუნი 90:2, The Holy Bible, New Century Version). ამ ლოცვაში მოსე საუბრობს ღვთის წარსულსა და მომავალზე. იეჰოვას მომავალს რაც შეეხება, ის „მარადიულად ცოცხლობს“ (გამოცხადება 4:10). აქედან გამომდინარე, ღვთის არსებობა უსასრულოდ გრძელდება. ხოლო, რაც შეეხება მის წარსულს, ის არასდროს შექმნილა და მას არ ჰქონია დასაბამი. მისი წარსულიც უსასრულოა.

ბევრი ჩვენგანისთვის რთული აღსაქმელია აბსტრაქტული ცნებები. მაგრამ მაინც ვაღიარებთ ზოგ რთულად გასაგებ ცნებას, მაგალითად, პლიუს უსასრულობასა და მინუს უსასრულობას. ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვთვალოთ რიცხვები როგორც ნულს ზევით, ისე ნულს ქვევით. ამ მაგალითის გამოყენება შეგვიძლია შემოქმედის არსებობაზე საუბრისასაც.

ნამდვილად მართებულია, რომ მხოლოდ ღმერთს ეწოდება „მარადიულობის მეფე“ (1 ტიმოთე 1:17). დაფიქრდით: იესო ქრისტე, უთვალავი ანგელოზი და ყველა ადამიანი შექმნილნი არიან, ასე რომ, მათ აქვთ საწყისი (კოლოსელები 1:15, 16). ღვთის შემთხვევაში ასე არ არის. იმის მტკიცებით, რომ ღმერთიც შექმნილია, ვებმებით აზრს მოკლებულ და დაუსრულებელ მსჯელობაში, თუ ვინ შექმნა შემოქმედი. მხოლოდ იეჰოვა არსებობს „უსასრულობიდან უსასრულობამდე“ (ფსალმუნი 90:2, სქოლიო; იუდა 25).

აღსანიშნავია, რომ ღვთის მარადიულობის ცნება მხოლოდ მშრალი ფაქტი არ არის. მოსეს ლოცვის განხილვიდან ერთ რამესაც ვხედავთ: ღვთის უსასრულობა იმის გარანტიაა, რომ, მისი სიყვარულით აღსავსე დანაპირების თანახმად, ჩვენ შევძლებთ მარადიულად ვიცოცხლოთ. ჩვენი ცხოვრება წამიერია. ჩვენგან განსხვავებით ღმერთი აღწერილია, როგორც „თავშესაფარი თაობიდან თაობაში“. როგორც მოსიყვარულე მამა, იეჰოვა იყო, არის და ყოველთვის იქნება თავისი ხალხის გვერდით. შეგვიძლია გავიხაროთ ამ დიდებული ჭეშმარიტებით! (ფსალმუნი 90:1).