არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვერიოთ დარდს?

როგორ მოვერიოთ დარდს?

 მეტისმეტმა წუხილმა შეიძლება თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე საზიანოდ იმოქმედოს. დარდმა შეიძლება იმ პრობლემაზე გაცილებით რთული პრობლემები შეგიქმნათ, რომლის გამოც წუხხართ.

რჩევები, რომლებიც დარდს შეგიმსუბუქებთ

  •  შეამცირეთ უარყოფითი ინფორმაციის მიღება. საჭირო არ არის ყველა დეტალის ცოდნა. თუ ახალ ამბებში ძალიან ბევრ ტრაგიკულ ინფორმაციას ისმენთ, ეს უფრო მეტად დაგძაბავთ და მოგიმატებთ სადარდებელს.

     ბიბლიური პრინციპი: „მწუხარე სული ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).

     „ადვილია, ახალ ამბებზე გახდე დამოკიდებული და გამუდმებით ამოწმო ინტერნეტში, რა მოხდა ახალი და შოკის მომგვრელი. მაგრამ ეს არაჯანსაღი ჩვევაა. დარდი მნიშვნელოვნად მიმცირდება, როცა წინასწარ ვსაზღვრავ, რა რაოდენობის ინფორმაცია მივიღო და რა სიხშირით“ (ჯონი).

     დაფიქრდით: რეალურად რამდენად ხშირად საჭიროებთ ახალ-ახალი ინფორმაციის მიღებას?

  •  მიჰყევით განრიგს: ეცადეთ, კონკრეტული დრო გქონდეთ დადგენილი ყველაფრისთვის, იქნება ეს გაღვიძება, ჭამა, სახლის საქმეები თუ დაძინება. განრიგის მიყოლა განგივითარებთ იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრება ჩვეულ ტემპში მიდის. ეს კი შეგიმცირებთ წუხილის განცდას.

     ბიბლიური პრინციპი: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება“ (იგავები 21:5).

     „კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ მთლიანად ამოვვარდი გრაფიკიდან და სულ გართობაზე გადავერთე. მოგვიანებით კი გადავწყვიტე, დრო უფრო გონივრულად გამომეყენებინა. შევადგინე განრიგი, რომ ყოველდღიურად დავკავებულიყავი სასარგებლო საქმეებით“ (ჯოზეფი).

     დაფიქრდით: გაქვთ შედგენილი გრაფიკი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ყოველი დღის ბოლოს კმაყოფილების განცდა გქონდეთ?

  •  ყურადღება დადებითზე გადაიტანეთ. იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გაგეკეთებინათ უკეთ ან გამუდმებით იმის წარმოდგენა, თუ რამდენად ცუდად შეიძლება განვითარდეს სიტუაცია, კიდევ უფრო მოგიმატებთ დარდს. ამის ნაცვლად, გაიხსენე ორი-სამი რამ, რის გამოც შეიძლება იყოთ მადლიერი.

     ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

     „ბიბლიის კითხვა მეხმარება, გონება უარყოფითის ნაცვლად დადებითი ინფორმაციით ავივსო. შეიძლება ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ საქმეს მართლა შველის“ (ლიზა).

     დაფიქრდით: ჩვევაში ხომ არ გადაგივიდათ მუდმივად უარყოფითზე ფიქრი, რის გამოც მხედველობიდან გრჩებათ ის კარგი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება?

  •  იფიქრეთ სხვებზე. ნაცვლად იმისა, რომ განმარტოვდეთ, რისი სურვილიც ბუნებრივად გიჩნდებათ წუხილის დროს, იმაზე იფიქრეთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს.

     ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

     „სხვებისთვის სიკეთის კეთება ძალიან მაბედნიერებს. როცა მათ რაღაცით ვახარებ, ეს მეც კარგ განწყობას მიქმნის და დარდს მიმსუბუქებს“ (მარია).

     დაფიქრდით: თქვენს სანაცნობოში ვის შეიძლება ესაჭიროებოდეს დახმარება და პირადად თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ მათთვის?

  •  იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. საკმარისი დრო გამოყავით ვარჯიშისა და დასვენებისთვის. მიირთვით ჯანსაღი საკვები. ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმედიანად განგაწყობთ ხვალინდელი დღის მიმართ და შეგიმცირებთ წუხილს.

     ბიბლიური პრინციპი: „ფიზიკური წვრთნა ... სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8).

     „მე და ჩემი ვაჟი ახლა გარეთ იმდენ დროს ვეღარ ვატარებთ, როგორც ადრე, მაგრამ სახლში ყოველდღიურად ვვარჯიშობთ. ეს უკეთ განწყობას გვიქმნის ორივეს და იმაშიც გვეხმარება, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს“ (ქეთრინი).

     დაფიქრდით: ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ხომ არ გჭირდებათ კვების რაციონის შეცვლა და ვარჯიშისთვის უფრო მეტი დროის გამოყოფა?

 საწუხარის შესამცირებლად ზემოაღნიშნული რჩევების გათვალისწინების გარდა, ბევრზე დადებითად იმოქმედა იმის გაგებამ, თუ რა ბედნიერ მომავალს გვპირდება ღმერთი. იხილეთ სტატია „რას გააკეთებს ღვთის სამეფო?“.